შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
პელაგია ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიაპელაგია (პეშო) ნაცვლიშვილი (ნაცვალოვი) დაიბადა 1853 წელს, თბილისში. იგი იყო პირველი ქართველი ექიმი ქალი და ქართველ ქალთაგან ერთ-ერთი პირველი, ვინც ფეფო ელიოზიშვილთან, კეკე მელიქიშვილთან და მარიამ წერეთელთან ერთად, სასწავლებლად შვეიცარიაში გაემგზავრა. ეს გახლდათ ნიკო ნიკოლაძის მცდელობის შედეგი, რომლის ძალისხმევითაც თბილისისა და ქუთაისის ქალთა სასწავლებლების საუკეთესო მოსწავლეები განათლების მისაღებად ევროპაში გაიგზავნა. ეთნიკური რუსების გარდა ციურიხში რუსეთის იმპერიიდან ჩასული ბევრი არარუსიც სწავლობდა, მათ შორის ქართველებიც, რომელთა სამშობლო, გასაგები მიზეზების გამო, კატალოგებში ასეა მითითებული - თბილისი, რუსეთი (Tiflis, Russland) ან ქუთაისი რუსეთი (Kutais, Russland). ქალი სტუდენტები თბილისიდან სიაში 1872 წელს ჩნდებიან, როდესაც მედიცინის შესწავლას იწყებენ პელაგია ნაცვლიშვილ (Nazwaloff, Pelagie) და ბარბარა ნადეჟდინა (Nadejdin, Barbara). ციურიხის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე პელაგია 1871-1878 წლებში სწავლობდა. ამავე დროს, იგი აქტიურად იყო ჩართული ქართველ სტუდენტთა საზოგადოება „უღელის“ საქმიანობაში, რომლის ხაზინადარიც იყო მთელი სტუდენტობის პერიოდში. ციურიხში მყოფი რუსი რევოლუციონერი და ქიმიის პროფესორი ნ. მოროზოვი თავის მოგონებაში, სადაც სხვა ქალებთან ერთად პელაგია ნაცვლიშვილსაც ახსენებს, მას „ვარსკვლავთვალება გოგონას“ უწოდებს. 1872 წლის გაზეთი „დროება (N48) იუწყებოდა: „ციურიხიდამ გვწერენ, რომ თითქმის ყველა ჩვენებური ახალგაზრდა კაცები და ახალგაზრდა ქალები, რომელნიც შარშან და წელს წავიდნენ შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში შესულან წელს ოქტომბერში ლექციებს სმენულობენ. მომეტებულ წილ ქალებთაგანს ჯერ არ გადაუწყვეტია თურმე- რომელი მეცნიერების შესწავლას უნდა დაადგნენ; ჯერ-ჯერობით ყველა ბუნებითი საგნების ლექციებზე დაიარებიანო. მხოლოდ ერთი ნაცვალოვის ქალი ამთავითვე მედიცინის (ექიმობის) სწავლას შესდგომია“. 1875 წლის ზაფხულის სემესტრიდან პელაგია ციურიხში უკვე ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტთა შორისაა, სადაც წყვეტით ორ სემესტრს სწავლობდა. პელაგია ნაცვლიშვილმა, რომელიც ევროპაში სასწავლებლად დედასთან და მცირეწლოვან ძმებთან ერთად იყო ჩასული, უსახსრობის გამო, სამშობლოში დაბრუნება ვერ შეძლო და ციურიხში ექიმად დაიწყო მუშაობა. ის იყო ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. მძიმე სენით – ტუბერკულოზით დაავადების გამო, პელაგია ნაცვლიშვილი 1878 წლის 31 მაისს გარდაიცვალა, ციურიხში. დაკრძალულია იქვე ადგილობრივ სასაფლაოზე. 1878 წლის გაზეთ "დროებაში" N138 (12 ივლისი), გამოქვეყნებულია პელაგია ნაცვლიშვილის ნეკროლოგი. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/პელაგია_ნაცვლიშვილი ო. ნ. (ოლიმპიადა ნიკოლაძე). პელაგია ნაცვალოვი: (ნეკროლოგი) // დროება: ყოველდღიური გაზეთი. - ტფილისი, 1878. - 12 ივლისი. - N138. - გვ.1-2
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |