შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი![]()
ბიოგრაფიაქეთი ორჯონიკიძე–ქეისი არის ჟურნალისტი, რეჟისორი, პროდიუსერი და მწერალი. დაიბადა 1969 წლის 16 ოქტომბერს, თბილისში. ჩვიდმეტი წლის ასაკში უკვე პრესაში მუშაობდა შტატგარეშე კორესპონდენტად. 1996 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. სტუდენტობის წლებში მუშაობდა პოლიტიკურ კორესპონდენტად ქართულ პრესაში და აქტიურად იყო ჩართული თავისუფალი პრესის ჩამოყალიბების პროცესში. 1998 წელს გაემგზავრა ნიუ-იორკში. თავიდან ფიქრობდა, რომ ინგლისურის კურსებზე ივლიდა, გამოცდილებას შეიძენდა და ერთ წელიწადში უკან დაბრუნდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა. ემიგრაციაში ცხოვრებამ მასში მწერლობის ნიჭი გააღვიძა და დაიწყო ნოველების წერა ემიგრანტულ თემებზე. ქეთი ბავშვობიდან წერდა. მისი პირველი მოთხრობა - „ნახვამდის წარბა“ - ზემო იმერეთს, ხარაგაულის რაიონის ულამაზეს სოფელ ღორეშას უკავშირდება, სადაც ზაფხულის არდადეგებზე ისვენებდა ბებია-ბაბუასთან. ეს მოთხრობა ჯერ ჟურნალ „პიონერში“, შემდეგ კი „საბავშვო მოთხრობათა კრებულში“ დაიბეჭდა. სხვა არაერთი მოთხრობაც ჰქონდა. კორესპონდენტად მუშაობის პერიოდში პროზისთვის აღარ ეცალა და დიდი ხნის განმავლობაში აღარაფერი დაუწერია. ამერიკაში ჩასვლის შემდეგ კი პროზას დაუბრუნდა და შექმნა ემიგრანტული ნოველების ციკლი, რომელიც 2000-2010 წლებში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა. მისი ყველა ნოველის გმირი რეალური პიროვნებაა. 2002 წელს გაიცნო და ცოლად გაჰყვა ირლანდიური წარმოშობის ამერიკელს, პატრიკ ქეისს. 2008 წელს შეეძინა ქალიშვილი - ნათია ქეისი. ქეთი ამბობს, რომ თავისი ნოველების პერსონაჟებს, რატომღაც, დიდ ეკრანზე ცოცხლად ხედავდა. ამან გადააწყვეტინა დაუფლებოდა ახალ პროფესიას, რეჟისორობას. 2007-2013 წლებში სწავლობდა ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტის ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც პირველი ქართველი სტუდენტი იყო. დღეისათვის შექმნილი აქვს ათამდე მოკლემეტრაჟიანი ფილმი ემიგრაციის თემაზე. 2010 წელს თბილისის საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქეთი ორჯონიკიძის პირველი ფილმი „თუთიყუში“. სცენარი ამავე სახელწოდების თავისივე ნოველის მიხედვით დაწერა, რომელიც თავის დროზე ბევრ ჟურნალ-გაზეთში დაიბეჭდა, 2004 წელს კი, ,,15 საუკეთესო ქართულ მოთხრობაში“ მოხვდა. „თუთიყუში“ 8 საერთაშორისო ფესტივალზე იქნა ნაჩვენები. ფილმ “ნანას“ (2014) გადაღებისთვის, რომელიც ქეთის სადიპლომო ნამუშევარია (მთავარ როლში ცუცა კაპანაძე), ორგანიზაციამ “ქალები ფილმისა და ტელევიზიისთვის” ქეთი დააჯილდოვა “ამომავალი რეჟისორი ქალის პრიზით”. ამ ფილმმა, ასევე, მოიპოვა „სამეფო ჯილდო“ კანადის ინტერნაციონალურ ფესტივალზე. ფილმისთვის “ქართული პური” (2016, მთავარ როლში კახი კავსაძე) ქეთი ორჯონიკიძე “საუკეთესო ევროპელი ქალი რეჟისორის” პრიზით დაჯილდოვდა (2017). ქეთი ორჯონიკიძე-ქეისის ფილმები ნაჩვენები იყო ბერლინალეს, კანის და მრავალ სხვა საერთაშორისო ფესტივალზე. ამჟამად მუშაობს ფილმზე „დაბრუნება“ ("The Return" ). ეს იქნება მესამე ნაწილი ტრილოგიისა, რომელშიც, აგრეთვე, შევა „ნანა“ და „ქართული პური“. „დაბრუნება“ ყველაზე მტკივნეულ ემიგრანტულ თემას ეხება, წლების მანძილზე დაშორებულ ოჯახებს. წყარო: https://chemikharagauli.com/?p=50305 https://www.facebook.com/www.nostal.ge/posts/363368007482751/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |