The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ წულაძე-ტარასაშვილი

თამარ წულაძე-ტარასაშვილი
Date of birth:192?
Date of death:2001
Category:Humanitarian

Biography

ქართველი მეცნიერი და ბიზნესმენი სერგო ტარასაშვილი (1902-1961) 1924 წლიდან ემიგრაციაში იმყოფებოდა. საქართველოდან წასვლის დროს იგი თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო, საფრანგეთში ჩასვლის შემდეგ სწავლა განაგრძო სტრასბურგის უნივერსიტეტში ელექტროინჟინრის სპეციალობაზე, საბოლოოდ კი ნავთობმომპოვებელი ინჟინრის სპეციალობას დაეუფლა პარიზის ნავთობის ინსტიტუტში.

სერგო ტარასაშვილი სხვადასხვა მიმართულებით მოღვაწეობდა. ის იყო ინჟინერი, მეწარმე, მეცნიერი. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში კი დააარსა მეტალურგიის ექსპორტი-იმპორტის ფირმა, რომელსაც გარდაცვალებამდე თავად ხელმძღვანელობდა.

1942 წელს სერგო ტარასაშვილმა იქორწინა თამარ წულაძეზე - საქართველოს პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხაზინადარის - ვასო წულაძისა და მარგალიტა გორდელაძის ქალიშვილზე. 1944 წელს სერგოს და თამარს შეეძინათ ტყუპი გოგონა - ირინა და ნინო, ხოლო 1946 წელს კიდევ ერთი ქალიშვილი - ელისო.

„ჩემმა მშობლებმა პარიზში გაიცნეს ერთმანეთი, მამულაშვილების სახლში, სადაც ქართველი ახალგაზრდობა იკრიბებოდა. მამაჩემი მემარჯვენეების მხარეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ჯგუფთან მეგობრობდა და დედაჩემი თამარი მემარცხენე იყო. მისი მამა ვასო წულაძე დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წევრი გახლდათ. ამაზე ჩხუბობდნენ: როგორ მოიყვანა სერგომ ცოლად სოციალისტის ქალიშვილიო?! , - იგონებს ნინო ტარასაშვილი.

თამარის უფროსი ძმა, სერგი წულაძე (1917-1977) იყო ექიმი-ფსიქიატრი, რომელიც მამამ 4 წლის ასაკში წაიყვანა ემიგრაციაში, 1958 წელს იგი ფრანგ მეუღლესთან და შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნდა. ცხოვრობდა თბილისში და წარმატებულ სამედიცინო პრაქტიკასთან ერთად ლიტერატურულ მოღვაწეობასაც ეწეოდა. მან ფრანგულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“.თარგმანი ცალკე წიგნად გამოსცა ფრანგულმა გამომცემლობა "გალიმარმა" (Gallimard), მას მიენიჭა საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული ლანგლუას (Charles - Victor langlois) სახელობის პრემია.

სამშობლოში დაბრუნდა თამარის და, ნინუკა წულაძეც. საფრანგეთში იგი პრემიერ-მინისტრ ლეონ ბლუმის პირადი მდივანი იყო. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქალბატონმა ნინუკამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ფრანგული ენის ქართველი სპეციალისტების მრავალი თაობა აღზარდა.

თამარ წულაძე ქალიშვილთან, ელისოსთან ერთად პირველად 1966 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მაშინ მისი მეუღლე უკვე გარდაცვლილი იყო. მთელი ნათესავები თვითმფრინავის ტრაპთან დახვდნენ. შეხვედრა ძალიან ემოციური გახლდათ: „საინტერესო ის იყო, რომ ამ ხალხს არ ვიცნობდი, მაგრამ ბებიაჩემი მათზე მუდმივად საუბრობდა… ორი წლის შემდეგ მარტო ჩამოვედი. მახსოვს, ბიძას, სერგი წულაძეს ვკითხე, - რას ფიქრობ, რომ თბილისში სამედიცინო სტაჟირება გავიარო-მეთქი? მიპასუხა, - შენი თაობა საფრანგეთში დაიბადა და სჯობს, იქ ისწავლოო“, - იგონებს ელისო ტარასაშვილი.

ტარასაშვილები პარიზიდან ზუსტად 18 კილომეტრში, კურორტ მონმორანსში ცხოვრობდნენ, საკუთარ სამსართულიან სახლში უზარმაზარი ბაღით, რომელსაც ორი მებაღე უვლიდა. 

სერგო გამორჩეულად მზრუნველი მამა იყო. შვილების აღზრდისას სულსწრაფობასაც კი იჩენდა, უნდოდა, რომ ისინი დროულად დაუფლებოდნენ საჭირო უნარ-ჩვევებს. ასე, მაგალითად, ჯერ კიდევ პატარებს ასწავლიდა მანქანის მართვას. ბავშვობიდან უნერგავდა შვილებს, რომ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად, აუცილებელია გულმოდგინე სწავლა, მუყაითი შრომა და ხასიათის სიმტკიცე, ასწავლიდა სამშობლოს სიყვარულს, რაც სასიკეთო, სასარგებლო საქმეების კეთებაში უნდა გამოიხატებოდეს, სამშობლო კი მისთვის ერთი იყო - საქართველო.

ქალიშვილების განათლებაზე დედაც ძალიან ზრუნავდა. სკოლაში ისინი პარიზში სწავლობდნენ, 14 წლის ასაკიდან კი ინგლისში განაგრძეს სწავლა. ეს თამარის სურვილით მოხდა: „ დედაჩემმა, რომელიც ტიპური გურული ქალი გახლდათ, აიჩემა, - ჩემმა ქალიშვილებმა ინგლისური უნდა იცოდნენო“, - იგონებს ერთ-ერთი ტყუპისცალი - ნინო ტარასაშვილი.

სერგო ტარასაშვილის გარდაცვალების შემდეგ თამარ წულაძემ სიურრეალისტების სურათებიდან ერთ-ერთი გაყიდა და გალერეა "დარიალი" დააარსა. იგი ბევრ მხატვარს იცნობდა, ისინი შემოიკრიბა და გამოფენებს აწყობდა. გალერეა გაიხსნა შესანიშნავი ჩინელი მხატვრის ნამუშევრებით, მერე იყო ვერა ფაღავა და ა.შ.

თამარ წულაძე თამაშობს ოთარ იოსელიანის 1992 წელს გადაღებულ ფილმში „პეპლებზე ნადირობა“. ფილმს, დიდი გამოხმაურება ჰქონდა საფრანგეთში. თამარი ასრულებს მარი-აგნეს დე ბეიონეტის როლს. როგორც ნინო ტარასაშვილი იგონებს, თამარი თავისი როლით კმაყოფილი იყო და გადაღებებზე სიამოვნებით დადიოდა. იმ პერიოდიდან ნინოს განსაკუთრებით დაამახსოვრდა ერთი ეპიზოდი: „ერთ დღესაც, ოთარი მოდის და დედას ეუბნება: საქართველო დამოუკიდებელი გახდა და ქალბატონო თამარ, არ გინდათ, ქართველი გახდეთო? დედამ გაკვირვებით შეხედა: ოთარ, თქვენ საბჭოელი ბრძანდებით და ქართველი ახლა გახდით, მე მთელი ცხოვრება ქართველი ვიყავიო. იოსელიანმა ვერაფერი უთხრა“, - სიამაყით აღნიშნავს ნინო ტარასაშვილი.

თამარ წულაძის მიერ დაარსებულ სამხატვრო გალარეაზე, ამჟამად, მისი ქალიშვილი ელისო ზრუნავს, მათ შორის ვერა ფაღავას ტილოებზე, რომლებიც მხატვარმა ჯერ კიდევ თავის სიცოცხლეში გადასცა გალერეა „დარიალს“. დღესდღეობით, აღნიშნული ნამუშევრები ეკუთვნის ელისო ტარასაშვილის მიერ 1990 წელს დაარსებულ „კულტურულ ასოციაცია - ვერა ფაღავას“("AC/VP - Association Culturelle Vera Pagava").

თამარის ტყუპი ქალიშვილებიდან ერთ-ერთს, ნინო ტარასაშვილს, ორმაგი მოქალაქეობა აქვს და ხანგრძლივი დროით ცხოვრობს, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში. მისი მეუღლე, მიხეილ ბალავაძე, ქართველია. მათ ერთმანეთი 1966 წელს გაიცნეს, ნინოს საქართველოში პირველი სტუმრობის დროს. შემდეგ მათი გზები გაიყარა. ორივემ ოჯახი შექმნა. 1990-იანი წლების დასაწყისში კი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს და 2008 წელს დაქორწინდნენ. მას შემდეგ ერთად არიან. საქართველოში ყოფნისას წავკისში ცხოვრობენ, საფრანგეთში კი ზღვისპირა ქალაქ სამალოში.

მედიცინის დოქტორი ელისო ტარასაშვილი იყო ერთ-ერთი ორგანიზატორი 2008 წელს პარიზში გამართული მხატვარ ელენე ახვლედიანისადმი მიძღვნილი გამოფენისა - „პარიზი-მონპარნასი-თბილისი“

2018 წელს ელისო ტარასაშვილმა საქართველოს საზოგადოებრივ არქივს გადასცა  დოკუმენტური არქივი, რომელიც მოიცავს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და სახელმწიფო მოღვაწის - ვასო წულაძის, ასევე, ქართული პოლიტიკური ემიგრაციის სხვა წარმომადგენლების მასალებს.

2022 წელს ნინო და ელისო ტარასაშვილებმა პარიზში მოიძიეს და თბილისის ხელოვნების სასახლეს საჩუქრად გადასცეს აკაკი წერეთლის ვაჟის, ალექსის არქივი, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა. ალექსი წერეთელმა თავისი დასის მთელი რეკვიზიტები მომავალი თავისუფალი საქართველოს თეატრს უანდერძა, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ანდერძი არაქმედითად ცნეს და წერეთლის ქონება აუქციონზე გაყიდეს. სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე ალექსის თავისი ძვირფასი არქივი ვერა ფაღავასათვის დაუტოვებია იმ იმედით, რომ ის დამოუკიდებელ საქართველოს მოესწრებოდა და არქივს სამშობლოში დააბრუნებდა. საბედნიეროდ,  საბოლოოდ  ანდერძი აღსრულდა და აკაკი წერეთლის ვაჟის ცხოვრების დიდი ნაწილი საქართველოს, მის კანონიერ ადგილს დაუბრუნდა.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki /სერგო_ტარასაშვილი

https://gfsis.org.ge/files/my-world/21/8.pdf

ტარასაშვილი ნინო. საფრანგეთში ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაბადებული ნინო ტარასაშვილის ემოციური ინტერვიუ / ესაუბრა ნანული ზოტიკიშვილი  //გზა: საზოგადოებრივ-პოლიტ. ჟურნალი. 2023. 9-15 ნოემბერი. N45 (1222). გვ. 51-53

ტარასაშვილი ელისო. "ნოე ჟორდანიასთან ბაბუას მიწერ-მოწერა ჰქონდა. მთავრობის ყოფილი წევრებიდან ჩვენთან ევგენი გეგეჭკორი მოდიოდა ხოლმე. ის კარგად მახსოვს, რადგან ახალუხი ეცვა": ინტერვიუ / ესაუბრა ნანული ზოტიკიშვილი //გზა: საზოგადოებრივ-პოლიტ. ჟურნალი. 2023. 12-18 ოქტომბერი.N41 (1218). გვ.60-61


Share: