The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


რომან ახობაძე

რომან ახობაძე
დაბადების თარიღი:15 ოქტომბერი, 1938  (86 წლის)
კატეგორია:მეზღვაური

ბიოგრაფია

XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ქართველი შორეული ნაოსნობის კაპიტანი რომან ახობაძე დაიბადა 1938 წლის 15 ოქტომბერს, ქალაქ ბათუმში.

მშობლიური ქალაქის საზღვაოსნო სასწავლებლის დამთავრების (1954-1957)  შემდეგ მან ოდესას მიაშურა და 1958 წელს მატროსად გამწესდა შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს ტანკერ «ЖДАНОВ»-ზე. ამ გემზე გაატარა რომან ახობაძემ მომდევნო წლები, აქ გაიარა მან ყველა საფეხური მატროსობიდან კაპიტნის უფროს თანაშემწეობამდე, 1967 წელს კი ამავე ტანკერის კაპიტანიც გახდა.

გამოცდილების მიღების შემდეგ, 1969 წელს ახალგაზრდა კაპიტანი სამშობლოში დაბრუნდა და მისი ცხოვრება და საქმიანობა მჭიდროდ დაუკავშირდა ახალშექმნილ საქართველოს საზღვაო სანაოსნოს.

1969 წელს დაინიშნა სანაოსნოს ტანკერ "ГОРИ"-ს კაპიტნად, ხოლო, 1972 წელს კი ჩაიბარა სანაოსნოს პირველი მშრალტვირთმზიდი გემი, ბალკერი - "НИКО НИКОЛАДЗЕ", რომელიც პოლონეთში აიგო და რომლის ეკიპაჟსაც ბატონი რომანი 1984 წლამდე მეთაურობდა.

ზღვაში საქმიანობის პარალელურად, 1980 წელს რომან ახობაძემ ქ. ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის საექსპლუატაციო ფაკულტეტიც დაამთავრა.

1984-1987 წლებში იგი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერ „НОДАР ДУМБАДЗЕ»-ს ეკიპაჟს მეთაურობდა.

1987 წელს გამოცდილი ზღვაოსანი დაინიშნა კადრებისა და სოციალურ საკითხებში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის მოადგილედ და საქმიანობა ნაპირზე განაგრძო.

1991 წელს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სათანადო განკარგულებით რომან ახობაძემ დაიკავა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს უფროსის ადგილი და ამ თანამდებობაზე 1993 წლის ივლისამდე მუშაობდა. 

1994-1996 წლებში რომან ახობაძე მოღვაწეობდა საბერძნეთში საქართველოს საზღვაო სანაოსნოს წარმომადგენლად და ერთობლივი სანაოსნო კომპანია "KAPPA-GESCO"-ს დირექტორად. 1996 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ იმის გამო რომ მშობლიურ სანაოსნოში კაპიტნად ვერ დასაქმდა, იძულებული გახდა სამუშაო უცხო ქვეყნებში მოეძებნა. 

1996-1998 წლებში კაპიტანი ახობაძე რუსულ სამგზავრო თბომავალ „ЕКАТЕРИНА II“-ს ეკიპაჟს მეთაურობდა, 1998-2005 წლებში კი ჯერ ბერძნული სანაოსნო კომპანია ”QUEENSWAY NAVIGATION”-ის გემების კაპიტანი, ხოლო 2005-2007 წლებში მათივე კრუინგული კომპანიის ”QUEENSWAY SERVICES” დირექტორი გახლდათ ქალაქ ბათუმში.

ქართველი ზღვაოსანი წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა არაერთი საზღვაო ხომალდის ეკიპაჟს და ამ დროის განმავლობაში მრავალმა ახალბედა შტურმანმა გაიარა მისი სკოლა, რომლებიც მოგვიანებით თავად გახდნენ კაპიტნები.

2007 წლიდან რომან ახობაძე რუსეთში მოღვაწეობს, სადაც ნოვოროსისკში მოქმედი კრუინგული კომპანია "MARINE UNITI" -ის დირექტორი და კომპანია "QUEENSWAY SERVICES" წარმომადგენელი გახლავთ. 

წყარო:

პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com

http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00011661/


გააზიარე: