შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილი![]()
ბიოგრაფიაპოლტორაცკები წარმოშობით პოლონური წარჩინებული საგვარეულოს შთამომავლები იყვნენ. გრაფი ეგნატე პოლტორაცკი რუსეთის იმპერიის სამხედრო სამსახურში იდგა, ამიტომ მისი ოჯახი პეტერბურგში ცხოვრობდა, მდინარე ნევის ერთ-ერთ შენაკადთან მდგარ სასახლეში. ეგნატე აქტიურად იყო ჩაბმული დეკაბრისტულ მოძრაობაში. ამის გამო იგი დასაჯეს და გადაასახლეს კავკასიაში, კერძოდ, ქუთაისის გუბერნიაში. იქ მან იქორწინა ზედგენიძის ქალზე, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი - სიმონი და ივანე (1836- 1892). ძმებმა განათლება მიიღეს თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც ივანე დაუმეგობრდა ილია ჭავჭავაძეს. სწორედ მას მიუძღვნა ილიამ თავისი პოემა „აჩრდილი“. მანვე მონათლა ივანეს უფროსი ვაჟი, რომელსაც ნათლიის პატივსაცემად - ილია (ილიკო) დაარქვეს. ივანე პოლტორაცკი მსახურობდა თბილისში მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ნოტარიუსად. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ დაარსებაში. ასევე ღირსეული პიროვნება იყო სიმონ პოლტორაცკი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, იურისტად მუშაობდა და იქაურ ქართულ სათვისტომოსა და ქართველ სტუდენტებს მატერიალურად ეხმარებოდა. პირველი მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ივანე პოლტორაცკიმ იქორწინა ნადეჟდა (ნადო) გაბაშვილზე. ის გაბაშვილების ცნობილი ოჯახიდან გახლდათ. მისი და მარიამ გაბაშვილი პიანისტი და პირველი პროფესორი ქალი იყო საქართველოში. ნადო გაბაშვილთან ივანე პოლტორაცკის ექვსი შვილი შეეძინა: ნინო, ელენე, ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. გაბაშვილები თბილისში ზემელზე ცხოვრობდნენ, სადაც ორი სახლი ჰქონდათ, ოქროყანაში და მთაწმინდაზე კი ფლობდნენ მამულებს. აქ მათ ორი აგარაკი ჰქონდათ, ზემო და ქვემო. ზემო აგარაკის ორსართულიანი სახლი მოგვიანებით გადასცეს სოფლის მოსახლეობას სკოლისთვის, ხოლო შემდგომში სკოლამ პოლტორაცკის სიძის, ექვთიმე თაყაიშვილის სახლი შეიძინა. 1895 წლის 5 ივლისს ექვთიმე თაყაიშვილი ილია ჭავჭავაძის ხელშეწყობით დაქორწინდა ივანე პოლტორაცკის ქალიშვილ ნინოზე. ილია ექვთიმეს დიდ პატივს სცემდა. განათლებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდა იმ პერიოდში თბილისის სათავადაზნაურო სასწავლებელს ედგა სათავეში, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი იყო და უკვე დაეარსებინა საქართველოს საეგზარქოსო მუზეუმი - ერთ-ერთი პირველი სიძველეთსაცავი ჩვენს ქვეყანაში. ნინო პოლტორაცკაია ლამაზი ქალი გახლდათ, კარგად იცოდა რუსული და ფრანგული ენები, პარიზში დაამთავრა კონსერვატორია, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და ღირსეული თაყვანისმცემლებიც არ აკლდა. ექვთიმე მათ ოჯახში სტუმრად ხშირად დადიოდა, მაგრამ სიძეობაზე არ უფიქრია, რადგან პოლტორაცკის შვილები ბავშვობიდან უზრუნველად ცხოვრობდნენ, ექვთიმე კი უსახლკარო იყო, თბილისში ქირით ცხოვრობდა და თან პატარაობიდან კოჭლობდა. პოლტორაცკები დიდი სიხარულით არ შეხვედრიან ილიას ინიციატივას. ივანეს ერთმა ნათესავმა ექვთიმეს შემოუთვალა, ამ საქმეზე ჩვენთან მოსვლა არ გაბედო, თორემ იმ მეორე ფეხსაც მოგტეხავთო. ამ მუქარის შემდეგ ექვთიმემ მათი ოჯახიდან ერთბაშად ამოიკვეთა ფეხი. ამას ნინოს წერილები მოჰყვა: „ბატონო ექვთიმე, ნუ იფიქრებთ, იმიტომ გწერთ, რომ ჩვენთან მოსვლა გთხოვოთ. მე ხომ ვხედავ, როგორ იყენებთ ყოველგვარ საბაბს, რომ ჩვენთან მოუსვლელობა გაამართლოთ“; „მე არაფერი ვიცი თქვენს შესახებ. გთხოვთ მომწეროთ ვრცელი წერილი, თუ რას ფიქრობთ ჩემზე – ავსა თუ კარგს. რატომ ბრძანდებოდით ასე მოწყენილი ჩვენი უკანასკნელი შეხვედრისას?! ველი თქვენს ბარათს და მჯერა, რომ მოლოდინი ამაო არ იქნება. ასე არაა?!“; „ჩემთვის ძალზე მტკივნეული იქნება, თუ რამით გაგანაწყენეთ. ენას არ ძალუძს იმ სიტყვების წარმოთქმა, ჩემი გულიდან ამოხეთქვას რომ ლამობენ. ჩემს სულში ახლა უმშვენიერესი დარია. რა ბედნიერება იქნებოდა, რომ უსიტყვოდ გრძნობდეთ ჩემს მდგომარეობას. ნუთუ ამ სიტყვების შემდეგაც ვერაფერს ხვდებით? იმედი მაქვს ოპერის თეატრში თქვენი ნახვისა და იქნებ გასაუბრებისაც“… ეს წერილები აშკარად მეტყველებს ახალგაზრდა ქალის გრძნობებზე. ექვთიმემ და ნინომ დაქორწინება მხოლოდ ივანე პოლტორაცკის გარდაცვალების შემდეგ შეძლეს. ჯვარი სამების ეკლესიაში დაიწერეს. მათი მეჯვარეები ილია წინამძღვრიშვილი და ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღა გურამიშვილი იყვნენ. თავად ილია იმხანად პარიზში იყო და საფრანგეთიდან ძვირფასი საქორწინო საჩუქარი გამოგზავნა. ქორწილში დანთებული კელაპტრები ნინოს შეუნახავს და თბილისის დატოვებისას თან წაუღია. ერთი ამ კელაპტართაგანი ექვთიმემ ნინოს საფლავში ჩაატანა, მეორე მისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ საქართველოში მოულოდნელი წამოსვლის გამო კელაპტარი ლევილში დარჩა და ნინოს ანდერძი ვერ განახორციელა. ახალდაქორწინებულებმა ბინა თავდაპირველად ეკატერინე გაბაშვილის სახლში დაიდეს. მერე კი ოლღას ქუჩაზე, ნინოს მზითვად მოყოლილ ახალაშენებულ სახლში გადავიდნენ და მთელი სართული დაიკავეს. მზითევში ნინო პოლტორაცკაიას ოქროყანასა და მთაწმინდაზე მდებარე მამულებიც მოჰყვა, სადაც ექვთიმეს ხშირად უყვარდა დასვენება. ახალგაზრდები შეძლებულად ცხოვრობდნენ, ხშირად დადიოდნენ თეატრსა თუ ოპერაში. ნინოს ამის გარეშე არ შეეძლო. ექვთიმე ათას საქვეყნო საქმეში იყო გაბმული და მეუღლე ყველანაირად ხელს უწყობდა. მალე მათ გვერდით ბინაში დასახლდნენ ნინოს და, ანა პოლტორაცკაია და მისი მეუღლე ივანე ნიჟარაძე. ივანემ განათლება მიღო პეტერბურგში, სადაც ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. ექვთიმე ხელს უწყობდა მას განათლების გაღრმავებაში, დაჰყავდა ეთნოგრაფიულ ექსპედიციებში. სწორედ მისი დახმარებით გაიცნეს ერთმანეთი და დაახლოვდნენ ივანე და ანა. წყვილს ორი შვილი - ალექსანდრე და ნინო შეეძინათ. გოგონა ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. ივანე პოლტორაცკის ყველა შვილმა კარგი განათლება მიიღო. ილიკო საფრანგეთში ცხოვრობდა, პროფესიით სამთო ინჟინერი იყო, მუშაობდა პარიზის ბანკში, მუდმივი კავშირი ჰქონდა თავის ნათლიასთან. 1890 წელს პოლტორაცკებმა ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი თბილისის ფუნიკულიორის ტერიტორია ბელგიურ კომპანიას გადასცეს იჯარით, რომელმაც ფუნიკულიორი გაიყვანა. ილია ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორაცკიმ თანხა გამოაგზავნა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ელენე პოლტარაცკი ფრანგულის მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამაარსებელი გახლდათ თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის. ნინო, ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე კონსერვატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ, ალექსანდრე იურისტის პროფესიას დაეუფლა. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ, საფრანგეთში გადახვეწილმა მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყნის სამუზეუმო განძეულობა და ხელნაწერები ემიგრაციაში გაიტანა. ეროვნულ განძს მცველად გაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ. მთელი სამუზეუმო ქონება ერთ ღამეში ჩაალაგეს ყუთებში. ექვთიმეს დაევალა სამუზეუმო სიძველეთა ჯერ ბათუმში ევაკუაცია, ხოლო შემდგომ - ეროვნული განძის მეთვალყურეობა და დაცვა. ცოლ-ქმარს თბილისის დატოვება ისე სწრაფად მოუხდა, რომ ნინომ მაგიდიდან ჭურჭლის ალაგება და თოკებიდან სარეცხის ჩამოხსნაც ვერ მოასწრო. სახლიდანაც, საქორწინო კელაპტრების გარდა, არაფერი წაუღია. ექვთიმე თაყაიშვილი და მისი მეუღლე არ აუშვეს გემ „ერნს რენანზე“, რომელზეც განძეულობა იყო, რადგან გემი სამხედრო იყო. ისინი სხვა გემით გაჰყვნენ ხომალდს კონსტანტინოპოლამდე, სადაც განძეულობა გადატანილი იქნა გემზე „ბიენ ჰოა“. ამ გემით ისინი ტუნისის გავლით ჩავიდნენ მარსელში, სადაც მოხდა განძეულობისგან სამუზეუმო მნიშვნელობის მქონე ქონების გამოყოფა და 39 დაბეჭდილი ყუთი შენახულ იქნა ბანკში. თავდაპირველად გაჩერდნენ პარიზში, ვიქტორ ჰიუგოს პროსპექტზე, სასტუმროში, სადაც ქართული დელეგაცია ცხოვრობდა. 1922 წლიდან გადავიდნენ ლევილში. საგულისხმოა, რომ ნინო პოლტორაცკაია-თაყაიშვილისა თავს ქართველად თვლიდა. საფრანგეთში ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 1928 წლის 21 მაისს შევსებულ ოფიციალურ ანკეტაში მან გარკვევით მიუთითა, რომ ის იყო - ეროვნებით ქართველი. ექვთიმეს და ნინოს გასაოცარი სიყვარული და სულიერი ერთობა აკავშირებდათ. მიუხედავად მატერიალური სიდუხჭირისა ნინოს არასოდეს დაუჩივლია და მეუღლისთვის საყვედური არ უთქვამს. ნინოს გარდაცვალებამ, 1931 წლის 8 ივლისს, ექვთიმეს თავზარი დასცა. იგი ბრმა შემთხვევას ემსხვერპლა. ამ ამბავს ექვთიმე თაყაიშვილი ასე უამბობდა თავის უმცროს მეგობარს იროდიონ სონღულაშვილს: „რა მოგწერო, ჩემო კარგო, ქვა აღმართში მოგვეწია. ნინო ერთ ბნელ საღამოს დაეცა. ჯოჯოხეთური ღამე გავატარეთ. მეორე დღეს ექიმის თანხლებით, სპეციალური კარეტით ჩავიყვანეთ პარიზში და საავადმყოფოში მოვათავსეთ. მორჩენის პროცესი ხანგრძლივი იქნება. სულ უკანასკნელი 100 დღე მაინც უნდაო. ეს უფრო აწუხებს, რომ ვეღარ მივლის. ვცდილობთ, ეს ბედისწერაც გადავიტანოთ“. უბედური შემთხვევის შემდეგ ნინო ფეხზე ვეღარ წამოდგა. საავადმყოფოში 8 თვე იწვა. შემდეგ კიდევ ერთი წელი ლევილში გაატარა ლოგინად ჩავარდნილმა. ამ ხნის მანძილზე ექვთიმე ერთი საათითაც არ მოშორებია მეუღლის საწოლს. პარიზში გამომავალი გაზეთის „დამოუკიდებელი საქართველოს“ 1931 წლის 67-ე ნომერში გამოქვეყნებულ ნინო პოლტარაცკაიას ხსოვნისადმი მიძღვნილ ნეკროლოგში ეწერა: „ქ-ნი ნინო 1895 წელს დაქორწინდა ახალგაზრდა მეცნიერ ექ. თაყაიშვილზე და მთელი ოცდათექვსმეტი წელიწადი იყო თავისი ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემამსუბუქებელი... მისი მაღალი ბუნება, მოსიყვარულე, გულშემატკივარი, თავაზიანი, პატივისმცემელი, ყველას ხიბლავდა და იზიდავდა“. ნინო პოლტორაცკაია ლევილის ქართველთა საძვალეში იყო დაკრძალული, თუმცა 1987 წლის 22 თებერვალს მისი ნეშტი ჩამოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით, 2000 წელს კი ორივემ მთაწმინდის პანთეონში პოვა სამუდამო განსასვენებელი. ნინოსა და ექვთიმეს საკუთარი შვილი არ ჰყავდათ და პანსიონიდან იშვილეს უკვე მოზრდილი გოგონა ლიდა თაყაიშვილი (ექვთიმეს მოგვარე), რომელიც წლების შემდეგ ნინოს ძმის, ალექსანდრე პოლტორაცკის მეუღლე გახდა. თბილისში დაბრუნების შემდეგ ექვთიმე ლიდასთან ცხოვრობდა. საზოგადოებისთვის ნაკლებადაა ცნობილი, რომ ექვთიმეს ხელნაწერების დიდი ნაწილი სწორედ ლიდა პოლტარაცკაიას დამსახურებით გადარჩა. ექვთიმე თაყაიშვილის 150 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეგიდით იუნესკომ 2013 წელი ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო წლად გამოაცხადა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირდებით 2013 წლის 24- 26 დეკემბერს მწერალთა სახლისა და საქართველოს ხელნაწერთა ცენტრის ურთიერთთანამშრომლობით გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა ექვთიმე თაყაიშვილისა და მისი მეუღლის სიყვარულის ისტორიას. წყარო: ლებანიძე, მურმან, სიტყვა წარმოთქმული მთაწმინდის პანთეონში ექვთიმე თაყაიშვილისა და ნინო პოლტორაცკაიას აქ გადმოსვენებისას // სამი საუნჯე: ჟურნალი.- თბილისი, 2013.- მარტი.- N1(7).-გვ.6 https://ka.wikipedia.org/wiki/ ივანე_პოლტორაცკი ჯავახიშვილი ნიკო. ექვთიმე თაყაიშვილის წინაპრები და ოჯახური გარემო // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები - თბილისი, 2011. - [ტ.] IV. - გვ.285-296. https://150ekvtime.wordpress.com/2013/02/22/ორწინება-ოჯახი-პოლტარე/
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |