The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ივანე კვინიტაძე

ივანე კვინიტაძე
Date of birth:1 February, 1825
Date of death:14 January, 1897  (at 71 years)
Burial location:კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანი, თბილისი
Category:Military Person

Biography

რუსეთის არმიის პოლკოვნიკი ივანე კვინიტაძე დაიბადა 1825 წლის 14 იანვარს თბილისის გუბერნიაში, აზნაურის ოჯახში. მისი გვარი ჩიქოვანი ყოფილა და არა კვინიტაძე. მამამისი, სიმონ ჩიქოვანი სოლომონ მეფეს გაჰყოლია ემიგრაციაში რუსეთის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, შვილი კი  აღსაზრდელად საქართველოში, თავადი ციციშვილების ოჯახში დაუტოვებია.

13 წლის ასაკში ივანემ ახალი გვარი - კვინიტაძე მიიღო და რუსეთის სამხედრო სამსახურში ჩადგა. მერე 40 წელი დაღესტანში მსახურობდა. ბავშვობიდანვე გაითქვა სახელი როგორც მამაცმა მეომარმა.

1839 წელს ჩაირიცხა  დაღესტნის მილიციაში. თავი გამოიჩინა შამილის ციხე-სიმაგრის, ახულგოს იერიშში და მიიღო ვერცხლის მედალი საბრძოლო ჯილდოდ.   

თავისი სამხედრო კარიერის მანძილზე მონაწილეობდა 18 ლაშქრობაში, იბრძოდა კავკასიის მთებში, შუა აზიაში, თურქებთან, იყო დაჭრილი.

მონაწილეობა აქვს მიღებული ღუნიბის აღებაში (1859).

ჰქონდა წარმატებული სამხედრო კარიერა: რუსეთის არმიის მაიორი (1864), პოდპოლკოვნიკი (1869), პოლკოვნიკი (1877).

1873 წელს მონაწილეობდა ხივის (ქალაქი უზბეკეთში, ხორეზმის ოლქში) ლაშქრობაში.

იყო ხივის ექსპედიციის გმირი.

ოსმალეთთან 1877-1878 წლების ომის დროს პოლკოვნიკის წოდებით მეთაურობდა დაღესტნის მე-2 არარეგულარულ ცხენოსანთა პოლკს.

ფლობდა რამდენიმე ენას, ხშირად ასრულებდა სადაზვერვო დავალებებს და მთიელებთან ითავსებდა თარჯიმნის ფუნქციას.

გამოირჩეოდა ტანადობით, დიდი ფიზიკური ძალითა და სიმამაცით. 

კავკასიაში მოგზაურობის დროს თან ახლდა ფრანგ მწერალ ალექსანდრე დიუმას (1858-1859).

1880 წლიდან აქტიურ სამხედრო მოღვაწეობას ჩამოშორდა. სიცოცხლის ბოლომდე ირიცხებოდა კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარებში.

მიღებული ჰქონდა მრავალი სამხედრო ჯილდო: წმინდა გიორგის მე-4 ხარისხის ორდენი (1873), ასევე, წმინდა ანას მე-3 და მე-4, წმინდა სტანისლავის მე-2 და მე-3, წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის ორდენები და სხვა საბრძოლო ჯილდოები.

დაქორწინებული იყო პელაგია სულაძეზე. ჰყავდა 4 შვილი: ბარბარე (დ.1864), ელენე (დ.1866), სოფიო (დ. 1871) და გიორგი (დ. 1874), შემდგომში გენერალი, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში.

ივანე კვინიტაძე 1881 წლიდან მუდმივად ცხოვრობდა თბილისში, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1897 წლის 14 იანვარს. დაკრძალეს კუკიის წმინდა ნინოს ეკლესიის გალავანში.

წყარო:

კვინიტაძე გიორგი, მოგონებები: საქართველოს დამოუკიდებლობის წლები, 1917-1921.  . 1. - თბილისი, 1998.

https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_კვინიტაძე

აზნ. ივანე სვიმონის ძე კვინიტაძე : [ნეკროლოგი] // გაზ.: ივერია. - 1897.-18 იანვარი. - N2. - გვ.1-2


Share: