Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალექსანდრე მანველიშვილი![]()
Biographyმანველიშვილები თავად-აზნაურთა საგვარეულოს წარმომადგენლები არიან. თავიდან სახლობდნენ გურიის სამთავროში. შემდეგში მათ საქართველოს სხვა კუთხეებშიც ვხვდებით, ძირითადად, სოფელ ვალეში. ამ საგვარეულოს ერთი შტო ვახტანგ VI ერთად გადაიხვეწა რუსეთში და სხვადასხვა მაზრასა და გუბერნიაში გაიფანტა. მათი ნაწილი კი დასახლდა უკრაინაში, სადაც ფლობდნენ სოფელ მანველოვკას. მანველიშვილების გვარის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია სამხედრო და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე ნიკოლოზის ძე მანველიშვილი (მანველოვი). დაიბადა 1824 წლის 5 აპრილს, ახალციხეში. სწავლობდა კერძო პანსიონში. 1841 წელს შევიდა რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში, გახდა ელისავეტგრადის ულანთა პოლკის უნტეროფიცერი; 1843 წლის 28 ნოემბერს მიიღო კორნეტის ჩინი; 1846 წელს შეუერთდა სანქტ-პეტერბურგში მყოფ ლაიბ გვარდიის საკავალერიო პოლკს. ამ პოლკში ის მეთაურობდა ესკადრილიას და დივიზიას; 1852 წელს დაინიშნა ფლიგელ-ადიუტანტად; მონაწილეობდა 1853–1856 წწ. ყირიმის ომში; 1864–1866 წწ. მეთაურობდა ჩუგუევის ულანთა პოლკს; 1866 წლის 27 მარტს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.ამავე წელს ჩაირიცხა იმპერატორის ამალაში; 1869 წლის 23 მაისიდან 1871 წლის 16 იანვრამდე მეთაურობდა ლაიბ გვარდიის საკავალერიო პოლკს; 1875 წლის 27 ივლისიდან 1885 წლის 30 აგვისტომდე მეთაურობდა მე-8 საკავალერიო დივიზიას; 1876 წლის 30 აგვისტოს მიიღო გენერალ-ლეიტენანტის წოდება; თავი გამოიჩინა 1877–1878 წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომში; 1885 წელს მიენიჭა რუსეთის იმპერიის არმიის კავალერიის გენერლის წოდება და ჩაირიცხა არმიის რეზერვში. 1887 წელს პენსიაზე გავიდა. სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მუშაობდა სამოქალაქო უწყებაში "ნამდვილი საიდუმლო მრჩევლის" სტატუსით. ის იყო პეტერბურგის თვალის საავადმყოფოს რწმუნებული, აღდგომის საკათედრო ტაძრის, ყველა საგანმანათლებლო დაწესებულების, პეტერბურგის ქვრივების სახლისა და, აგრეთვე, ღარიბი გოგონების საქველმოქმედო სახლის მენეჯერი. მან უზრუნველყო საკათედრო ტაძრის კაპიტალური რემონტი, საავადმყოფოს ფლიგელის მშენებლობა და ქვრივებისა და გოგონების ცხოვრების გაუმჯობესება. დაჯილდოებული იყო სახელმწიფო ჯილდოებით, მათ შორის: წმ. ანას, წმ. ვლადიმირის და წმ. სტანისლავის სხვადასხვა ხარისხის სამხედრო ორდენებით; ოქროს იარაღით "მამაცობისთვის" (1878), ფილიპე სულგრძელის I ხარისხის ჰესენის ორდენით (1874), წმინდა ალექსანდრე ნეველისა (1889) და თეთრი არწივის (1881) ორდენებით; ფლობდა ქონებას ტამბოვის გუბერნიაში. ორჯერ იყო ქორწინებაში პირველი მეუღლე ზინაიდა პავლეს ასული ბაშინსკაია (19.02.1829—18.07.1862) იყო მოყვარული საოპერო მომღერალი. დიდი წარმატებით გამოდიოდა კონცერტებზე და საოჯახო სპექტაკლებში. სამი ქალიშვილი ჰყავდათ: ალექსანდრა, მარი და ზინაიდა; დაქვრივებიდან 10 წლის შემდეგ იქორწინა ტატიანა პავლეს ასული გოლიცინაზე (29.01.1837—02.01.1878). შვილები -: ალექსანდრე და ვლადიმირი სამხედროები იყვნენ. ალექსანდრე მანველიშვილი გარდაიცვალა 1906 წლის 2 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში. დაკრძალულია იქვე, წმინდა სერგი რადონეჟელის ეკლესიაში. წყარო: https://georgianencyclopedia.ge/ka/form/29801 https://ru.wikipedia.org/wiki/Манвелов,_Александр_Николаевич https://mematiane.ge/product-details.php?id=1392
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |