შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ალექსანდრე ტარასაშვილი![]()
ბიოგრაფიაალექსანდრე (საშა) ტარასაშვილი დაიბადა 1909 წელს, თბილისში, მიხეილ ტარასაშვილისა და ნინო შალაშვილის ოჯახში. მიხეილ ტარასაშვილი (ტარასოვი) იმ დროის წარმატებული მეწარმე, ვაჭართა პირველი გილდიის წარმომადგენელი იყო. ფლობდა კონიაკის ქარხანას კოკანდში (შუა აზია) და თავის ძმებთან (გერასიმე, ივანე) ერთად აწარმოებდა კონიაკსა და ღვინოს სავაჭრო ნიშნით „ტარასოფფ“, რომელიც ექსპორტზე გაჰქონდათ რუსეთში, უკრაინასა და ცენტრალურ აზიაში. ძმებს ეკუთვნოდათ მიწები, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინასა და აზერბაიჯანში. კახეთში, სოფ. ველისციხეში ჰქონდათ ვენახები. მიხეილ ტარასაშვილის ოჯახი ზაფხულს სოფელ ველისციხის მამულში ატარებდა, ხოლო სწავლის პერიოდში კვლავ თბილისში ბრუნდებოდა. ბავშვები თბილისის პირველ გიმნაზიაში სწავლობდნენ, რომლის პედაგოგთა შორის ყოფილა ექვთიმე თაყაიშვილიც. მას სერგო და საშა ტარასაშვილები მოგვიანებით საფრანგეთში შეხვდნენ. მიხეილი, როგორც იმ ეპოქის პროგრესული ადამიანი, რომელიც სრულად აცნობიერებდა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ილია ჭავჭავაძის მსგავსად მიიჩნევდა, რომ ქართველები უნდა ყოფილიყვნენ საკუთარი ქვეყნის ბატონ-პატრონები და ისიც კარგად ესმოდა, რომ ამ მიზნის მისაღწევად უმთავრესი იყო კარგი განათლება. იგი 1906 წლიდან იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი და როგორც მეცენატი სისტემატურად აფინანსებდა ნიჭიერი ახალგაზრდების განათლების მიღებას საზღვარგარეთ. მიხეილმა არაფერი დაიშურა, რომ თავისი შვილებისათვის სათანადო განათლება მიეცა. სულ კი ტარასაშვილების ოჯახში ხუთი ვაჟი და ერთი ქალი აღიზარდა. უფროსი ვაჟი, გიორგი (1900-1971), მეცნიერი, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი გახდა. მან 1927 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიის ფაკულტეტი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი იყო გიორგის მომდევნო ძმა, სერგო ტარასაშვილიც (1902-1961), მაგრამ ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა მის განათლებას ხელი შეუშალა. 1924 წლის აჯანყებისას სერგო გახლდათ ნაციონალ-დემოკრატიული პარტიის წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეკავშირე. იგი ერთ-ერთი შეტაკების დროს ფეხში დაიჭრა და თბილისში იმალებოდა თავის მეგობარ ლევან გოთუასთან ერთად. შემდეგ კი, მამის დაჟინებული მოთხოვნითა და დახმარებით, მოახერხა საზღვარგარეთ გაქცევა. იგი კონსტანტინოპოლის გავლით ჩავიდა პარიზში და სწავლა გააგრძელა სტრასბურგის უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის სპეციალობაზე, საბოლოოდ კი ნავთობმომპოვებელი ინჟინრის სპეციალობით დაამთავრა საფრანგეთის ნავთობის ინსტიტუტი. სერგოს საზღვარგარეთ წასვლის შემდეგ მშობლებს უნდოდათ უმცროსი ვაჟი, გამორჩეულად ნიჭიერი და ბეჯითი ნიკოლოზიც გაეგზავნათ სასწავლებლად საფრანგეთში, მაგრამ ისე მოხდა, რომ 1928 წელს მის ნაცვლად სერგოსთან მეორე ძმა, საშა, ჩავიდა, რომელსაც სამშობლოში თავშეუკავებელი ანტიბოლშევიკური გამოსვლების გამო აშკარა საფრთხე ელოდა. ალექსანდრე ტარასაშვილი პარიზში დაოჯახდა და ორი ქალიშვილიც შეეძინა - ქეთო და მიშელი, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების იმედს არ კარგავდა. მეორე მსოფლიო ომის დროს საშამ, როგორც მგზნებარე ანტიკომუნისტმა, გერმანელთა ჯარში დაიწყო სამსახური იმ იმედით, რომ გერმანიის გამარჯვების შემთხვევაში საქართველო განთავისუფლდებოდა საბჭოეთის რეჟიმისგან და ისიც თავისუფლად დაბრუნდებოდა თავის ქვეყანაში. მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და ომის დასრულების შემდეგ გერმანულ ჯარში მყოფი ე.წ. „ქართულ ლეგიონში“ მომსახურე ქართველებს საფრანგეთიდან საბჭოთა კავშირში დეპორტაციის საფრთხე დაემუქრა, რაც დეპორტირებულების სიკვდილს ნიშნავდა. სერგო ტარასაშვილი, როგორც უფროსი ძმა, სიცოცხლის ბოლომდე ზრუნავდა და პატრონობდა საშას. იგი დაუყოვნებლივ შეეცადა მის გამოხსნას ამ მდგომარეობიდან. საშასთან ერთად სხვა ქართველებიც იყვნენ და სერგომ მათი ქომაგობაც იკისრა. მან დაპატიმრებულებს იმ დროისათვის ცნობილი ადვოკატი მეტრ ბუდანი აუყვანა, რომელმაც შეძლო თითქმის სასიკვდილოდ განწირულ ქართველთა გადარჩენა. 1960-იანი წლების ბოლოს საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში სასიკეთო ცვლილებები დაიწყო. შესაძლებელი გახდა საბჭოეთიდან უახლოესი ნათესავების კაპიტალისტურ ქვეყნებში მიწვევა. სწორედ იმ პერიოდში მოხერხდა ტარასაშვილების საფრანგეთში ჩაყვანა. 1969 წელს, იმ დროისათვის უკვე გარდაცვლილი სერგო ტარასაშვილის მეუღლის, თამარ წულაძის მიწვევით, პარიზში ჩავიდნენ საშას ერთადერთი და ქეთევანი და ძმისშვილი ლალი. ქეთო და საშა ტარასაშვილები 40-წლიანი განშორების შემდეგ შეხვდნენ ერთმანეთს. ალექსანდრე ტარასაშვილი 1970 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლესთან ერთად - ტარასშვილი, ბლანშ (1920-2006). წყარო: https://gfsis.org.ge/files/my-world/21/8.pdf
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |