The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


გიორგი აფხაზი

გიორგი აფხაზი
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1892
გარდაცვ. თარიღი:1964  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:დიპლომატი, მხატვარი

ბიოგრაფია

იტალიაში მოღვაწე პირველი ქართველი დიპლომატისა და ხელოვანის გიორგი აფხაზის საგვარეულო აფხაზეთის ერთ-ერთი წარჩინებული გვარის - ანჩაბაძეთა - კახეთში, კარდანახში დამკვიდრებული შტო გახლდათ. ოსმალეთის იმპერიის მიერ აფხაზთა მამულების აკლების შემდეგ ისინი დასავლეთ ზღვისპირეთიდან საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში დამკვიდრდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა მათ ყოველთვის აფხაზებად მოიხსენიებდა, სწორედ აქედან წარმოიშვა მათი გვარი.

გიორგის მამა, გიორგი დიმიტრის ძე აფხაზი, სამხედრო გახლდათ, დედა - ალექსანდრა პეტრეს ასული მურომცევა რუსეთის დიდგვაროვანთა შთამომავალი იყო. წყვილს ხუთი შვილი შეეძინა, უფროსები ვაჟები იყვნენ -  დიმიტრი, გიორგი, ალექსანდრე და ირაკლი, ნაბოლარა კი  გოგონა აღმოჩნდა. მას ლიზა დაარქვეს.

სამწუხაროდ ბავშვები ძალიან ადრე დაობლდნენ, 1897 წელს დედა გარდაეცვალათ, 1901 წელს კი - მამა. მაშინ უფროსი ვაჟი 10 წლის იყო, გოგონა კი ოთხის.

პატარებზე ზრუნვა ნათესავებმა იკისრეს. სამი ძმა საქართველოში, მამიდასთან დარჩა, ხოლო ლიზა და ირაკლი რუსეთში მცხოვრებმა დედის ახლობლებმა იშვილეს.

1910-1912 წლებში და-ძმებმა ისევ თბილისში მოიყარეს თავი და ზრდასრული, დამოუკიდებელი ცხოვრება ერთად დაიწყეს. შემდეგ კი მათი გზები ისევ გაიყარა.

ნათესავები ბავშვებს განსაკუთრებული მზრუნველობით ზრდიდნენ და დაუღალავად ზრუნავდნენ იმაზე, რომ თითოეულ მათგანს ბრწყინვალე განათლება მიეღო. დაობლებული აფხაზები კარგად სწავლობდნენ და სხვადასხვა ევროპულ ენასაც ფლობდნენ.

1914 წლამდე ახალგაზრდების ყოველდღიურობა მთლიანად უმაღლესი განათლებითა და სტუდენტური ამბებით იყო მოცული.

გიორგი აფხაზი დაიბადა 1892 წლის 10 ოქტომბერს. დაამთავრა ტფილისის რეალური სასწავლებელი. 1911 წელს მოსკოვში გადავიდა, სადაც უნივერსიტეტში ფიზიკის, მათემატიკისა და ფერწერის კურსებს ესწრებოდა. 1913 წლის ბოლოს ლიეჟში გაეშურა, სადაც ელექტრონიკის ინსტიტუტში დაიწყო სწავლა. 1914 წელს კი უკვე პარიზის სახვითი ხელოვნების ინსტიტუტში ეუფლებოდა ხელოვნებას და  იქვე ცდილობდა სცენოგრაფის პროფესიისთვისაც აეღო ალღო.

ალექსანდრე აფხაზმა წარმატებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ირაკლიც მოსკოვში სწავლობდა.

პირველმა მსოფლიო ომმა ოთხივე ძმის ცხოვრება ძირეულად შეცვალა. გიორგიმ სწავლა შეწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. იგი ომის დაწყებისთანავე ჩაეწერა მოხალისედ ტფილისის ქართულ დრუჟინაში (3.11.1914) და თანამებრძოლებთან ერთად ბათუმის გავლით თურქეთის ფრონტზე გაეშურა. მონაწილეობდა ართვინის აღებაში (16.03.1915). შემდეგ მიავლინეს კონსტანტინოვის საარტილერიო სასწავლებელში (9.01.1916), რომლის  დაჩქარებული კურსის დამთავრებისთანავე უმაღლესი ბრძანებით საველე არტილერიის პრაპორშჩიკის წოდება მიენიჭა (29.06.1916).

დიმიტრი მესამე კავკასიურ სამხედრო პოლკში მსახურობდა და მოგვიანებით, მანაც დაიმსახურა პრაპორშჩიკისა და პოდპრაპორშჩიკის ჩინი.

ალექსანდრე აფხაზსაც მიანიჭეს პრაპორშჩიკის წოდება 1917 წლის 21 ივლისს. ბრძოლებში მონაწილეობდა უმცროსი ძმა, ირაკლიც.

1918 წელს საქართველოს რესპუბლიკამ ნანატრი დამოუკიდებლობა მოიპოვა. გიორგი აფხაზმა 1919 წლის ივნისიდან რომში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიურ მისიაში, სამხედრო ატაშედ დაიწყო მუშაობა. 1920 წელს უკვე კონსულის თანამდებობა დაიკავა.

თუმცა ქართველი ერის სიხარულმა მხოლოდ მცირე ხანს გასტანა, რადგან 1921 წელს საქართველოში წითელი არმია შემოიჭრა. ეს ამბავი გიორგიმ იტალიაში შეიტყო. სამშობლოში დაბრუნება არც უფიქრია, რადგან აქ მას კარგი არაფერი ელოდა.

მით უფრო, რომ იგი გენერალ კოტე (კონსტანტინე) აფხაზის ნათესავი იყო, ხოლო დედის მხრიდან რუსულ-გერმანული არისტოკრატიის წარმომადგენელი, ფონ ბენკენდორფების შთამომავალი.

გიორგიმ თანამდებობა დატოვა და რომში ლტოლვილის სტატუსით დარჩა.

ემიგრაციაში წავიდნენ დიმიტრი და ალექსანდრეც. მხოლოდ ირაკლიმ და ლიზამ ვერ მოახერხეს საზღვარგარეთ წასვლა.

1923 წელს გიორგი იტალიელ ლაურა დე ჯოვანიზე დაქორწინდა და მასთან ერთად საცხოვრებლად მილანში გადავიდა, სადაც 1937 წლის 28 ივლისს იტალიის მოქალაქეობა მიიღო.

გიორგი აფხაზი 1930 წლიდან აქტიურად თანამშრომლობდა რომისა და მილანის არაერთ თეატრსა და შემოქმედებით ჯგუფთან. იყო მრავალი სპექტაკლის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი მხატვარი.

თავის ნახატებს ის მარჯვენა ზედა ან ქვედა კუთხეში ხელს ლათინური ასოებით აწერდა: G Abkhasi, ანუ გიორგი აფხაზი.

მოღვაწეობდა კინოშიც. 1942 წელს ის ანდრია ბელობოროდევთან ერთად სცენოგრაფის სტატუსით მონაწილეობდა ფილმის ‘ნოი ვივის“ გადაღებაში. ამერიკელი მწერლის, აინ რენდის რომანის "ჩვენ, ცოცხლების" ეკრანიზაცია თითქოს ანტიკომუნისტური, სინამდვილეში კი ანტიავტორიტარული ფილმი იყო, რომელიც მოგვიანებით იტალიელმა ფაშისტებმა აკრძალეს;

ერთი წლით ადრე გიორგი აფხაზმა იმუშავა სერჯო ამიდეის ფილმზე "დედოფალი ნავარა"; 1940 წელს იგი იტალიური ფილმის "გიყვარდე, ალფრედოს" (Amami, Alfredo!) მხატვარიცაა;

ჯერ კიდევ დაუზუსტებელი საარქივო ცნობების მიხედვით, ქართველი ხელოვანი ცნობილი იტალიური ფილმის "ვერცხლის გვირგვინის" (La corona di ferro)) შემოქმედებით ჯგუფშიც იყო. რეჟისორ ალესანდრო ბლაზეტის ნამუშევრის პრეზენტაცია ვენეციის მეცხრე ფესტივალზე 1941 წლის 7 სექტემბერს გაიმართა, სადაც  ნომინაციაში საუკეთესო იტალიური ფილმი "მუსოლინის თასი" მიიღო;

თუმცა, გიორგი აფხაზს კინოზე მეტად აღიარება თეატრალურმა დადგმებმა და მხატვრობამ მოუტანა: 1930 წელს გააფორმა ორესტე ბიანკოლისა და დინო ფალკონის სპექტაკლი "სამკუთხედი"; ამავე წელს მილანის საოპერო თეატრ "არჩიმბოლდში" ის რიგი სპექტაკლების მთავარი მხატვარი იყო;

1931 წლის 11 თებერვალს მისი გაფორმებით მილანის თეატრ "მანძონიში" დაიდგა რინო ალესის "ღმერთების წყურვილი", 1932 წელს კი რომის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ თეატრ - „თეატრო არგენტინაში“ - კარლო გოლდონის "მიკიტანი";

გიორგი აფხაზის მიერ ნინო ნანისთან ერთად 1932 წელს მილანის ბაზრობის ოფიციალური მანიფესტის გაფორმებაში აშკარად იგრძნობა იტალიურ ხელოვნებაში დამკვიდრებული ტოტალიტარიზმის გავლენა;

1932 წელსვე გიორგი აფხაზი ხატავდა კაზინო "სან-რემოში" წარმოდგენილი ბალეტის "სკანდინავიური ლეგენდის" სცენებს;

1940-1944 წლებში ხელოვანი რომის საოპერო თეატრში მუშაობდა, სადაც იგორ სტრავინსკის ოპერა "მავრის" კოსტიუმებსა და სცენებს აფორმებდა;

მისი ბოლო და ერთ-ერთი ყველაზე აღიარებული ნამუშევარი იყო 1946 წელს მილანის ლა სკალას სცენაზე დადგმული გაეტანო დონიცეტის "სიყვარულის ელექსირი";

გიორგი აფხაზი იყო რამდენიმე იტალიური წიგნის ილუსტრატორიც. 1941 წელს ნიუ-იორკში გამოიცა მისი ნახატებით გაფორმებული - „katerina del vales Recipes of a Rolling Stones“, რასაც მოჰყვა 1949 წელს ტურინში დაბეჭდილი ლუიჯი მოტას რომანი -

„ I cacciatori del Far-West“, მანვე 1956 წელს გააფორმა თეატრალური ენციკლოპედია; განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს გიორგი აფხაზის შესანიშნავი ილუსტრაციები "კორიერა დე ლა სერას" ჟურნალისთვის "ლა ლეტურა". მისი ილუსტრაციის გმირები ხან სატირულია ("პეტრუშკა", "რუსი ბოიარი კრემლის ფონზე"), ხანაც ჯადოსნური ("გოგონა პეპლების გარემოცვაში");

გიორგი აფხაზი სარეკლამო სფეროშიც მოღვაწეობდა. მის მიერ შესრულებულ "სიტროენის" რეკლამაში კარგად იგრძნობა მხატვრის ინდივიდუალიზმი და ნიჭიერება. ავტომანქანისა და ადამიანის ძლიერი, ათლეტური ფიგურის ერთ სიბრტყეზე წარმოდგენით ოსტატურად არის გადმოცემული "სიტროენის" დანიშნულებაცა და ტექნიკური მხარეც;

ასეთივე შინაარსიანია 1930 წელს გამოშვებული ქალის ოდეკოლონის რეკლამა  - ‘Acqua di Colonia la Viscontea“. ნახატზე მედიდური საგვარეულო გერბის ფონზე მოჩანს იმპოზანტური ქალის ფიგურა, წინა პლანზე კი ოდეკოლონის დიდი შუშის ბოთლია წარმოდგენილი. ერთი შეხედვისთანავე ცხადი ხდება, რომ ეს ნაწარმი დიდებული, გამორჩეული ქალებისთვის არის განკუთვნილი;

გიორგი აფხაზის სიცოცხლის ბოლო წლებმა რომში ჩაიარა. დაუდასტურებელი ცნობებით ის მეტად ღარიბულად ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1964 წელს. მემკვიდრე არ დარჩენია.

2021 წლის 26-28 ნოემბერს, რომში, საგამოფენო სივრცეში Palazzo Velli Expo, გიორგი აფხაზის გამოფენა„Scomparizione“ („გაუჩინარება“) შედგა. ექსპოზიცია აერთიანებდა არტისტის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ საგამომცემლო ილუსტრაციებსა და სარეკლამო დიზაინს. ასევე, მასშტაბური სცენოგრაფიებისა და სასცენო კოსტიუმის ჩანახატების არასრულ კოლექციას, რომელთა სრულ ნუსხასაც რომის ოპერის თეატრი დღემდე ინახავს.

მხატვრის ნამუშევრები გამოირჩევა სიცოცხლით, ფერთა გამით, მყარი ხაზითა და ჩანაფიქრით. მისი შემოქმედება დღემდე ძალიან თანამედროვე და ნოვატორულია.

გიორგი აფხაზი განისვენებს რომის ფლამინიოპრიმა პორტას სასაფლაოზე. მის საფლავს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ მიაკვლიეს. საფლავი სავალალო მდგომარეობაში იყო. ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევით ერთ წელიწადში საფლავი განახლდა და მასზე შესაბამისი ქართულ-იტალიური წარწერაც გაჩნდა, ხოლო 2021 წლის 28 ნოემბერს რომში ჩატარდა საფლავის მემორიალური ქვის გახსნის ერთობლივი ცერემონია.

2022 წლის მაისში თბილისის ხელოვნების სასახლეში გაიმართა გიორგი აფხაზის ვირტუალური გამოფენა, რომელზეც წარმოდგენილი იყო დოკუმენტურ მასალებზე დაფუძნებული ანიმაციური ვიდეო ქართული გახმოვანებით, ასევე, გამოტანილი იყო რომის ოპერის არქივში დაცული ნამუშევრების ფოტომასალა.

გამოფენის მასალებზე დაყრდნობით საქართველოს ხელოვნების სასახლემ, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, გამოსცა გიორგი აფხაზის შემოქმედებისადმი მიძღვნილი სამენოვანი კატალოგი.

წყარო: 

https://giorgi-abkhazi.artpalace.ge/

https://kvirispalitra.ge/article/71384-giorgi-afkhazi-italiuri-theatraluri-mkhatvrobis-varskvlavi/

კალანდია გიორგი. გიორგი აფხაზი; იტალიური თეატრალური მხატვრობის ვარსკვლავი // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ყოველთვიური ჟურნალი. თბილისი, 2020, ნოემბერი. N8 (16). გვ. 32-36

გიორგი აფხაზი= Giorgi Abkhazi: [კატალოგი] / ავტორთა ჯგუფი: გიორგი კალანდია, ნენო გაბელია, ალექსანდრა მალუსარდო [და სხვა] ; კატალოგის შემდგენელი ირინე მოისწრაფიშვილი. თბილისი, 2022


გააზიარე: