შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
თამარ ალშიბაია-პატარიძე![]()
ბიოგრაფიათამარ ალშიბაია დაიბადა 1908 წლის 30 სექტემბერს, საქართველოში. დედამისი, ვერა ლორთქიფანიძე გახლდათ იმერეთის სოფელ საჩინოდან, მამა - ვლადიმერ ალშიბაია, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშიდან იყო. თამარის ვაჟის, ოთარ პატარიძის გადმოცემით ვლადიმერ ალშიბაია დადიანების სასახლის მოურავი გახლდათ და სწორედ მისი დახმარებით შეძლო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ 1919 წელს მინგრელსკის ყოფილი სასახლიდან თბილისში შესანახად გადმოეტანა ყველა ნივთი, რომელსაც მხატვრული და ისტორიული ღირებულება გააჩნდა. თამარს ჰყავდა უფროსი ძმა - კონსტანტინე (კაკო) ალშიბაია (1899-1986). მათი ბიძა იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი გრიგოლ კონსტანტინეს ძე ალშიბაია, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი საბჭოთა აზერბაიჯანში 1920-1921 წლებში. საქართველოში წითელი არმიის შემოჭრისას თამარი ბიძას სტუმრობდა აზერბაიჯანში. რუსული ფაქტორის გათვალისწინებით ალშიბაიების ოჯახი სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და იძულებით ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად თურქეთში გაჩერდნენ, შემდეგ იყო გერმანია და პოლონეთი, ბოლოს კი საფრანგეთში დამკვიდრდნენ. ემიგრაციაში იმყოფებოდა კაკო ალშიბაიაც. მან წარმატებით დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია და 1922 წელს ბიძის რჩევით ჩააბარა ბერლინის უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკულტეტზე. ორი წლის შემდეგ გადავიდა ფრაიბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ სწავლის დამთავრებამდე ექვსი თვით ადრე, ყველასთვის მოულოდნელად, საფრანგეთში გადასახლდა და 1930 წელს გაწევრიანდა „უცხოელთა ლეგიონში“. თამარ ალშიბაიამ და ელისე პატარიძემ (1896-1975) ერთმანეთი გაიცნეს 1938 წელს, 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ელისე სიტყვით გამოსულა და მის მიერ დაწერილი ლექსი წაუკითხავს. წლების შემდეგ, თამარი იხსენებდა, რომ მისი მომავალი მეუღლე ლექსის წაკითხვის წუთიდან, ერთდროულად შეუყვარდა და შეეცოდა კიდეც… ელისე პატარიძე ემიგრაციაში არ წასულა 1921 წელს. იგი საქართველოში დარჩა და აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში. სამშობლო 1924 წლის აჯანყების დამარცხების შემდეგ დატოვა ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმთან ერთად. ემიგრაციაში წასვლამდე ელისე დაოჯახებული იყო, მაგრამ მისმა პირველმა მეუღლემ, სოფიო გიორგაძემ, უცხოეთში წასვლაზე უარი თქვა და პატარა ვაჟთან ერთად საქართველოში დარჩა. დედა-შვილმა საბჭოთა რეპრესიების მძიმე გზა გამოიარა. 1950-იან წლებში ყაზახეთშიც იყვნენ გადასახლებული, თუმცა 1960-იანი წლებიდან მდგომარეობა გამოსწორდა, არჩილ პატარიძე საქართველოს დამსახურებული ექიმი გახდა და თბილისის ერთ–ერთი მსხვილი, რესპუბლიკური გაერთიანების მთავარ ექიმად მუშაობდა. ელისე პატარიძე უცხოეთში მოგვიანებით თამარ ალშიბაიაზე დაქორწინდა და არაჩვეულებრივი ქართული ოჯახი შექმნა. წყვილს სამი შვილი შეეძინა: თინა და ტყუპები – გულნარა და ოთარი. „ოჯახში ჩვენ ქართულად ვსაუბრობდით, ვმღეროდით... მამა ქართული ენის გაკვეთილებს გვიტარებდა, ქართულ ლიტერატურასთან ერთად საქართველოს ისტორიას და გეოგრაფიას გვასწავლიდა. ხშირად დავდიოდით წმინდა ნინოს ეკლესიაში, ვგალობდით და ვხვდებოდით ქართველებს“, - იხსენებს ოთარ პატარიძე. და–ძმებმა ერთმანეთთან დაკავშირება 1980-იანი წლებიდან შეძლეს. 1981 წელს აჩიკო პატარიძე ესტუმრათ პარიზში, ოთარი კი სამშობლოში, პირველად, 1991 წლის მაისში ჩავიდა როცა ის მიწვეული იყო პრეზიდენტის არჩევნებზე, როგორც დამკვირვებელი. ამის შემდეგ საქართველო კიდევ მრავალჯერ მოინახულა. ელისე პატარიძე, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს. რაც შეეხება, თამარ ალშიბაიას, მას შვილებმა, გულიკომ და ოთარმა აუსრულეს ოცნება და 1997 წელს ჩაიყვანეს მონატრებულ სამშობლოში. თამარ ალშიბაიამ მთელი ცხოვრება საფრანგეთში გაატარა, მაგრამ პრინციპულად არ მიუღია საფრანგეთის მოქალაქეობა და მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩა. გარდაიცვალა 2010 წლის 7 სექტემბერს. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე მეუღლის გვერდით. წყარო: პატარიძე, ოთარ. დაე, ქაქუცა გახდეს სამუდამოდ ჩვენი ერთობის კედელკირი და სიმბოლო! // ქართული უნივერსიტეტი. - , 2010. - 6-12 მაისი. - N63. - გვ.8-9 "მემკვიდრეობის" დღესასწაული ლევილში // მებრძოლი საქართველო / ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო. - პარიზი, 2006. - 26 მაისი. - N36(54). - გვ.61 https://www.facebook.com/permalink.php/?story_fbid=152823283212446&id=109740437520731&locale=ka_GE
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |