შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქრისტინე ფაღავა-ბულეზი![]()
ბიოგრაფიასაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი ქრისტინე ფაღავა ბულეზი 1944 წელს საფრანგეთში დაიბადა, მაგრამ აღიზარდა ქართულ გარემოში და ენაც ქართულად აიდგა. ქრისტინეს მამა, ლევან ფაღავა დაბადებულია 1907 წლის 9 თებერვალს, ჭიათურაში. დედა - ბაბილინა ვაშაძე, მამა - თავადი სამსონ ფაღავა, რომელიც ჭიათურაში მანგანუმის მაღაროებს ფლობდა. საქართველოს ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთში გადახვეწილმა ლევანმა სწავლა ქალაქ გრენობლის უნივერსიტეტში გააგრძელა, 1927 წელს კი სტრასბურგის უნივერსიტეტში ჩაირიცხა ეკონომიკური განხრით, რადგან საქართველოში გაცემული დიპლომით სწავლის გაგრძელება შესაძლებელი გახლდათ. 1929 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ლევან ფაღავა პარიზში მყოფ ქართველ სოციალ–დემოკრატებს შეუერთდა, სადაც გაიცნო მომავალი მეუღლე, ასმათ ჟორდანია. ნოე ჟორდანიას უფროსი ქალიშვილი ასმათი, მეტსახელად ატია, 1905 წლის 11 აპრილს, ლანჩხუთში დაიბადა. საფრანგეთში ემიგრაციის შემდეგ მან დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტი. ლევან ფაღავას გაცნობიდან მალევე, 1931 წელს, ისინი შეუღლდნენ. შეეძინათ ორი ქალიშვილი – ეთერი და ქრისტინე. დებს შორის ასაკში სხვაობა 12 წელია. ეთერ ფაღავა შემდგომში ცნობილი ბალერინა და ქორეოგრაფი გახდა. ქრისტინე ფაღავა ცხოვრობს პარიზში. დამთავრებული აქვს სორბონის უნივერსიტეტის ლიტერატურის ფაკულტეტი. მან ფრანგულ ენაზე თარგმნა ნოე ჟორდანიას მემუარული წიგნი „ჩემი წარსული“ (Mon Passé) და პოლიტიკური ნაშრომები – „რა მოხდა“, „დემოკრატია“ და „ნამდვილი და ყალბი კომუნიზმი“. 1979 წელს გათხოვდა პიერ ემილ ბულეზზე. 1998-2010 წლებში იყო ლევილის მამულის მმართველი. ქრისტინე ფაღავა არის ნოე ჟორდანიას ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი. მისი აქტიური მონაწილეობით ინსტიტუტმა 2014 წელს თბილისსა და პარიზში მოაწყო კონფერენციები თემაზე - „1924 წლის ეროვნული აჯანყება“. საქართველოში პირველად ჩამოვიდა 2003 წელს. გაიცნო მამიდა ქეთო ფაღავა-თურქაძე და სხვა ნათესავები. 2017 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზში გაიმართა ქრისტინე ფაღავა ბულეზის მოგონებების წიგნის – „ერთი უჩვეულო ოჯახი“ – წარდგენა. წიგნში შესულია ავტორის ბავშვობისდროინდელი მოგონებები, ასევე ის ამბები, რომელთაც ოჯახში უყვებოდნენ საქართველოში ცხოვრების პერიოდზე. განსაკუთრებული სითბოთია მოთხრობილი ქართველების ცხოვრებაზე ემიგრაციაში, ძველი და ახალი თაობის ურთიერთკავშირზე. ქრისტინე ფაღავა დაწვრილებით აღწერს თუ რა ხდებოდა ლევილის მამულში, როგორ ინარჩუნებდნენ ქართულ სულს და როგორ ელოლიავებოდნენ თითოეულ ქართულ ამბავს. მემუარების დიდ ნაწილს კი უძღვნის ნოე ჟორდანიას პიროვნებას, რომელზეც თბილი, სასიამოვნო და ამასთანავე, მნიშვნელოვანი მოგონებები შემორჩა: „ხალხი მას პრეზიდენტს ეძახის, მე კი – ბაბუას. ვიზრდები ცეკვით, პოლიტიკითა და, რაც პირადად მე მეხება, თამაშებით გარემოცულ სამყაროში და თანდათან ვხვდები, რომ ბაბუა თავისი დროის მნიშვნელოვან ნაწილს საქართველოს დამოუკიდებლობის ლეგიტიმური უფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში ხარჯავს. იმ უფლებისა, რომელსაც საბჭოთა რუსეთი, დამპყრობელი შეიარაღებული ხელისუფლება, ფეხქვეშ თელავს. ყველაფერს ვერ ვხვდები, მაგრამ მთავარი აზრი მესმის... საფრანგეთში საქართველოს თავისუფლების დაბრუნების მოლოდინში ვცხოვრობთ. აი, მაშინ დავბრუნდებით! ხოლო მანამდე დიდი საქმეა გასაკეთებელი და ბაბუამ თავი უნდა გადადოს ამ უზარმაზარი მისიის შესასრულებლად“, - იხსენებს ნოე ჟორდანიას შვილიშვილი. ფაღავა-ბულეზი ქრისტინე ერთი უჩვეულო ოჯახი: ნოე ჟორდანიას შვილიშვილის მოგონებები .- თბილისი, 2017 მარჯანიშვილი მარიამ. დღეგრძელობა ჩემი გენიდან მოდის // საქართველოს ბიბლიოთეკა. – 2021. N4 (85). გვ. 40-46
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |