შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ქეთევან მიქელაძე![]()
ბიოგრაფიამოდელიერ-დიზაინერი ქეთევან (ქეთო) მიქელაძე დაიბადა 1905 წელს, თბილისში. მამა - რუსეთის საიმპერატორო არმიის ოფიცერი, თავადი სიმონ კონსტანტინეს ძე მიქელაძე (1858-1905), დედა - მარიამ (მაკა) ივლიანეს ასული ერისთავი (1868-1940). ოჯახი რუსეთის იმპერიის უმაღლეს არისტოკრატიულ წრეებს მიეკუთვნებოდა. გენეალოგ იური ჩიქოვანის საშრომის მიხედვით (https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/ 1234/4908/1/Mikeladzeebi.pdf. გვ. 80) სიმონ მიქელაძე წარმოშობით იმერეთის სოფელ კულაშიდან იყო. მარიამზე 1883 წელს დაქორწინებულა. მათ რვა შვილი ეყოლათ: თამარი (1886-1971, ნინო (? – 1925), ქეთევანი (1893-1973), ნატალია (1894 - ?), ანასტასია (1895-1986), კონსტანტინე (1897-1918), გრიგოლი (1898-1957) და ყველაზე უმცროსი, შემდგომში ცნობილი დირიჟორი, 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, ევგენი მიქელაძე (1903-1937). ბავშვებმა მიიღეს შესანიშნავი განათლება, იცოდნენ უცხო ენები და რუსული არისტოკრატიის მაღალ წრეებში ტრიალებდნენ. ქეთო მიქელაძე დაქორწინდა ივანე ლასენზე, დანიური (თუ შვედური) წარმოშობის რუს ოფიცერზე. კაპიტანი ლასენი 1900-იანი წლების პირველ ნახევარში მსახურობდა ირანში და თავის ჯარისკაცებთან ერთად ძლივს გადაურჩა ხოცვა-ჟლეტას ქალაქ ურმიაში კონსტიტუციური რევოლუციის დროს. მე-20 საუკუნის დასაწყისში განვითარებულმა მოვლენებმა არისტოკრატიის ცხოვრება თავდაყირა დააყენა - რევოლუცია, სამოქალაქო ომი, რეპრესიები… ახალ რეალობაში ყოფა, ტიტულებისა და ფულის გარეშე, ურთულესი აღმოჩნდა. უმეტესობა ემიგრაციაში წავიდა და ფაქტიურად ნულიდან დაიწყო ცხოვრება - ზოგმა ქონების ნაწილის გატანა მოახერხა, ზოგი სიღარიბეში დაიღუპა, მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც შეძლეს მიეღოთ ახალი თამაშის წესები და არა მხოლოდ გადარჩნენ, არამედ კიდევ ერთხელ იპოვეს ღირსეული ადგილი საზოგადოებაში. 1930 წელს, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, ქეთო მიქელაძე, ქალიშვილთან, სიგრიდ ლასენთან ერთად, პარიზის გავლით ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1931 წელს მან დაიწყო მოდელად მუშაობა დახვეწილი მოდის განყოფილებაში, ბერგდორფ გუდმენის უნივერმაღში მეხუთე ავენიუზე. გარკვეული პერიოდი მას ზიგფელდის გოგონების შოუ-სპექტაკლშიც კი მოუწია ცეკვა. პარალელურად, მუშაობდა მკერავად და გამყიდველად. სილამაზით, განათლებითა და გემოვნებით ქეთო მიქელაძემ სწრაფად მიიპყრო ნიუ-იორკის მაღალი საზოგადოების ყურადღება. მან სწრაფად გაიკეთა კარიერა და რამდენიმე წლის შემდეგ გახდა ელიზაბეტ არდენის კომპანიის Elizabeth Arden Inc-ის ქალის პრემიუმ თეთრეულის ხაზის სპეციალური დიზაინერი. მის მიერ შექმნილი მოდელები ძალიან ძვირად იყიდებოდა. გარდა ელიზაბეტ არდენისა, რომელიც მოხიბლული იყო ქართველი პრინცესით, ქეთევანი მეგობრობდა ცნობილი კოსმეტიკური ბრენდის დამფუძნებელ ჰელენა რუბენშტეინთან (1882-1965 წწ.). მათ ისიც აკავშირებდათ, რომ ჰელენა ბიზნესმენ არჩილ ჭყონიას მეუღლე იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ქეთევან მიქელაძემ შეძლო საკუთარი მოდის იმპერიის შექმნა. მან წამოიწყო ბიზნესი, რომელიც კაბების მოდელირებასთან იყო დაკავშირებული და გახსნა ქალის თეთრეულის მაღაზია ნიუ იორკში, სახელად Ketto Inc. დიზაინერის ქალიშვილი სიგრიდ ლასენი გახდა მომღერალი და მსახიობი. იგი მონაწილეობდა მსუბუქ და კომიკურ ოპერებში, გადაღებულია რეკლამებში და რამდენიმე ამერიკულ ფილმში. ქეთევან მიქელაძე გარდაიცვალა 1973 წელს. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Микеладзе,_Кетеван_Семёновна https://dzen.ru/a/ZOV5JxDsWlQK-8Ve https://alphapedia.ru/w/Keto_Mikeladze ჩიქოვანი, იური. მიქელაძეთა საგვარეულო ; II. მხეიძეთა საგვარეულოები : (ისტორიულ-გენეალოგიური გამოკვლევა) / ი. ჩიქოვანი, ი. ბიჭიკაშვილი . - თბილისი, 2005. - გვ. 69-71
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |