შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ეკატერინე ჩერქეზიშვილი![]()
ბიოგრაფიაინგლისური ქართველოლოგიის განვითარების ერთ-ერთი მონაწილე ეკატერინე ესტატეს ასული ჩერქეზიშვილი (ეკა ჩერქეზი) დაიბადა 1898 წელს, ქ. თბილისში. მამამისი სამხედრო პირი იყო, ხოლო დედა წლების განმავლობაში თბილისის წმინდა ნინოს სასწავლებლის გამგედ მუშაობდა. ეკამ დაამთავრა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, სადაც შეისწავლა ფრანგული და გერმანული ენები, შემდეგ ცნობილი ჟურნალისტის ვარლამ ჩერქეზიშვილის მეუღლის - ფრიდა ჩერქეზიშვილის დახმარებით დაეუფლა ინგლისურ ენასაც. კარგად ფლობდა რუსულსაც. 1919 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, ძირითადად უცხოური ლიტერატურის დამუშავებაზე. 1922 წელს გაემგზავრა ინგლისში საბიბლიოთეკო საქმის შესასწავლად. ლონდონში ცხოვრობდა ვარლამ და ფრიდა ჩერქეზიშვილებთან. ვარლამ ჩერქეზიშვილი ("ვაზიანი"), იყო მ. და ო. უორდროპების ქართული ენის მასწავლებელი. მისი წარდგინებით, 1923 წელს, ო. უორდროპმა ოქსფორდის ბოდლის ბიბლიოთეკაში დაცული უორდროპთა წიგნებისა და ხელნაწერების კოლექციის აღწერა და კატალოგის შედგენა ეკა ჩერქეზიშვილს მიანდო. ეკამ ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ საქმეს. მის მიერ შედგენილი, მანქანაზე გადაბეჭდილი 550-გვერდიანი კატალოგის ორი ტომი უორდროპთა ვრცელი ფონდის ერთ-ერთი გზამკვლევი იყო 1973 წლამდე, დევიდ ბარეტის კატალოგის გამოქვეყნებამდე, ხოლო ზოგიერთი პირველხარისხოვანი ცნობის გამო იგი დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ეკატერინე ჩერქეზიშვილმა თავისი საქმიანობით დიდი სამსახური გაუწია ინგლისურ ქართველოლოგიას. მან ქართული გამოცემებით შეავსო უორდროპთა ფონდი, რაც კარგად ჩანს ს. იორდანიშვილისთვის 1925-1931 წლებში მიწერილი მისი წერილებიდან (დაცულია ს. იორდანიშვილის არქივში). სოლომონ იორდანიშვილი ეკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან იცნობდა, როცა ის ჯერ კიდევ ლიტერატურის ფაკულტეტის ლინგვისტური განყოფილების სტუდენტი იყო. მისი მისამართით გაგზავნილი წერილები ნათელს ჰფენს ეკა აფხაზის მოღვაწეობას საქართველოსა და ქართული საქმის საკეთილდღეოდ. თბილისიდან მიღებულ კატალოგებს, ბიულეტენებს ეკატერინე ჩერქეზიშვილი აცნობდა ო. უორდროპს და შესაძენი წიგნების სიას გზავნიდნენ თბილისში. ის ქართველ მეცნიერებს სთხოვდა, გაეგზავნათ თავიანთი უახლესი გამოკვლევები და ნაშრომები, რომელთა გადათარგმნასა და გამოქვეყნებას რომელიმე სამეცნიერო ჟურნალში თვითონ უზრუნველყოფდა. ინგლისიდან საქართველოს ბანკში გაიხსნა კრედიტი. 1928 წელს ე. ჩერქეზიშვილმა დაიწყო ქართულ-ინგლისური ლექსიკონის შედგენა, რომელიც ეყრდნობოდა ძველი და ახალი აღთქმის ქართულ და ინგლისურ ტექსტებს, "ვეფხისტყაოსნის" მ. უორდროპისეულ თარგმანს, დ. ჩუბინაშვილის რუსულ-ქართულ ლექსიკონს (1886). საცნობაროდ გამოყენებული ყოფილა მ. ბროსესა და ნ. მარის შრომები. ავტორს უსარგებლია ი. ჯავახიშვილის ისტორიული ხასიათის ნაშრომებითა და თბილისის უნივერსიტეტის სხვა მეცნიერთა გამოკვლევებით. 1937 წელს ლექსიკონი განიხილეს ზ. ავალიშვილმა და რ. გაბაშვილმა, მისი საბოლოო რედაქცია კი ო. უორდროპს ეკუთვნის. ლექსიკონის შედგენა ეკა ჩერქეზიშვილმა 1939 წელს დაასრულა, მაგრამ მის გამოცემას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა. ლექსიკონი მხოლოდ 1950 წელს დაიბეჭდა, მაშინ როცა მისი ავტორი ცოცხალი აღარ იყო. ლექსიკონი ეძღვნება ოლივერ უორდროპის ხსოვნას და გამოცემულია ოქსფორდის უნივერსიტეტის მარჯორი უორდროპის სახელობის ფულადი ფონდის ხელშეწყობით. ეკატერინე ჩერქეზიშვილის ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა 1946 წელს - გემი, რომლითაც იგი საბერძნეთში მიემგზავრებოდა, ჩაიძირა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.553 იორდანიშვილი ლალი. ინგლისში მოღვაწე ქართველოლოგი ეკატერინე ჩერქეზიშვილი // ჟურნალი: ბურჯი ეროვნებისა- თბილისი, 1999. - N7-8. - გვ.6-8; გაგრძეკლება: 1999. – N9. - გვ.9-12
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |