The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ოთარ გოგიბერიძე

ოთარ გოგიბერიძე
დაბადების თარიღი:14 ივლისი, 1971
გარდაცვ. თარიღი:8 სექტემბერი, 2023  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

პლასტიკური ქირურგი ოთარ თეიმურაზის ძე გოგიბერიძე დაიბადა 1971 წლის 14 ივლისს, მოსკოვში, ქართველი მამისა და რუსი დედის ოჯახში. 15 წლის ასაკში გადაწყვიტა თავისი ცხოვრება მედიცინასთან დაეკავშირებინა და მიზნის მისაღწევად სანიტრად დაიწყო მუშაობა. სკოლის მედალზე დასრულების შემდეგ ჩააბარა რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, ზოგადი მედიცინის სპეციალობით.

უნივერსიტეტი 1995 წელს დაამთავრა. ამას მოჰყვა რეზიდენტურა და ასპირანტურა ყბა-სახის ქირურგიის სპეციალობით (1997-2000).

2001-2004 წლებში გაიარა გადამზადება ქირურგიისა და პლასტიკური ქირურგიის განხრით.

სერტიფიცირებული სპეციალისტი მუდმივად იხვეწებოდა თავის არჩეულ პროფესიაში და რეგულარულად ესწრებოდა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს, როგორც რუსეთში  (მაგალითად, შემდგომი საგანმანათლებლო მომზადების ცენტრში), ისე მის ფარგლებს გარეთ (გერმანიასა და ესპანეთში).

ოთარ გოგიბერიძეს დაცული ჰქონდა სამეცნიერო ხარისხები მედიცინაში. ის იყო რუსეთის რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „ესთეტიკოს ქირურგთა საზოგადოების“, გამგეობის წევრი, ასევე, ატარებდა სერტიფიცირებული საერთაშორისო ტრენერის წოდებას, რომელიც მიიღო ფიქსაციის ფირფიტების გამოყენებისთვის სახის პლასტიკის მოდელირებისა და გაახალგაზრდავების პროცესში (ენდოტინი (აშშ).

პლასტიკური ქირურგი კითხულობდა ლექციებს პროფესიულ საერთაშორისო ფორუმებზე IPRAS და ISAPS, შედიოდა პლასტიკური რეკონსტრუქციული ესთეტიკური ქირურგიის ევროპულ კონფედერაციაში. რამდენჯერმე მიაკუთვნეს წლის საუკეთესო ქირურგის ტიტული, იყო „ოქროს ლანცეტის“ პრემიის ლაურეატი.

ოთარ გოგიბერიძეს ვარსკვლავურ ქირურგსაც უწოდებდნენ, რადგან ძალიან ბევრი ვარსკვლავისთვის ჰქონდა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. 

პლასტიკური ქირურგი იყო RUDN უნივერსიტეტის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფაკულტეტის ყბა-სახის ქირურგიის განყოფილების ასოცირებული პროფესორი, მუშაობდა სხვადასხვა კლინიკებში (კლაზკო, ესკალი, ოტიმო, რემედია), სანამ 2011 წლის სექტემბერში, მეორე მეუღლესთან, იანა ლაპუტინასთან ერთად, მოსკოვში არ გახსნა ესთეტიკური მედიცინის კლინიკა - "სილამაზის დრო“, სადაც პაციენტებს შესთავაზა მომსახურება სახის პლასტიკურ ქირურგიაში, მამოპლასტიკაში, აბდომინოპლასტიკაში, რინოპლასტიკაში, ბლეფაროპლასტიკაში,  ლიპოფილინგსა და ლიპოსაქციაში. სამედიცინო კარიერის განმავლობაში, მან შეასრულა 15 ათასზე მეტი ქირურგიული ოპერაცია.

ოთარ გოგიბერიძე რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლესთან მილენა (მინა) კაპლინასთან, მას 1993 წლის 15 სექტემბერს შეეძინა ქალიშვილი სოფია, რომელიც შემდგომ გახდა კლინიკური ფსიქოლოგი, ჯანმრთელობის მწვრთნელი, სილამაზის ექსპერტი და სერტიფიცირებული სპეციალისტი ფსიქოსინთეზის სფეროში.

2022 წლის შემოდგომაზე მან თბილისში გახსნა კლინიკა „Drops Wellness“ ანუ „წვეთოვანი თერაპია“, რომელიც შედგება სხვადასხვა კოქტეილისგან სხეულის გაახალგაზრდავების, აღდგენის, დეტოქსის, სილამაზის, ენერგიისა და ხარისხის გასახანგრძლივებლად.

2006 წლის თებერვალში ოთარ გოგიბერიძემ გაიცნო ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მსა­ხი­ო­ბი იანა ლა­პუ­ტი­ნა. 2008 წელს შეყვარებულებმა თბილისის ერთ-ერთ ტაძარში იქორწინეს. 2011 წლის 18 ივნისს წყვილს შეეძინა ქალიშვილი, თეა,

იმისდა მიუხედავად, რომ მეუღლეები შემდგომში განქორწინდნენ, მათ მოახერხეს მეგობრობის შენარჩუნება. სწორედ ყოფილმა ცოლმა ამცნო საზოგადოებას პლასტიკური ქირურგის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.

ოთარ გოგიბერიძე გარდაიცვალა 2023 წლის 8 სექტემბერს, მოსკოვში, თებერვლის თვეში გადატანილი კოვიდით გამოწვეული გართულებების შედეგად.

წყარო:

https://24smi.org/celebrity/294908-otari-gogiberidze.html#tableofcontents_bio

https://megatv.ge/რუსეთში-მოღვაწე-ქართველი/

Гогиберидзе Отари. Отари Гогиберидзе: "В нашей профессии с дурным вкусом делать нечего": ინტერვიუ // ჯორჯიან ეარვეისი: საბორტო ჟურნალი. თბილისი. 2011/12. ზამთარი, N6(28). გვ.12


გააზიარე: