შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ინა ჟორდანია-კორენევა![]()
ბიოგრაფიასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას მეუღლე ინა ივანეს ასული კორენევა დაიბადა 1877 წელს, სოფელ ბერდინოში (ორლოვის გუბერნია), მღვდლის ოჯახში. 1902 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მომავალი ქმარი 1903 წელს პარიზში გაიცნო. დაქორწინდნენ 1904 წელს, საქართველოში. ინა ჟორდანია ახალგაზრდობიდანვე შეუერთდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას, იყო მენშევიკური ფრაქციის წევრი პარტიული ფსევდონიმით „თამარი“. ხელმძღვანელობდა სოციალ-დემოკრატი კანდიდატების საარჩევნო კამპანიებს სახელმწიფო სათათბიროსთვის. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ის გახლდათ მენშევიკური ფრაქციის ბაქოს კომიტეტის წევრი. 1905 წელს ბაქოში მეფის ჟანდარმერიამ დააპატიმრა, თუმცა ფეხმძიმობის გამო, ექიმების შუამდგომლობით, გაათავისუფლეს. 1905 წელს მონაწილეობდა რსდმპ I კონფერენციაში ტამერფორსში (ფინეთი). 1906 წელს, რუსეთის IV მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების დროს ხელმძღვანელობდა არჩევნებში გამარჯვებულ სოციალ-დემოკრატ მათე სკობელევის საარჩევნო კამპანიას, რის გამოც მას აეკრძალა კავკასიაში ცხოვრება და გადასახლდა მოსკოვში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აგრძელებდა პარტიულ და საზოგადოებრივ საქმიანობას. 1917 წლის ბოლოს სოციალ-დემოკრატიული სიით მონაწილეობდა რუსეთის დამფუძნებელი კრების არჩევნებში. საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში, 1918-1921 წლებში აქტიურად მუშაობდა საქველმოქმედო ინიციატივებში და სოციალ-დემოკრატიულ ქალთა ორგანიზაციებში. იყო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი. როგორც მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, ჩართული იყო საქველმოქმედო საქმიანობაში - ხელმძღვანელობდა "ქალთა საზოგადოებას ბავშვთა კეთილდღეობისათვის“; ნოე რამიშვილის და აკაკი ჩხენკელის ცოლებთან, მარო რამიშვილთან და მაკრინე ჩხენკელთან ერთად აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს გაჭირვებულთა და ავადმყოფ ბავშვთა დასახმარებლად; ხელს უწყობდა ქალთა განათლების წახალისებასა და სამკითხველოების გახსნას. 1921 წელს, საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, დამფუძნებელი კრების მანდატით, შვილებთან ერთად ემიგრაციაში გაჰყვა მეუღლეს. საფრანგეთშიც აქტიურად აგრძელებდა საზოგადოებრივ საქმიანობას. ემიგრაციული წრეების გასაძლიერებლად და გაჭირვებულთა დასახმარებლად პარიზში აწყობდა საქველმოქმედო საღამოებს, შემოსული თანხებით ტუბერკულოზისა და სხვა მძიმე დაავადებების მქონე ქართველ ემიგრანტებს ეხმარებოდა. სიცოცხლის ბოლო წლებში გახდა საფრანგეთის სოციალისტური პარტიის (SFIO) წევრი. ნოე და ინა ჟორდანიების წყვილს ოთხი შვილი ჰყავდა: ასმათი, ანდრეიკა, ნათელა (ნინა) და რეჯები. ანდრეიკა გარდაიცვალა უბედური შემთხვევის შედეგად, საქართველოში. ასმათი ცოლად გაჰყვა ლევან ფაღავას (1907-1998). მათ ორი ქალიშვილი შეეძინათ - ეთერი და ქრისტინე. ეთერ ფაღავა იყო საფრანგეთში ცნობილი ბალერინა. ნინა გათხოვდა არჩილ ციციშვილზე. ჰყავდა სამი ქალიშვილი, ხოლო რეჯებ ჟორდანიას (1921-2021) - ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი. ინა ჟორდანია გარდაიცვალა 1967 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით. წყარო: https://ka.wikipedia.org/wiki/ინა_ჟორდანია ფაღავა-ბულეზი ქრისტინე ერთი უჩვეულო ოჯახი: ნოე ჟორდანიას შვილიშვილის მოგონებები .- თბილისი, 2017 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი. - თბილისი, 2018
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |