The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მელიტონ რუსია

დაბადების თარიღი:1878
გარდაცვ. თარიღი:აგვისტო, 1951  (73 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

მელიტონ ივანეს ძე რუსია დაიბადა 1878 წელს ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ლანჩხუთში, გლეხის ოჯახში.

საშუალო განათლება მიიღო ლანჩხუთის სამოქალაქო სასწავლებელში. შემდგომ წლებში კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს და ემზადებოდა საშუალო სასწავლებელში შესასვლელად.

მცირე ხნით სწავლობდა სამეურნეო სასწავლებელში. მალევე გადავიდა ხარკოვის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც 1903 წელს სტუდენტურ გამოსვლებში მონაწილეობის გამო გარიცხეს და აუკრძალეს რუსეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა. თუმცა მაინც მოახერხა სწავლის გაგრძელება კიევის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ნაფიცი ვექილის პროფესიით.

მელიტონ რუსია იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. მუშაობდა „მენშევიკების“ ფრაქციაში.

1904 წელს, როგორც ტფილისის სოციალ-დემოკრატიული მუშათა ორგანიზაციის წევრი, აქტიურად იყო ჩაბმული რევოლუციურ მოძრაობაში (მუშაობდა პროპაგანდისტად), რის გამოც რამდენჯერმე დააპატიმრეს და 1905 წელს ამიერკავკასიის მმართველობამ 5 წლის ვადით გაასახლა უფის გუბერნიაში.

ოხრანკის თვალთვალის ჟურნალებში გატარებულია მეტსახელით - „Переводчик“.

გადასახლებიდან დაბრუნებული მუშაობდა თვითმმართველობებსა და საერობო ინიციატივებში.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მელიტონ რუსია იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წევრი, პროპაგანდისტთა კოლეგიის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო საბჭოს ხმოსანი. საქართველოს ქალაქთა კავშირის თავმჯდომარის ამხანაგი.

1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად და ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.

1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო თვითმმართველობის კომისიის თავმჯდომარე, იურიდიული, ტექნიკური, ცენტრალური საარჩევნო და საკონსტიტუციო კომისიების წევრი.

1909-1916 წლებში მ. რუსია გახლდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი, 1917 წლიდან კი - თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1921).

1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ შეუერთდა პოლიტიკურ ემიგრანტთა რიგებს. ცხოვრობდა საფრანგეთში.

მელიტონ რუსია გარდაიცვალა 1951 წლის აგვისტოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

ხვადაგიანი ირაკლი. საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919. -თბ., 2016.-გვ.348

https://archive.ge/ka/biography/187 


გააზიარე: