The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი ჟორდანია

გიორგი ჟორდანია
სხვა სახელი:გრახკი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1885
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1937  (52 წლის ასაკში)
კატეგორია:იურისტი

ბიოგრაფია

საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი და იურისტი გიორგი ჟორდანია დაიბადა 1885 წელს, ისტორიკოს თევდორე (თედო) ჟორდანიას ოჯახში. დედა - ელენე ტარსაიძე.

საშუალო განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე (1906-1911). უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად აქტიურად მონაწილეობდა ქართული სათვისტომოს კულტურულ ცხოვრებაში. თავისი ორატორული ხელოვნებისა და ნიჭიერების გამო მეგობართა წრეში მას „საპარლამენტო კაცს“ ეძახდნენ.

მეცნიერული კვლევის უნარი გიორგი ჟორდანიამ ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს გამოამჟღავნა. განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ამიერკავკასიის ხალხების, კერძოდ, ქართველი ხალხის ზნე-ჩვეულებების, ყოფა-ცხოვრების შესწავლისადმი. 1908 წელს იგი მონაწილეობდა ექსპედიციაში, რომელიც ალ. ხახანაშვილის ხელმძღვანელობით საქართველოში სწავლობდა ქართულ ადათ-წესებს. ამ საკითხებს მან არაერთი საინტერესო მოსაზრება მიუძღვნა. მისი სტატიები და შენიშვნები ქართულ პრესაში, უმთავრესად, „გრაკხის“ ფსევდონიმით იბეჭდებოდა.

გიორგი ჟორდანია დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით, ქართული კულტურით. 1907 წელს მან ქართველ სტუდენტებთან ერთად მოსკოვის უნივერსიტეტში დააარსა „ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული კულტურის მოყვარულთა წრე“. მოგვიანებით, 1912 წელს ამ წრის ბაზაზე მისივე ინიციატივით თბილისში დაარსდა „ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოება“, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში (1912-1928). ამ საზოგადოების მოღვაწეობით ჩაეყარა საფუძველი ქართული სალიტერატურო ენის ნორმალიზაციის ახალ ეტაპს.

სტუდენტობის წლებში გიორგი ჟორდანია მუშაობდა ქართული ფოლკლორისა და ეთნოგრაფიული მასალების შეგროვებაზე. კითხულობდა საჯარო ლექციებს. 

ყველაზე მეტად კი ეროვნული პრობლემები აწუხებდა. ჯერ კიდევ მეორე კურსის სტუდენტმა დაწერა მცირე ისტორიულ-იურიდიული მიმოხილვა - „აქვს თუ არა საქართველოს კანონიერი უფლება მოითხოვოს ავტონომია“. ეს სტატია ცალკე ბროშურად დაიბეჭდა 1907 წელს ქუთაისში, მაგრამ ცენზურამ აკრძალა უკვე დაბეჭდილი ეგზემპლარები. 1917 წელს ხელმეორედ დაიბეჭდა თბილისში.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე გიორგი ჟორდანიას შესთავაზეს დარჩენილიყო უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ მან არ ისურვა მოსკოვში ცხოვრება და სამშობლოში დაბრუნდა.

საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ეწეოდა კერძო იურიდიულ პრაქტიკას. იყო ნაფიცი ვექილის თანაშემწე, შემდეგ - ნაფიცი ვექილი; 1912-1914 წწ. თბილისის ვაჟთა სათავადაზნაურო გიმნაზიაში ასწავლიდა ლათინურსა და სამართალმცოდნეობას; მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულების იურისკონსულტად, მათ შორის, თბილისის ოპერის თეატრში და ა.შ.

1917 წლიდან გიორგი ჟორდანია იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი, პარტიის ტფილისის კომიტეტის წევრი.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მუშაობდა იუსტიციის სამინისტროში დეპარტამენტის უფროსად და ერობათა კავშირის კომიტეტში.

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებისას, ემიგრაციაში წავიდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა სტამბოლში, მაგრამ ვერ გაძლო და იმავე წელს დაბრუნდა საქართველოში;

საბჭოთა ხელისუფლების წლებში გიორგი ჟორდანია მსახურობდა სხვადასხვა დაწესებულებაში: ერობის კავშირის ამიერკავკასიის კომისარიატში, იუსტიციის სამინისტროში, ცენტრარქივის სამმართველოში, სახალხო კომისართა საბჭოში, მიწსახკომში, შინსახკომის საორგანიზაციო განყოფილების გამგედ.

ასევე, კერძო ადვოკატურასაც მიჰყო ხელი და ძირითადად სისხლის სამართლის პროცესებს განაგებდა. იყო დამცველთა ადვოკატთა კოლეგიის წევრი.

1935 წელს საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში.

გიორგი ჟორდანია დაინტერესებული იყო თეატრით, აღსანიშნავია მისი ღვაწლი მოსკოვის დიდი თეატრის რეპერტუარში ოპერა "აბესალომ და ეთერის" შეტანისთვის (1933).

1935 წლიდან მუშაობდა მოსკოვის მცირე თეატრის „ზემეტჩინოს“ ფილიალის დირექტორის მოადგილედ.

1937 წლიდან იყო მოსკოვის საავტორო უფლებათა დაცვის საზოგადოების თანამშრომელი.

გიორგი ჟორდანია ხანგრძლივად მუშაობდა საავტორო უფლებების საკითხზე. თბილისის ოპერის თეატრში მოღვაწეობისას დიდი თეორიული ცოდნა და ფაქტობრივი მასალა დაუგროვდა, რის საფუძველზედაც დაწერა მეცნიერული გამოკვლევა - „საავტორო უფლება“.

გიორგი ჟორდანია საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ დააპატიმრა 1922 წლის დასაწყისში „კონტრრევოლუციური საქმიანობის“ ბრალდებით, ამავე წლის ივლისში გაათავისუფლეს. 

1937 წლის დიდი საბჭოთა ტერორის დროს კვლავ დააპატიმრეს, ამჯერად მოსკოვში და გადმოგზავნეს თბილისში. 1937 წლის 29 ნოემბერს საქართველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა დახვრეტა მიუსაჯა „საქართველოს ნაციონალისტური ცენტრის კონტრრევოლუციური ტერორისტული ორგანიზაციის“  წევრობის ბრალდებით.

გიორგი ჟორდანია დახვრიტეს 2 დეკემბერს, რაც ოჯახისთვის ცნობილი გახდა, მხოლოდ 1956 წელს. მანამდე ფიქრობდნენ, რომ იგი გადასახლებაში გარდაიცვალა. ამავე პერიოდში მოხდა მისი სრული რეაბილიტაცია.

გიორგი ჟორდანიას მეუღლე იყო ნინო ილიას ასული ქუმსიშვილი. მათი შვილია ისტორიკოსი გივი ჟორდანია.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/გიორგი_ჟორდანია 

ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.385

გოდერიძე ლამარა. გიორგი ჟორდანია - ქართული კულტურის დიდი მოამაგე / ლამარა გოდერიძე / გივი ჟორდანია 90 / თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; მთავარი რედაქტორი: როინ მეტრეველი. - თბილისი, 2001. - გვ. 28-50


გააზიარე: