The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლიზა ლეონსკაია

ლიზა ლეონსკაია
Date of birth:23 November, 1945  (79 years)
Category:Musician

Biography

მსოფლიოში აღიარებული პიანისტი ლიზა (ელისაბედ) ლეონსკაია დაიბადა 1945 წლის 23 ნოემბერს, ქ. თბილისში. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი. ვუნდერკინდ ბავშვად ითვლებოდა. თერთმეტი წლისამ სადებიუტო კონცერტი გამართა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად (1957), ხოლო ორი წლის შემდეგ უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე.

განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებულმა მუსიკოსმა სწავლა მოსკოვის კონსერვატორიაში გააგრძელა (1964-1971). სწავლობდა პროფესორ მილშტეინის კლასში.

სტუდენტობის დროს მოიპოვა ენესკუს, მარგარეტ ლონგისა (1965, პარიზი) და დედოფალ ელისაბედის (1968, ბრიუსელი) პრესტიჟული საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსების პრიზები.

ლიზა ლეონსკაიას შემოქმედებაზე უდიდესი ზეგავლენა იქონია მისმა თანამშრომლობამ სვიატოსლავ რიხტერთან, რომელიც აღიარებდა ახალგაზრდა პიანისტის გამორჩეულ ნიჭს და ხელს უწყობდა მის განვითარებას, არა მხოლოდ სწავლებისა და რჩევების მიცემის გზით, არამედ ხშირად იწვევდა მას ერთობლივი დუეტების შესასრულებლად.

დიდმა პიანისტმა თა­ვი­სი უკა­ნას­კნე­ლი პრო­ექ­ტი (მო­ცარ­ტის სა­ფორ­ტე­პი­ა­ნო დუ­ე­ტე­ბი) სწო­რედ ლიზა ლე­ონ­სკა­ი­ა­სან ერ­თად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. თანამშრომლობა და პირადი მეგობრობა მათ შორის გრძელდებოდა რიხტერის გარდაცვალებამდე (1997).

მოს­კო­ვის კონ­სერ­ვა­ტო­რი­ის დას­რუ­ლე­ბი­სა და არა­ერთ კონ­კურ­სზე უმაღ­ლე­სი ჯილდოების მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ, ვე­ნა­ში გას­ტროლ­ზე მყო­ფი (1978) ლიზა ლეონსკაია ემიგ­რა­ცი­ა­ში დარ­ჩა და უარი თქვა საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე. ამავდრო­უ­ლად, ის, ასე­ვე მუ­სი­კის ლე­გენ­დას, ოლეგ კა­განს გაჰ­ყვა ცო­ლად.

საცხოვრებლად ვენაში გადასვლის შემდეგ, 1979 წელს, შედგა ლიზა ლეონსკაიას სენსაციური გამოსვლა ზალცბურგის ფესტივალზე, რომელიც გახდა მისი პროფესიული კარიერის უწყვეტი წინსვლის დასაწყისი დასავლეთში. მან სულ მალე მო­იხ­ვე­ჭა სახელი ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში.

როგორც სოლისტი, ლიზა ლეონსკაია მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვან ორკესტრთან თანამშრომლობდა, მათ შორის: New York Philharmonic, Los Angeles Philharmonic Orchestra, Cleveland Orchestra, London Philharmonic Orchestra, Royal Philharmonic Orchestra, BBC Symphony Orchestra London, Zurich Tonhalle Orchestra, Berlin Philharmonic Orchestra, Gewandhausorchester Leipzig, ჰამბურგის, კიოლნისა და მიუნჰენის რადიო ორკესტრები, Czech Philharmonic Orchestra და მრავალი სხვ.

თანამშრომლობდა ევროპისა და აშშ-ის ისეთ ცნობილ დირიჟორებთან, როგორებიც არიან: კურტ მაზური, სერ კოლინ დეივისი, კრისტოფ ფონ დონანი, მარის იანსონსი, კურტ ზანდერლინგი, იური ტემირკანოვი და სხვ.

მის რეპერტუარშია: ვენის კლასიკოსები, რომანტიკოსები, რაველის, დებიუსის, ენესკუს, გლინკას, ჩაიკოვსკის, რახმანინოვის, შოსტაკოვიჩის ნაწარმოებები და სხვ.

ლიზა ლეონსკაია ხშირი და სასურველი სტუმარია ზალცბურგის, ვენისა და ლუცერნის,  Schleswig-Holstein Festival-სა და Schubertiade-ს პრესტიჟული საზაფხულო ფესტივალებისა. სოლო კონცერტებს მართავს პარიზის, მადრიდის, ბარსელონას, ედინბურგის, ვენის, ლონდონის, მიუნჰენის წამყვან საკონცერტო დარბაზებში.

გადატვირთული სოლო კარიერის მიუხედავად, მის შემოქმედებაში მნიშვნელოვანი ადგილი ენიჭება კამერულ მუსიკას. იგი ხშირად თანამშრომლობს ემერსონის, ბოროდინისა და არტემისის კვარტეტებთან.

მრავალი ჩანაწერი მოწმობს ლიზა ლეონსკაიას, როგორც პიანისტის განსაკუთრებულ შემოქმედებით მიღწევებზე. მიღებული აქვს Caecilia Prize (წმინდა ცეცილიას პრიზი) ბრამსის საფორტეპიანო სონატების ჩანაწერებისთვის, პრიზი "Diapason D'Or" - ლისტის ნაწარმოების ჩანაწერებისთვის.                                                                                 

სხვა მნიშვნელოვანი ჩანაწერები მოიცავს: ჩაიკოვსკის საფორტეპიანო კონცერტებს ნიუ იორკის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად კურტ მაზურის დირიჟორობით, შოპენის საფორტეპიანო კონცერტებს ჩეხეთის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ვლადიმირ აშკენაზის დირიჟორობით, შოსტაკოვიჩის საფორტეპიანო კონცერტებს სან პოლის კამერულ ორკესტრთან ერთად. მისი ჩანაწერი CD 'PARIS' რაველის, დებიუსისა და ენესკუს ნაწარმოებებით, რომელიც გამოცემულია ბერლინში ლეიბლით ეაშონუს, აღიარებულია 2014 წლის საუკეთესო სოლო ჩანაწერად International Classical Music Awards -ის ჟიურის მიერ. 2015 წლის შემოდგომაზე კი ამავე ლეიბლით გამოიცა ლიზა ლეონსკაიას მიერ შესრულებული შუბერტის სონატების სრული კრებული.

ლიზა ლეონსკაიას განსაკუთრებულმა მიღწევებმა უდიდესი აღიარება მოუტანა მის მეორე სამშობლოში, ავსტრიაში. იგი გახლავთ ვენის Kონზერტჰაუს-ის საპატიო წევრი. 2006 წელს კი ავ­სტრი­ის მთავ­რო­ბამ მას უმაღ­ლე­სი სა­ხელ­მწი­ფო ორ­დე­ნი, ავსტრიის I ხარისხის "საპატიო ჯვარი"მიანიჭა, მეცნიერებასა და ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის. დღეისათვის ლიზა ლეონსკაია - “Lioness of the Keyboard”, როგორც მას უწოდებენ, აღიარებულია გამორჩეულ პიანისტად. მისი ვირტუოზობა ყოველგვარ შექებას აღემატება და ყველგან უდიდესი სითბოთი და აღტაცებით ხვდებიან.

ლიზა ლეონსკაია ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში წარჩინებულ პიანისტ სტუდენტთათვის დააარსა სტიპენდია და ახალგაზრდა ქართველ შემსრულებლებს დახმარების ხელი გაუწოდა. მათ მხარდასაჭერად პიანისტმა და პედაგოგმა დააარსა საქველმოქმედო ფონდი SOLO.  ფონდის არსებობის 20 წლის მანძილზე, ლიზა ლეონსკაიას პირადი სახსრებით 100-ზე მეტმა ნიჭიერმა ახალგაზრდა შემსრულებელმა მიიღო დაფინანსება - გრანტების, სტიპენდიებისა და პრემიების სახით. მათ შორისაა: ხატია ბუნიათიშვილი, ანიტა რაჭველიშვილი, ნინო გვეტაძე, თამარ ბერაია, ლევან ცხადაძე და სხვ.

ლიზა ლეონსკაია დღესაც დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს პერსპექტიულ ახალგაზრდა მუსიკოსებს, რომელთა დიდი ნაწილი ჯერ კიდევ სწავლობს ამერიკისა თუ ევროპის კონსერვატორიებში და სამუსიკო სასწავლებლებში.

ლიზა ლეონსკაია საქართველოში ბოლოს 2016 წელს იმყოფებოდა ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრის მოწვევით. მან თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ორი კონცერტი ჩაატარა. შეასრულა ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის საფორტეპიანო კონცერტი №3, ალექსანდრ სკრიაბინის „ექსტაზის პოემა“, მორის რაველისა და ანტონ დვორჟაკის მაწარმოებები.

„ლიზა ლე­ონ­სკა­ი­ას­თან დაკ­ვრა და ჩვენს ორ­კესტრთან მისი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა ჩემი დიდი ხნის ოც­ნე­ბა იყო" - წერს ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე დი­რი­ჟო­რი ნი­კო­ლოზ რაჭ­ვე­ლი.

„პირ­ვე­ლად მის კონ­ცერტს სტუ­დენ­ტო­ბი­სას და­ვეს­წა­რი ვე­ნის ფი­ლარ­მო­ნი­ულ ორ­კესტრთან ერ­თად, შემ­დეგ კი ნიუ-იორკ ფი­ლარ­მო­ნიკ­თან ერ­თად მო­ვის­მი­ნე კურტ მა­ზუ­რის დი­რი­ჟო­რო­ბით... დღეს მას ავ­სტრი­ელ პი­ა­ნის­ტად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. თბი­ლი­სის შემ­დგომ ვენა მისი ცხოვ­რე­ბის მთა­ვარ ქა­ლა­ქად დარ­ჩა, მაგრამ მის ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე (და ასე­თი ალ­ბათ ათი ათას­ზე მე­ტია) ბუკ­ლე­ტებ­სა თუ პროგ­რა­მებ­ში და­ბეჭ­დილ ბი­ოგ­რა­ფი­ულ მო­ნა­ცე­მებ­ში ყველ­გან წე­რია, რომ ის ჩვენ ქა­ლაქ­ში და­ი­ბა­და და მისი პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტიც ქარ­თულ სიმ­ფო­ნი­ურ ორ­კესტრთან ერთად შედ­გა...“

წყარო: 

ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 285

https://ghn.ge/news/150361-tbilisshi-legendaruli-pianisti-liza-leonsakia-kontsertebs-gamartavs

https://www.ambebi.ge/article/157582-21-marts-tbilisis-operis-teatrshi-pianisti-liza-leonskaia /


Share: