The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თამარ ანდრონიკაშვილი

თამარ ანდრონიკაშვილი
დაბადების თარიღი:1899
გარდაცვ. თარიღი:1987  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

პირველი ქართველი კინოვარსკვლავის ნატო ვაჩნაძის უფროსი და, თამარ ანდრონიკაშვილი დაიბადა 1899 წელს, თბილისში. მამამისი, თავადი გიორგი ალექსანდრეს ძე ანდრონიკაშვილი (1875-1911) რუსეთის იმპერიის არმიაში მსახურობდა, ვლადიკავკაზის თერგის ოლქის უფროსი იყო და საბრძოლო ოპერაციის დროს დაიღუპა. დედა, ეკატერინე სემიონის ასული სლივიცკაია (1877-1947), წარმოშობით პოლონელი გახლდათ, მაგრამ თბილისში დაიბადა და გაიზარდა. მისი დიდი ბებია, საოპერო მომღერალი, ვოზოლი, იტალიიდან მოუწვევიათ ახალდაარსებულ თბილისის ოპერის თეატრში სამუშაოდ. შემდეგ კი გათხოვდა და სამუდამოდ საქართველოში დარჩა.

                                                                                                                                                                  გიორგის და ეკატერინეს ოთხი შვილი ჰყავდათ: თამარი, ნატო (1904-1953), ალექსანდრე (1907-1993) და კირა (1909-1960).

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ დედამ შვილები წაიყვანა კახეთში, სადაც მამული განადგურებული დახვდა. მიტოვებული სახლი და ვენახი ქმრის ვალების დაფარვას დასჭირდა. ოჯახი ბიძამ შეიფარა სოფელ ფხოველში.

ეკატერინემ მალე ააშენა გურჯაანში ოთხოთახიანი პატარა სახლი და საცხოვრებლად იქ გადავიდნენ.

თამარი და ნატო სწავლობდნენ თბილისის ქალთა პირველ გიმნაზიაში. უმცროსი და-ძმა კი გურჯაანის პირველ დაწყებით სკოლაში.

თამარ ანდრონიკაშვილი 17 წლის იყო, როცა დედამ სამკურნალოდ საფრანგეთში წაიყვანა, რადგან ხერხემლის პრობლემები ჰქონდა. ექიმის რეკომენდაციით, იგი აუცილებლად უნდა დარჩენილიყო საფრანგეთში, რათა შედეგისთვის მიეღწიათ.

ახლობლებმა გოგონა სანატორიუმში იმ იმედით დატოვეს, რომ მალე წამოიყვანდნენ, მაგრამ ამ დროს რევოლუციამ იფეთქა და თამარი საქართველოში ვეღარ დაბრუნდა. თამარ ანდრონიკაშვილი საფრანგეთში დარჩა და იქ გათხოვდა, სამწუხაროდ მალე დაქვრივდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ კი ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად.  

ცხოვრობდა ტოლსტოის სახელობის ემიგრანტების სახლში, სადაც თავისი ოთახი ჰქონდა და როიალიც ედგა. მისი ძმის შვილი მსახიობი კირა ანდრონიკაშვილი იგონებს, რომ იმ პერიოდში მამიდას საქართველოში ჩამოყვანა შეუძლებელი იყო, მაგრამ წერილობითი კონტაქტის დამყარება შეძლეს : „... მე წერილები მივწერე და რამდენიმეზე მიპასუხა, მწერდა, როიალზე ხშირად ვუკრავო“.

თამარ ანდრონიკაშვილმა სიცოცხლე დაასრულა 1987 წელს, მაიამიში, მოხუცთა თავშესაფარში. 

წყარო: 

https://ka.rodovid.org/wk/თამარ გიორგის ასული ანდრონიკაშვილი

ანდრონიკაშვილი კირა. უცნობი თამარი: ინტერვიუ / კირა ანდრონიკაშვილი /ესაუბრა მანანა გაბრიჭიძე //კვირის პალიტრა .- თბილისი, 2022.-26 სექტემბერი-2 ოქტომბერი .- N 39 (1470) .- გვ.22


გააზიარე: