The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


თემურ იაკობაშვილი

თემურ იაკობაშვილი
დაბადების თარიღი:21 მაისი, 1958
გარდაცვ. თარიღი:27 იანვარი, 2018  (59 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი

ბიოგრაფია

გრაფიკოსი, მხატვარი  თემურ იაკობაშვილი (არონ იაკობსონი= Aharon Yakobson) დაიბადა 1958 წლის 21 მაისს, ქ. თბილისში.

ფერწერას ჯერ შალვა მატუაშვილის სახელოსნოში, შემდეგ კი ჯიბსონ ხუნდაძესთან ეუფლებოდა. 1985 წლიდან იყო თბილისში ჩამოყალიბებულ ახალგაზრდა ქართველ მხატვართა ჯგუფ "X სართულის" წევრი და ერთ-ერთი სულისჩამდგმელი. აქტიურად მონაწილეობდა გამოფენებში საქართველოში, გერმანიაში, შვეიცარიასა და იტალიაში.

1991 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია.

თემურ იაკობაშვილი დაინტერესებული იყო ბიბლიური და ებრაული თემატიკით. მან შექმნა მრავალი სურათი ძველი და ახალი აღთქმის სიუჟეტებზე. 1992 წელს, მოსკოვში, ქართველი მხატვრების გამოფენაზე, წარმოდგენილი გახლდათ მისი სურათი "მოსე".

იმავე წელს, მოსკოვში, ექსპოზიციაზე - "ებრაელი მხატვრები ბავშვებისთვის", გამოიფინა თ. იაკობაშვილის 4 ფერწერული ტილო, ციკლიდან "იერუსალიმი - ჩემი სიყვარული". აღსანიშნავია, რომ მათგან ერთ-ერთი - "გამოსვლა", შეიძინა  აშშ -ის გენერალურმა მდივანმა ჰენრი კისინჯერმა. გამოფენაზე თ, იაკობაშვილის ნამუშევრების გვერდით წარმოდგენილი  გახლდათ მარკ შაგალის, ფალკისა და სხვა ცნობილ ფერმწერთა ნახატები.  

1993 წელს თემურ იაკობაშვილი ოჯახთან ერთად ისრაელში გადავიდა საცხოვრებლად. იმავე წელს ისრაელის მხატვართა კავშირში მიიღეს და უკვე იქ განაგრძო აქტიური შემოქმედებითი საქმიანობა.

2006 წელს თბილისში ისრაელის დამოუკიდებლობის 58-ე წელთან დაკავშირებით მოეწყო გამოფენა "ებრაული თემატიკა ქართველი მხატვრების შემოქმედებაში", სადაც წარმოდგენილი იყო თემურ იაკობაშვილის ნამუშევრებიც. 

თემურ იაკობაშვილი გარდაიცვალა 2018 წლის 27 იანვარს.

2021 წელს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდების შესავსებად შეიძინა თანამედროვე ქართველ მხატვართა ნამუშევრები, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. სულ შეძენილ იქნა 113  მხატვრის 722 ნამუშევარი, რომელთა შორის აღმოჩნდა თემურ იაკობაშვილის ნახატებიც.

წყარო:

https://art.gov.ge/ge/portfolio/იაკობაშვილი-თემურ-aharon-yakobson/

ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022 = New collection of the Museum of Fine Arts  -თბ., 2022.


გააზიარე: