Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვერონიკა ჩხეიძე![]()
Biographyვერონიკა (ლალა, ლიალია) ჩხეიძე დაიბადა 1909 წლის 19 მაისს, პეტროგრადში, პოლიტიკოსის, ნიკოლოზ (კარლო) ჩხეიძისა და ალექსანდრა ტაგანოვას ოჯახში. ვერონიკას მამის პირველი ქორწინებიდან ჰყავდა უფროსი დები - ნატა და ლიდუსი ჩხეიძეები და ძმა - სტანისლავ (სტასიკ) ჩხეიძე. ვერონიკამ ბავშვობა გაატარა პეტროგრადში, ტფილისსა და ფუთში. სტანისლავი ბავშვობაშივე დაიღუპა, თამაშისას რევოლვერით მოიკლა თავი (1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ). პოლიტიკური პასუხისმგებლობების და გადატვირთულობის გამო (პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარე), კარლო ჩხეიძე დიდ დროს ვერ უთმობდა ოჯახს, რევოლუციას მოყოლილი კრიზისების გამო კი პეტროგრადში ცხოვრება უფრო და უფრო რთულდებოდა. ნოემბერში, ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ოჯახმა დატოვა დედაქალაქი და თბილისს მიაშურა. საქართველოში იმყოფებოდნენ 1919 წლის იანვრამდე, ხოლო შემდეგ, კარლო ჩხეიძე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის ხელმძღვანელის რანგით, გაემგზავრა პარიზის საზავო კონფერენციაზე. ალექსანდრა და ვერონიკა მას გაჰყვნენ. გარკვეული ხნის შემდეგ დედა-შვილი საქართველოში დაბრუნდა. 1921 წლის თებერვალ-მარტში, საქართველოს საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების გამო ოჯახი კვლავ საფრანგეთში, ემიგრაციაში გაემგზავრა. 1922 წლის ზაფხულიდან დასახლდნენ ემიგრანტული მთავრობის მიერ შეძენილ ლევილის მამულში. ვერონიკამ სწავლა დაიწყო კერძო პანსიონში. კარლო ჩხეიძემ უსახსრობასა და უიმედობას ვერ გაუძლო და 1926 წლის 7 ივნისს სცადა თვითმკვლელობა, სამზარეულოს დანით გამოიჭრა ყელი. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. მეზობლებმა, მეუღლემ და ნოე რამიშვილმა შეძლეს მისი გადარჩენა და გადაიყვანეს პარიზის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ჩაუტარდა ოპერაცია, მაგრამ სისხლჩაქცევის გამო განუვითარდა ფილტვების ანთება და 11 ივნისს გარდაიცვალა. მაშინ ლევილში ქართველთა სასაფლაო ჯერ კიდევ არ არსებობდა, ამიტომ დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. კარლოს გარდაცვალების შემდეგ დედა-შვილი გაჭირვებას განიცდიდა. მათ იოსებ ელიგულაშვილის ოჯახი უწევდა მუდმივ დახმარებას. ვერონიკამ სწავლა განაგრძო საბუღალტრო პროფესიის ათვისებისათვის. შემდგომ წლებში მსახურობდა სხვადასხვა სავაჭრო კომპანიებში. ვერონიკა ჩხეიძე 1930 წელს დაქორწინდა ანატოლ დე გრასსმანზე (1901-1962), რუსეთის იმპერიის არმიის ყოფილი ოფიცერზე, რომელიც თავდაპირველად ტაქსის მძღოლად მუშაობდა, ხოლო შემდეგ წლებში კი ანდრე სიტროენის პირადი და სიტროენის კომპანიის მძღოლი იყო. შვილები არ ჰყოლიათ. 1940-იანი წლებიდან ვერონიკა კვლავ დაუახლოვდა ქართული ემიგრაციის წრეებს. ალექსანდრა ტაგანოვა 1943 წელს გარდაიცვალა და კარლო ჩხეიძის გვერდით, პერლაშეზის სასაფლაოზეა დაკრძალული. ვერონიკას უფროსი დების ბედი უცნობია. ვერონიკა ჩხეიძე ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში, პარიზში, 1986 წლის 2 ივლისს. ანატოლი გრასმანის და ვერონიკა ჩხეიძე-გრასმანის საფლავი მდებარეობს ლევილში, ქართველთა სასაფლაოზე. წყარო: https://archive.ge/ka/biography/282/photos ლ.ფ.(ლევან ფაღავა). ლიალია ჩხეიძე - ბარონ ანატოლ ფონ გრასმანისა: 1909-1986: ლიალია ცხიძის გარდაცვალების შესახებ // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთელ ბიუროსი. პარიზი, 1986. აგვისტო. N 109. გვ. 83.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |