Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ტურფა პაპავა-ჭეიშვილი![]()
Biographyტურფა პაპავა-ჭეიშვილი დაიბადა 1914 წლის 22 დეკემბერს, საქართველოში, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის, დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტის წევრის აკაკი პაპავას (1890-1964) ოჯახში. დედა - თამარ გოგოლაშვილი-პაპავა (1888-1976) გახლდათ მსახიობი, მწერალი და მთარგმნელი. 1923 წელს თამარი და მისი ქალიშვილები - ტურფა და მზია გერმანიაში გაემგზავრნენ. ხანგრძლივი მგზავრობის შემდეგ, მოსკოვისა და რიგის გავლით ჩავიდნენ ბერლინში, სადაც 1922 წლიდან იმყოფებოდა აკაკი პაპავა. თამარ და აკაკი პაპავებმა ქალიშვილებს მრავალმხრივი განათლება მიაღებინეს. ისინი ჯერ ბერლინში სწავლობდნენ, შემდეგ კი ჰამბურგში, ბევრს კითხულობდნენ, დადიოდნენ ცეკვასა და მუსიკაზე, ცურვასა და ტანვარჯიშზე, ესწრებოდნენ ფილმებს და სპექტაკლებს, ეუფლებოდნენ ენებს, ბავშვობიდან თავისუფლად ლაპარაკობდნენ ექვს-შვიდ ენაზე... "ამ დროს ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომ ბავშვებს დედა ენა არ დავიწყებოდათ, - წერს თავის მემუარებში თამარ პაპავა, - ეს იყო ძალიან მძიმე საქმე და ამ სიძნელეს უნდა მოვრეოდი პირადად მე, რადგან აკაკის ამისთვის დრო არ ჰქონდა…". ეს მისია თამარ პაპავამ წარმატებით განახორციელა. მისი შვილები არა მხოლოდ თავად ფლობდნენ ქართულს სრულყოფილად, თავიანთ ნაგრამსაც დაბადებიდანვე უნერგავდნენ იმ აზრს, რომ მათთვის მხოლოდ ,,მშობლიურია მთავარი“. 1938 წელს ტურფა პაპავამ პარიზში ჯვარი დაიწერა ლეონიდე ჭეიშვილზე (1905-1990), მეცნიერ-ქიმიკოსზე, პოეტსა და მხატვარზე. ლეომ ბერლინ-შარლოტენბურგის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი დაამთავრა და სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა. იგი 21 წლის ასაკში, 1926 წლის დასაწყისში ჩავიდა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. ემიგრანტობაზე არ ფიქრობდა, მაგრამ უკან ვეღარ დაბრუნდა და მთელი ცხოვრება სამშობლოს მონატრება ტანჯავდა. აკაკი და თამარ პაპავების ოჯახში იგრძნო მან ის სითბო, რომელიც ასე აკლდა. 1941 წელს მზიაც დაოჯახდა, საშა ჭეიშვილს (1905-1991) გაჰყვა ცოლად. პაპავების ორივე ქალიშვილი გვარად ჭეიშვილზე გათხოვდა, მაგრამ ისინი მხოლოდ მოგვარეები იყვნენ, ლეო იმერელი ჭეიშვილი გახლდათ საშა კი - გურული. გერმანიაში ყველანი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობდნენ. მათთან იყრიდა თავს ევროპაში მიმოფანტული მთელი ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. მეორე მსოფლიო ომის დროს პაპავა–ჭეიშვილებისთვის ახალი ლტოლვილობის ხანა დაიწყო. შიმშილი, უსახლკარობა, გადაბუგული ქალაქიდან ქალაქში, სოფლიდან სოფელში ხეტიალი.როცა საბჭოთა ჯარები ბერლინს მიადგნენ, ისინი სოფელ ფლადუნგენის სკოლის შენობაში იყვნენ თავშეფარებულნი. სწორედ ამ სოფელში მოუსწრო მათ ომის დამთავრებამ. 1947 წელს ლეო ჭეიშვილი ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად საფრანგეთში გადასახლდა, სადაც მუშაობდა პარიზის პორცელანის ქარხნის ტექნიკურ დირექტორად. ლეოს და ტურფას იმ დროისთვის სამი შვილი ჰყავდათ: ნინო – 1939 წელს დაიბადა, მისი მომდევნო ტურფა-მარიამი (პუსი) – 1942 წელს, მზია-თამარი (ზიკუნა) – 1944 წელს. ომით დანგრეულ ევროპაში ჭირდა ცხოვრება. მძიმე ეკონომიკური და დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო 1948 წლიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა ამერიკას. პაპავა–ჭეიშვილების ოჯახმაც იქითკენ აიღო გეზი. თავდაპირველად არგენტინაში ჩავიდნენ, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში ლეგალურად წასვლა რთულ და ხანგრძლივ პროცედურას ითვალისწინებდა. არგენტინა კი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ყოველგვარი ფორმალურობის გარეშე იღებდა ახალ ემიგრანტებს ევროპიდან. ორივე ჭეიშვილმა ადვილად იშოვა სამსახური ბუენოს-აირესში. პაპავა-ჭეიშვილები დასახლდნენ ბუენოს–აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში. . ლეო ჭეიშვილი 1948 წლიდან 1960 წლამდე, როგორც სილიკატური ქიმიის დარგის აღიარებული სპეციალისტი, ხელმძღვანელობდა მინერალოგიის ინსტიტუტს. ტურფას და ლეოს არგენტინაში კიდევ ორი შვილი შეეძინათ: 1950 წელს – მაყვალა და 1953 წელს – დავითი. 1960 წლიდან ლეომ მეცნიერული მოღვაწეობა ამერიკის შეერთებულ შტატებში გააგრძელა. იგი პროფესორის თანამდებობაზე მიიწვიეს პენსილვანიის უნივერსიტეტში, როგორც მთავარი მეცნიერ-მკვლევარი კერამიკისა და მინის დამუშავების დარგში. 1962 წელს ოჯახური მდგომარეობის გამო კვლავ ბუენოს-აირესში დაბრუნდა. მომდევნო პერიოდში იგი იყო მინერალოგიის ინსტიტუტის სილიკატური განყოფილების დირექტორი. ტურფა პაპავამ და ლეო ჭეიშვილმა თავის ხუთივე შვილს შეასწავლა დედაენა. მათ კი, თავის მხრივ, შვილებსა და შვილიშვილებს ჩაუნერგეს ქართული ენის სიყვარული და პატივისცემა. საქართველოსადმი ინტერესი კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ რაც 1973 წლის აგვისტოში, მზია-თამარი (ზიკუნა) ეწვია დედ–მამის სამშობლოს. ერთი წლის შემდეგ კი არგენტინაში ჩავიდა ლეოს უმცროსი და, ეთერი, რომელიც მან 1964 წელს სუხიშვილების ანსამბლის მეშვეობით იპოვა და მასთან წერილობითი ურთიერთობა დაამყარა. ახალგაზრდა თაობა შემდგომ წლებშიც ხშირად სტუმრობდა საქართველოს, უფროსებმა კი სამწუხაროდ ეს ვერ მოახერხეს. პაპავა-ჭეიშვილები მუდამ ემიგრანტული ცხოვრების ცენტრში ტრიალებდნენ, ხოლო არგენტინის ქართული სათვისტომო, რომელსაც სხვადასხვა დროს ამ ოჯახის სამი წარმომადგენელი ედგა სათავეში, ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და გამორჩეული იყო. მთელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ ყოფილა ქართულ ემიგრაციაში მნიშვნელოვანი ეროვნული საქმე, რომ პაპავა-ჭეიშვილების დიდ ოჯახს მასში მონაწილეობა არ მიეღოს. მათ ოჯახში იყრიდა თავს იქაური ქართველობაც და საქართველოდან ჩასული სტუმრებიც. ემიგრაციაში ცხოვრების პირველი წლებიდანვე პაპავების ოჯახი ზრუნავდა ქართული კულტურის პოპულარიზაციაზე უცხოეთში. მათი ვეება ბიბლიოთეკა მრავალ იშვიათობას მოიცავდა და მთელ ქართულ ემიგრაციაში გახლდათ განთქმული: „იმ დროში ჩვენ ბევრ წიგნებს და ჟურნალ-გაზეთებს ვიღებდით საქართველოდანაც, როგორც ძველს, ისე ახალ გამოცემებს. ამ საქმეში ჩვენ ჩავაბით თითქმის ყველა ნათესავები, ნაცნობები, და მეგობრები. და აი, ამნაირად იზრდებოდა ჩვენი ბიბლიოთეკა, რომელითაც მარტო ჩვენ კი არ ვსარგებლობდით, არამედ ყველა, ვინც საქართველოს საკითხით მართლა დაინტერესებული იყო", - წერს თავის გამოუქვეყნებელ მემუარებში თამარ პაპავა. ამ უნიკალური ბიბლიოთეკის ერთი მცირე ნაწილი, საოჯახო არქივის ასევე მცირე ნაწილთან ერთად, ტურფა და მზია პაპავა-ჭეიშვილებმა 1997 წელს საქართველოს უსახსოვრეს. დღეს ეს ყველაფერი თბილისში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული თამარ და აკაკი პაპავების კაბინეტში. პაპავებმა უცხოეთში ბედუკუღმართობის გამო მოხვედრილი ძველი ქართული კულტურის არაერთი ნივთი შეიძინეს და დაკარგვას გადაარჩინეს. ამ საქმეში მათ ოჯახის სხვა წევრებიც ედგნენ მხარში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ეროვნული სიწმინდის, თბილისის სიონის საკურთხევლის ოქროსა და ვერცხლის მკედით ნაქარგი გადასაფარებლის ისტორია. ეს ფარდაგი ეკუთვნოდა დავით მესამის დედას ქეთევანს, რომელმაც 1773 წელს იგი სიონს შესწირა. XIX საუკუნეში ფარდაგი უკვალოდ გაქრა. 1937 წელს აკაკი და თამარ პაპავები გერმანიაში ერთ-ერთ კოლექციონერთან წააწყდნენ ფარდაგს და დიდი თანხით გამოისყიდეს. ომის შემდეგ არგენტინაში საცხოვრებლად წასულებმა კი თან წაიღეს. XX საუკუნის 80-იან წლებში სიონის საკურთხევლის გადასაფარებელი და სხვა ბევრი ქვეყნისთვის ღირებული ნივთი პაპავა-ჭეიშვილებმა საქართველოს დაუბრუნეს. დღეს ეს ფარდაგი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმშია დაცული. აკაკი პაპავა 1964 წელს გარდაიცვალა არგენტინაში. ანდერძის თანახმად მისი ფერფლი გადაასვენეს საფრანგეთში და ლევილის ქართველთა სავანეში დაკრძალეს. დღეს მის გვერდით განისვენებენ ამ ოჯახის სხვა წევრებიც: თამარ პაპავა, ლეონიდე ჭეიშვილი, ალექსანდრე (საშა) ჭეიშვილი, მზია პაპავა-ჭეიშვილი, ტურფა პაპავა-ჭეიშვილი და 1975 წელს მოულოდნელად გარდაცვლილი ტურფას ნაბოლარა ქალიშვილი მაყვალა ჭეიშვილი. ტურფა პაპავა-ჭეიშვილის გარდაცვალებით ქართული ემიგრაციის ერთი დიდი ეპოქა დასრულდა. იგი ამ ოჯახის უფროსი თაობის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო. გარდაიცვალა 2010 წლის 14 ოქტომბერს, 95 წლის ასაკში. წყარო: https://burusi.wordpress.com/2010/10/15/tamar-papava-3/ https://www.nplg.gov.ge/opentext/index.php?m=12&y=2010&art=20124
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |