The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იური ფაღავა

იური ფაღავა
სხვა სახელი:გიორგი
დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:1950  (72 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:დიპლომატი, იურისტი

ბიოგრაფია

იური (გიორგი) ფაღავა დაიბადა 1878 წელს. მისი მშობლები წარმატებული ადამიანები იყვნენ. მამამისი –  მელქისედეკ (მექი) ფაღავა, ნაფიცი მსაჯული, სოფელ ბანძის მემამულე,  ქუთაისის საადგილმამულო ბანკის ხელმძღვანელი იყო. დედა -  სილამაზით განთქმული დარია (დესპინე) ფაღავა (1859-1899) გახლდათ მხატვარ მიხაი ზიჩის ერთ-ერთი მუზა, რომელიც მან 1882 წელს, "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" ცო­ცხა­ლი სუ­რა­თე­ბის დად­გმა­ში მი­იწ­ვია და თა­მა­რისა და თი­ნა­თი­ნის ილუსტრაციების პრო­ტო­ტი­პად გა­მო­ი­ყე­ნა.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ცოლ-ქმრის კულტურულ-საქველმოქმედო საქმიანობა. დარია ფაღავა იყო ქუთაისის დრამატული საზოგადოების თავმჯდომარე, მეგობრობდა ქართველ მწერლებთან, მან გახსნა წიგნსაცავი და სამკითხველო სოფელ ბანძაში და, ასევე, თავისივე ხარჯით ბევრ ახალგაზრდას გაუკაფა განათლებისკენ მიმავალი გზა.

მექი ფაღავა იყო მეცენატი, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი. მას ახლო მე­გობ­რო­ბა და სა­ბან­კო საქ­მე­ე­ბის გამო ხან­გრძლი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა აკავშირებდა ილია ჭავჭავაძესთან. მისი ბი­ოგ­რა­ფი­ის გამორჩეული ფაქტია ილი­ას მი­პა­ტი­ჟე­ბა ბან­ძა­ში 1885 წელს, როცა დიდი პო­ე­ტი, როგორც ქარ­თველ­თა შო­რის წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მჯდო­მა­რე, სა­მეგ­რე­ლოს ეს­ტუმ­რა ნიკო და­დი­ა­ნის (მინ­გრელსკის) საგ­ვა­რე­უ­ლო ბიბ­ლი­ო­თე­კის გად­მო­სა­ბა­რებ­ლად. სწორედ მექი ფა­ღა­ვას ოჯახ­ში წარმოთქვა ილი­ამ

ის­ტო­რი­უ­ლი ფრა­ზა: "სა­მეგ­რე­ლო­ში ვარ და სა­ქარ­თვე­ლოს ვხე­და­ვო".

მექი და დარია ფაღავებს ხუთი შვილი ჰყავდათ. მათგან უფროსი გახლდათ იური ფაღავა,1918 წლის საქართველოს პირველი კონსტიტუციის ერთ-ერთი თანაავტორი და დემოკრატიული საქართველოს დიპლომატი ირანში. 

იური ფაღავას იურიდიული ფაკულტეტი გერმანიაში ჰქონდა დამთავრებული. საზღვარგარეთ მიიღო პედაგოგიური განათლება მისმა მეუღლემაც. ქუთაისის პირველი გიმნაზიის დირექტორი-ალექსანდრა (შურა) ნანეიშვილი (1879-1946) ფილოლოგიის დოქტორი იყო.

1920-1921 წლებში იური ფაღავა დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა ირანში. ოკუპაციის შემდეგ ერთხანს სტამბოლში ცხოვრობდა,­ 1922 წელს კი ოჯახთან ერთად გერმანიაში წავიდა.

1923 წელს ფაღავები გერმანიიდან საფრანგეთში გადავიდნენ და პარიზის გარეუბანში, მონჟურში დასახლდნენ. თავიდან ეგონათ, რომ დროებით, მაგრამ ეს ვიზიტი ხანმოკლე არ აღმოჩნდა. ოჯახი ემიგრაციაში სამუდამოდ დარჩა.

იური ფაღავასა და შურა ნანეიშვილის ქალიშვილი, მომავალი მხატვარი ვერა ფაღავა (1907-1988) 12 წლის იყო, როდესაც ოჯახი საქართველოდან წავიდა.მას სამშობლო აღარ უნახავს. საქართველომდე მხოლოდ მისმა ნამუშევრებმა ჩამოაღწიეს, რომლებიც 2012 წლის ოქტომბერში თბილისის ეროვნულ გალერეაში გამოიფინა. გამოფენის დახურვის შემდეგ კი ვერა ფაღავას ასოციაციამ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ემიგრანტი აბსტრაქციონისტის სამი ნამუშევარი გადასცა საჩუქრად - „უცნობი“ (1967 წ.), „პატარა საქართველო“ (1979 წ.), და სამი გრაფიკული ჩანახატი (1977-1979 წწ.), რომლებიც ერთ ჩარჩოშია ჩასმული "ღვინის წიგნი, ფასარგადი, მეტაფიზიკური პოემები".

იური ფაღავა 1950 წელს გარდაიცვალა. განისვენებს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე ცოლ-შვილთან ერთად.

წყარო:

საინფორმაციო პორტალი "ქართული კვირა": kartuli.kvira.ge;

სამგლოვიარო: ცნობები გარდაცვალების შესახებ: იური ფაღავა // ბედი ქართლისა=Le destin de la Georgie. პარიზი, 1950. ნოემბერი. N8. გვ. 32

https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=451267260034712&id=109740437520731&locale=ka_GE


გააზიარე: