The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მიხეილ გურასპიშვილი

მიხეილ გურასპიშვილი
დაბადების თარიღი:26 ოქტომბერი, 1979  (45 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

მიხეილ გურასპიშვილი დაიბადა 1979 წელს, ზესტაფონში. მშობლებს მედიცინასთან შეხება არ ჰქონდათ, მამა განათლებით ინჟინერი იყო, დედა - ქიმიკოსი. მიხეილს კი ბავშვობიდან ექიმობა ჰქონდა გადაწყვეტილი და მეათე კლასში უკვე დანამდვილებით იცოდა, რომ თუ ქირურგი გახდებოდა, აუცილებლად ნეიროქირურგი იქნებოდა.

ცხოვრობდნენ ქალაქ რუსთავში. მამა ლითონკონსტრუქციების ქარხანაში მუშაობდა, დედა - „აზოტის“ ქარხანაში. სკოლა მიხეილმა რუსთავში დაამთავრა და განათლების მისაღებად თბილისში ჩამოვიდა..

1996 წელს ჩააბარა თბილისის კატასტროფებისა და კრიტიკული მედიცინის ინსტიტუტში, სამკურნალო ფაკულტეტზე, რომელიც წითელ დიპლომზე დაასრულა (1996-2002).

2003 წლიდან ექიმად მუშაობს. ჯერ კიდევ მეოთხე კურსიდან გადიოდა პრაქტიკებს გოჩა ინგოროყვას სახელობის ნეიროქირურგიულ ცენტრში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე. ლიცენზიის აღების შემდეგ კი ბატონმა გოჩამ თავის განყოფილებაში დააწყებინა მუშაობა, უმცროს ექიმად (2003-2005). ამ პოზიციაზე წელიწადი და რვა თვე იმუშავა, რის შემდეგაც, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ქალაქ კიევის პოსტ-დიპლომური დახელოვნების ნაციონალურ აკადემიაში გაემგზავრა.

უკრაინაში სწავლის მთლიანი სასწავლო პროცესი და საბუთების შეგროვება, დაახლოებით, ხუთ წელს გაგრძელდა.

2005-2007 წწ.– ქ. კიევის ექიმთა პოსტ-დიპლომური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი. კლინიკური ორდინატურა.

პირველი ოპერაცია ორდინატურის პირველი კურსის დახურვის შემდეგ გააკეთა, ქალაქ კიევში.

ორდინატურის დამთავრების  შემდეგ გაიარა ექვსთვიანი პრაქტიკული კურსი  ხერხემლის ქირურგიაში.

2008 წ.– ქ. კიევის ექიმთა პოსტ-დიპლომური დახელოვნების ნაციონალური ინსტიტუტი. სტაჟირება სპინალურ ნეიროქირურგიაში.

იმისთვის, რომ ადგილზე დასაქმების უფლება მოეპოვებინა, დამატებით გაიარა 6-თვიანი სპეციალიზაცია ნეიროქირურგიის სპეციალობით (2009).

სწავლის პარალელურად მიხეილ გურასპიშვილი დაოჯახდა. კიევში გაიცნო  იქაური გოგონა, პროფესიით ოფთალმოლოგი, რომელიც იმ პერიოდში ინტერნატურის პროგრამას გადიოდა.

მას შემდეგ, რაც  ოფიციალურად მუშაობის უფლება მოიპოვა მუშაობა დაიწყო ქალაქ კიევის სასწრაფო სამედიცინო დახმარების კლინიკის, ხერხემლისა და ზურგის ტვინის ქირურგიის განყოფილებაში, სადაც დაახლოებით, შვიდი წელი იმუშავა.

2011-2017 წწ. –გადაუდებელი სამსახურის ნეიროქირურგი.

უკრაინაში ცხოვრების დროს სრულყოფილად ისწავლა უკრაინული ენა. გარდა ქართულისა, ასევე სრულყოფილად ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

საქართველოში 2017 წელს დაბრუნდა და სამუშაოდ მშობლიურ ქალაქს მიაშურა.

2017-2018 წწ. – კლინიკა “რუსთავი” ექიმი-ნეიროქირურგი.

2018 წ. – მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრი, გადაუდებელი სამსახურის ნეიროქირურგი.

2021 წლიდან – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა.

დღემდე თანამშრომლობს მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრთან და ქალაქ რუსთავის რამდენიმე სადიაგნოსტიკო ცენტრთან.

მიხეილ გურასპიშვილის სამედიცინო საქმიანობის სფეროა - ნეიროქირურგია, ენდოვასკულური ქირურგია.

წყარო:

https://old.tbiliselebi.ge/index.php?newsid=268456366

https://vipmed.ge/mikheil-guraspishvili/

გურასპიშვილი მიხეილ. რატომ გადაწყვიტა მიხეილ გურასპიშვილმა ექიმობა და რა არის წარმატებული ნეიროქირურგიის მთავარი გამოწვევა: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი გიორგაძე // სარკე. თბილისი, 2021. 9-15 ივნისი. N23 (1291). გვ. 17

გურასპიშვილი მიხეილ. წარმატებული ნეიროქირურგი მიხეილ გურასპიშვილი - თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სამსახურში: ინტერვიუ / ესაუბრა მაკა ჯიქია // თბილისელები. თბილისი, 2019. 8-14 ივლისი.N28 (967). გვ.13


გააზიარე: