შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
მიხეილ ბეთანელი![]()
ბიოგრაფიამიხეილ ბეთანელი დაიბადა 1849 წელს, ახალციხეში. მისი გვარი წარმოშობით ბეთანიიდან იყო, მაგრამ XVIII საუკუნიდან ახალციხეში ცხოვრობდნენ. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემიაში, საიდანაც რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო გარიცხეს. ცხოვრობდა და მუშაობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. დაინტერესებული იყო ტექნიკური აღმოჩენებითა და სოფლის მეურნეობის მექანიზაციით, დაამთავრა სამთო ინსტიტუტი. ამერიკაში დაუახლოვდა თომას ედისონს. ისწავლა ინგლისური, ფრანგული, და გერმანული ენები. კარგად იცოდა რუსული, თურქული, სომხური და ბერძნული. 1869 წელს, სანქტ-პეტერბურგში მიხეილ ბეთანელმა საკუთარი ხარჯით გამოსცა ილია ჭავჭავაძის "კაცია-ადამიანი?!". 1875 წელს, ოდესის გაზეთ „ნოვოროსიის ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა ცნობა (ამბავი „ჩვენებური კაცისა“), რომლის მიხედვითაც მიხეილ ბეთანელი ერთადერთი „ჩვენებური“ იყო, ვინც ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი ფილადელფიაში კომერციულ საქმიანობას ეწოდა. ამ ინფორმაციის თანახმად, მან თბილისში გახსნა „კანტორა“, სადაც იყიდებოდა მის მიერ გამოგზავნილი სხვადასხვა აპარატურა და სამეურნეო იარაღები. თავის მხრივ, კანტორა“ თბილისიდან ფილადელფიაში აგზავნიდა სხვადასხვა პროდუქციას: ბეწვეულს, აბრეშუმის საქონელს, სპარსეთის ხალიჩებს და ა.შ. ოდესური გაზეთის შემდეგ, 1876 წელს, უკვე „დროებაში“ გამოჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ მიხეილ ბეთანელი საქართველოში იმყოფებოდა და გაზეთის რედაქციას მიაწოდა ინფორმაცია, რომ ამერიკის გაზეთებში რამდენჯერმე დაიბეჭდა სტატიები კავკასიაზე და ქართულს ლიტერატურაზე. რამდენიმე დღეში იმავე „დროებაში“ უკვე მიხეილ ბეთანელის ფირმის სარეკლამო განცხადება იყო დაბეჭდილი, რომლის თანახმადაც, ფილადელფიაში, 1874 წელს დაარსებული „კომისიონური აგენტობა ბეთანელი და ამხანაგობა“ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღებ-მიცემობით გახლდათ დაკავებული. როგორც ჩანს, კომერციული კუთხით, ბეთანელის ვიზიტი წარმატებული გამომდგარა – ადგილობრივ მემამულეებს „ამერიკიდამ სხვა და სხვა სამეურნეო იარაღების დაბარება“ სწორედ თბილისური კანტორის დახმარებით დაუწყიათ. საგულისხმოა, რომ ბეთანელის თბილისში ჩამოსვლა და ამერიკის შეერთებულ შტატებში წასაღები პროდუქციის აქტიურად ძიება ერთ მნიშვნელოვან გარემოებას ემთხვევა – ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს, რომელიც 1876 წელს აღინიშნებოდა და ამ თარიღის მასშტაბურად აღსანიშნავად, ყველაფერთან ერთად, ფილადელფიაში უნდა გამართულიყო მსოფლიო გამოფენა. იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნულ ღონისძიებაზე მთელი მსოფლიოდან იყვნენ მიწვეული სტუმრები, რათა ერთად ეზეიმათ, მსოფლიო გამოფენაზე კი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩაჰქონდათ ექსპონატები, გარანტირებული იყო, რომ გამოფენას დიდძალი დამთვალიერებელი /მუშტარი ეყოლებოდა. ფილადელფიაში დაგეგმილ მსოფლიო გამოფენასთან დაკავშირებით, 1876 წლის მარტის ბოლოს, ბეთანელმა თბილისიდან სტამბოლის გავლით ამერიკაში წაიყვანა ქართველ მეზურნეთა და მომღერალთა გუნდი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, 1878-1888 წწ. მიხეილ ბეთანელმა ბათუმში სანავსადგურო კანტორა დააფუძნა და, როგორც ევროპულ-აღმოსავლურ ენათა მცოდნე, თარჯიმნად მუშაობდა. მიხეილ ბეთანელი მრავალმხრივი მოღვაწე იყო. იგი ოცნებობდა ქისატიბიდან ახალციხემდე საჰაერო რკინიგზა აეგო. დაინტერესებული იყო გეოლოგიითაც და თვალსაჩინო მიგნებებიც ჰქონდა. მაგ. : მშობლიურ სოფელ ქისატიბში (ახალციხე) აღმოაჩინა თეთრი - იგივე ინფუზორის მიწა, ანუ დიატომიტის საბადო (გამოიყენება სამრეწველო საქმიანობაში) და მისი დამუშავება დაიწყო (იხ. მისი წიგნი "Эксплуатация о Кавказской белой инфузорной земле (Кизельгурб), 1896). მადნეულს ანალიზებისათვის ევროპაში აგზავნიდა. ამიერკავკასიაში - ყარსში, ახალციხეში, არდაგანსა და სხვ. აღმოაჩინა მარმარილოს ონიქსი (იხ. მისი წიგნი "О Кавказском мраморном Ониксе", !901), აზბესტი, თითბერი; ჭოროხის ხეობაში - სპილენძის მადნები. ტყვარჩელის ქვანახშირის ერთ-ერთი პირველი აღმომჩენიც მიხეილ ბეთანელი იყო. ასევე, მან გადაიღო ჭრელი ინფუზორი ქვების კოლექციის სურათები ("Всемирная иллустрация", 1896, 13 აპრილი,№1420). ფლორიდაში (ჩრდილოეთ ამერიკა) ყოფნისას, მიხეილ ბეთანელმა ადგილობრივი სუბტროპიკული მცენარეულობა - მანდარინი, ანანასი, პალმები და სხვა ციტრუსოვანი მცენარეები შეისწავლა და პირველად ბათუმიდან მესამე კილომეტრზე ე. წ. "გოროდოკში" საგანგებო ბაღი გააშენა. ბაღს "როკვეი" ერქვა. მიხეილ ბეთანელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ცნობილ ქართველ მოღვაწეებთან (ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, კირილე ლორთქიფანიძე, ნიკო ნიკოლაძე, ზაქარია ჭიჭინაძე, ანტონ ფურცელაძე და სხვ.). მეუღლესთან - მარიამ აზნაურიშვილთან ერთად ბათუმში დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მონაწილეობა მიიღო პირველი ქართული სკოლის გახსნაში, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის სკოლის სახელით არის ცნობილი. მიხეილ ბეთანელი გარდაიცვალა 1906 წელს. დაკრძალულია ახალციხის ძველი ეკლესიის გალავანში. წყარო: წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I/იოსებ იმედაშვილი -თბ.,2018.-გვ.349 https://ka.wikipedia.org/wiki/მიხეილ_ბეთანელი https://forbes.ge/erthiambavi-philadelphias-mimavali-thphiliseli-musikosebisa/ https://forbes.ge/top-15-dzveli-sagazetho-reklama-1875-1880/რეკლამა #2
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |