Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ირაკლი აფხაზი![]()
Biographyირაკლი აფხაზის წინაპრები გვარად ანჩაბაძეები ყოფილან, ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზთა მამულების აკლების შემდეგ, რადგან მათ გვარს თავის ისტორიულ ტერიტორიაზე აღარ დაედგომებოდა, ისინი დასავლეთ ზღვისპირეთიდან საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში დამკვიდრებულან. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ყოველთვის აფხაზებად მოიხსენიებდა, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი გვარი. ირაკლის მამა, გიორგი დიმიტრის ძე აფხაზი (1855-1901) პირველი აღმოჩნდა, ვინც აფხაზთა ოჯახური ტრადიცია დაარღვია და ეთნიკურად არაქართველი ქალი, ალექსანდრა პეტრეს ასული მურომცევა (1858-1898) შეირთო ცოლად. ახალგაზრდობაში გიორგი რუსეთის არმიაში მსახურობდა პოდპოლკოვნიკის ჩინით და მომავალი მეუღლეც სწორედ იმ დროს გაიცნო. ალექსანდრა რუსეთის დიდგვაროვანთა შთამომავალი გახლდათ. გადმოცემის თანახმად, მურომცევების ოჯახი რუსეთის საიმპერატორო კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. ახალშეუღლებულები დასახლდნენ კარდანახში, თავის მამულში. აქ დაიბადა მათი ხუთივე შვილი - ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა. პირველი ვაჟი, დიმიტრი1891 წლის 25 ოქტომბერს შეეძინათ, 1892 წლის 10 ოქტომბერს ოჯახში კიდევ ერთი ბიჭი, გიორგი გაჩნდა, 1893 წლის 22 ოქტომბერს - ალექსანდრე, 1894 წლის 9 სექტემბერს - ირაკლი, 1896 წელს კი ნანატრი გოგონაც დაიბადა, რომელსაც ელიზავეტა დაარქვეს. ბავშვების ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდებოდა სხვა დიდგვაროვანთა შვილების ცხოვრებისაგან, მაგრამ ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ოჯახი მალე დაიშალა, რადგან 1898 წელს მათ დედა დაკარგეს, ხოლო 1901 წელს მოულოდნელად მამაც გარდაიცვალა. ბავშვებზე მზრუნველობა ახლო ნათესავებმა იკისრეს. სამი უფროსი ძმა საქართველოში, მამიდებთან დარჩა, ხოლო ლიზა და ირაკლი დედის ახლობლებმა იშვილეს, რუსეთში. ირაკლი და ლიზა ცხოვრობდნენ მოგილევის გუბერნიაში (ამჟამად ბელორუსი) ელიზავეტა ბენკენდორფთან. ირაკლი სწავლობდა მოგილევის კადეტთა სასწავლებელში, ლიზა კი გიმნაზიაში. ოთხი ძმა და მათი და უკანასკნელად 1910 -1912 წლებში გაერთიანდნენ, როცა უკვე ზრდასრულებმა ერთად დაიწყეს დამოუკიდებელი ცხოვრება საქართველოში. 1914 წლამდე ახალგაზრდა აფხაზების ყოველდღიურობა მთლიანად უმაღლესი განათლებითა და სტუდენტური ამბებით იყო მოცული. გიორგი პარიზში, სამხატვრო აკადემიაში ხელოვნებას ეუფლებოდა, ალექსანდრე და ირაკლი მოსკოვში სწავლობდნენ - ალექსანდრე მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ირაკლი კი ტიმირიაზევის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში. სწავლის დამთავრების შემდეგ ორივე სამშობლოში დაბრუნდა. 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა ძმების ცხოვრება ძირეულად შეცვალა. სამივე უფროსი ძმა ფრონტზე იბრძოდა და ოფიცრის სამხედრო წოდებაც ჰქონდათ. ირაკლი ორივე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა სამთო ეგერთა საჯარისო ნაწილში, როგორც მონადირე. ამ ნაწილს ევალებოდა არმიის ნანადირევით მომარაგება. 1918 წელს საქართველოს რესპუბლიკამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამ პერიოდში დიმიტრი სახელმწიფო სამსახურში იყო, ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა, რასაც იმდროინდელი პრესიდან ვიგებთ (საქართველოს რესპუბლიკა: ყოველდღიური გაზეთი. თბილისი, 1918. 8 აგვისტო, N12. -გვ. 2; 10 აგვისტო, N14. გვ.1). ალექსანდრე და გიორგი საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში იყვნენ. ალექსანდრე პარიზში საქართველოს სამხედრო ატაშეს მოადგილე იყო, გიორგის კი კონსულის თანამდებობა ეკავა რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში. როგორც ჩანს, 1920-იან წლებში დიმიტრიც საზღვარგარეთ მოღვაწეობდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულან. ირაკლი საქართველოში დარჩა. შეიძლება იმიტომ, რომ ძმებისგან განსხვავებით მას უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა. მოგილევში ცხოვრების პერიოდში მან გაიცნო მეზობელ მამულში მცხოვრები შორეული ნათესავი ელიზავეტა ნიკოლოზის ასული ბორდელიუსი (1898-1930), ნახევრად რუსი და ნახევრად გერმანელი. 1918 წელს ისინი დაქორწინდნენ, 1920 წელს კი დაიბადა მათი ვაჟი, ვადიმი. ირაკლი აფხაზს უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო განათლება ჰქონდა. გასაბჭოების შემდეგ იგი ცოლ-შვილთან ერთად სოფელში წავიდა და აგრონომად მუშაობდა. ადგილმდებარეობას ხშირად იცვლიდნენ. მისი შვილიშვილის, ვახტანგ აფხაზის ცნობით ამ პერიოდშია დაწერილი მისი წიგნი „Чай Грузии“, მოგვიანებით კი საკანდიდატო დისერტაციაც დაუცავს სოფლის მეურნეობაში. 1930 წელს ელიზავეტა ბორდელიუსი ტიფით გარდაიცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ ირაკლი აფხაზი მეორედ დაქორწინდა. ვადიმი დედინაცვალს ვერ შეეწყო და საცხოვრებლად გადავიდა რუსეთში ბებიასთან. ირაკლი დიმიტრის ძე ოთხჯერ იყო ქორწინებაში, მაგრამ მეტი შვილი არ ჰყოლია. 1952 თუ 1953 წელს ირაკლი აფხაზი საცხოვრებლად რუსეთში გადავიდა. დროებით მოსკოვში გაჩერდა, შემდეგ კი მონაწილეობა მიიღო კონკურსში და მუშაობა დაიწყო სმოლენსკის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ლექტორად. გარდაიცვალა 1968 წელს, სმოლენსკში. დაკრძალულია იქვე. მეცნიერ-მუშაკი იყო ვადიმ აფხაზიც. სკოლის დამთავრების შემდეგ მან ჩააბარა მოსკოვის ტორფის ინსტიტუტის მექანიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე თამარ ივანეს ასული ბატალინა (1922-2002) და მალე ოჯახი შექმნა. მათ სამი ვაჟი შეეძინათ: ვახტანგი (1943), ირაკლი (1946) და ვადიმი (1948). გარკვეული პერიოდი ვადიმ ირაკლის ძე მუშაობდა პოლიტექნიკური ინსტიტუტის პრორექტორად კალინინში (ამჟამად ტვერი). მოსკოვში დაბრუნების შემდეგ ლექციებს კითხულობდა საინჟინრო-სამშენებლო ინსტიტუტში. გარდაიცვალა 1979 წელს გულის შეტევით. დაკრძალულია მოსკოვის ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაოზე. ვახტანგ აფხაზი იხსენებს, რომ მამისა და ბაბუის სიცოცხლეში მან არაფერი იცოდა არც წინაპრების დიდგვაროვანი შთამომავლობისა და არც ემიგრანტი ნათესავების შესახებ. სტუდენტობის დროს ის ხშირად ჩადიოდა ბაბუასთან სმოლენსკში, ერთად დადიოდნენ სანადიროდ ტყეში და კარავშიც ბევრჯერ დასთენებიათ საუბარში გართულებს, მაგრამ წარსულზე არასოდეს ლაპარაკობდნენ. ამ თემით იგი მაშინ დაინტერესდა, როცა სმოლენსკიდან გადმოუგზავნეს საოჯახო ფოტოალბომი და მან აღმოაჩინა, რომ არ იცის, ვინ არიან მისი წინაპრები და ვერ ხვდება ფოტოზე გამოსახული ადამიანების ვინაობას. ამჟამად ვახტანგ ვადიმის ძე აფხაზი ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობს. იგი წლების მანძილზე იკვლევდა თავისი წარმომავლობის ისტორიას და ემიგრაციაში მცხოვრები ნათესავების ბედს. მან ამოიცნო ალბომში მოთავსებულ ფოტოებზე გამოსახული წინაპრების ვინაობა და მიღწეული შედეგები გამოაქვეყნა 2005 წელს აშშ-ში გამოცემულ წიგნში: Abkhazi: Historical Photo Album, რომელზეც მასთან ერთად იმუშავა მისმა სიძემ, ვლადლენ უმანსკიმ. წიგნს თან ერთვის ვახტანგ აფხაზის მიერ ერთ-ერთ რუსულ ფორუმზე გამოქვეყნებული სტატია "ოთხი ძმა აფხაზი" (რუსულ ენაზე). ამ პუბლიკაციიდან შევიტყვეთ, რომ დიმიტრი აფხაზი ცხოვრობდა იტალიასა და საფრანგეთში. 1923 წელს მისი თანაავტორობით რომში გამოიცა ნაშრომი „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“ (ფრანგულ ენაზე). დაქორწინებული იყო თამარ როსტომის ასულ დოლუხანოვაზე. მემკვიდრე არ დარჩენია. დიმიტრი აფხაზი გარდაიცვალა 1979 წლის 2 სექტემბერს, პარიზში. იქვე დაკრძალეს. გიორგი აფხაზის შემოქმედებით კვალს ვახტანგმა იტალიაში მიაკვლია. პროფესიით იგი მხატვარი იყო. თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრსა და შემოქმედებით ჯგუფთან. მოღვაწეობდა ხელოვნების სხვა სფეროებშიც. საქართველოში მის შესახებ მხოლოდ რამდენიმე წლის წინ შეიტყვეს. მკვლევარმა გიორგი კალანდიამ 2022 წლის მაისში თბილისის ხელოვნების სასახლეში მოაწყო გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენა, ასევე, გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტომასალა. გამოფენის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს ხელოვნების სასახლემ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამენოვანი კატალოგი. ალექსანდრე აფხაზის კვალს გერმანიაში მიაკვლიეს.იგი 1957 წელს გარდაიცვალა გერმანიის ქალაქ ვისბადენში. იქვე დაკრძალეს. ლიზას ბედი ძმების ცხოვრებაზე არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა. გოგონა ადრე გათხოვდა. ცოლად გაჰყვა სერგეი ბორდელიუსს, გვარდიის ოფიცერს. მათ ორი შვილი ეყოლათ. სამოქალაქო ომის დროს, ერთ-ერთი იძულებითი მიგრაციისას ბავშვები გზაში ტიფის ინფექციით დაავადდნენ და გარდაიცვალნენ. დამწუხრებულმა ცოლ -ქმარმა მონასტერს მიაკითხა - სერგეიმ მართლმადიდებლურს, ხოლო ლიზამ კათოლიკურს. მოგვიანებით, სერგეი რელიგიური მოტივით დააპატიმრეს და ციხისათვის თავი აღარასოდეს დაუღწევია. ლიზა კი აგრძელებდა კათოლიკური რელიგიის პროპაგანდირებას, პარალელურად, მთარგმნელადაც მუშაობდა. რელიგიური მოღვაწეობის გამო ლიზა აფხაზი1935 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს სმოლენსკის ოლქის ერთ-ერთ სოფელში. ქრისტიანულ მოღვაწეობას იგი გადასახლებაშიც ეწეოდა. ბედმა ინება, რომ და-ძმა თითქმის 50- წლიანი განშორების შემდეგ 1967 წელს შემთხვევით შეხვდა ერთმანეთს. სამწუხაროდ, ლიზა სულ რამდენიმე თვეში გარდაიცვალა და ირაკლისაც დიდხანს აღარ უცოცხლია. წყარო: Abkhazi Vakhtang & Umansky Vladlen. Abkhazi: Historical Photo Album. – USA, 2005 https://giorgi-abkhazi.artpalace.ge/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |