შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
დავით ურატაძე![]()
ბიოგრაფიადავით (დათიკო) გიორგის ძე ურატაძე დაიბადა 1916 წელს, საქართველოში. იგი იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრის, დიპლომატის, გრიგოლ ურატაძის ძმისშვილი. გრიშა ურატაძე ემიგრაციაში 1922 წლის დასაწყისში წავიდა და 6 წლის დათიკოც თან წაიყვანა. დავით ურატაძე პარიზში გაიზარდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნებაზე მუდმივად ოცნებობდა. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელთა მხარეს იბრძოდა და საბჭოთა კავშირის დამარცხების იმედი ჰქონდა. ომის შემდეგ აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თანამშრომლობდა ქართულ ემიგრანტულ პრესასთან - „ჩვენი დროშა“ = NOTRE DRAPEAU: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელ ბიუროს პერიოდული ორგანო (პარიზი); „მებრძოლი საქართველო“ = La Georgie Combattante: ქართული ეროვნული საბჭოს ორგანო (პარიზი) და სხვ. 1950-იანი წლების დასაწყისიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა მიუნხენში, ამერიკელების მიერ დაარსებულ რადიო „თავისუფლების“ ქართულ რედაქციაში. რადიო ,,თავისუფლება’’ 1953 წელს ჩამოყალიბდა და გადაცემები იმავე წლის 1 მარტს გავიდა, ხოლო ქართულ ენაზე მაუწყებლობა დაიწყო 1953 წლის 17 მარტს. პირველი რედაქციის შემადგენლობაში იყვნენ: რაჟდენ არსენიძე, დავით ურატაძე და ილია კუჭუხიძე. დათიკო ურატაძე დაქორწინებული იყო ჟურნალისტ გულნარა პატარიძეზე (1943-2003), პოლიტიკური ემიგრანტების ელისე პატარიძისა და თამარ ალშიბაიას ქალიშვილზე. 1967 წლიდან გულიკოც „რადიო თავისუფლების“ ქართული რედაქციის თანამშრომელი იყო. რედაქციაში ბევრი კეთილი საქმე კეთდებოდა, საუბრობდნენ ისეთ თემებზე, რომლებზეც საქართველოში ფიქრიც კი აკრძალული იყო: საუბარი ძირითადად ეროვნულ პრობლემებს შეეხებოდა. რადიო „თავისუფლების" თანამშრომლები თავგამოდებით იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გრიგოლ წერეთელი თავის წიგნში - „ქართული ემიგრაცია და ადამიანები“ (პარიზი, 1971), ქართული რედაქციის ჟურნალისტებზე წერს: „ჩვენმა ბედმა მათ არგუნათ დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ტვირთი. ქართველ ხალხთან ლაპარაკი ადვილი არ არის. ისენი არიან მონობაში და მათთან საუბარი მოითხოვს დიდ კულტურას, ცოდნას, ტაქტს და გონებას. უსურვეთ მათ წარმატებას, ამ რთულ მისიაში და პირნათლად გამოსვლას“. დავით ურატაძე გარდაიცვალა 1978 წელს, მიუნხენში. გადაასვენეს ლევილში და იქ დაკრძალეს. მასთან ერთად განისვენებს მისი მეუღლე გულნარა პატარიძე-ურატაძისა. წყარო: დავით ურატაძე [გარდაცვალების ცნობა] // „ჩვენი დროშა“ = NOTRE DRAPEAU: საქ. სოც.-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთელ ბიუროს პერიოდული ორგანო. პარიზი. 1978. ოქტომბერი, N91. გვ. 23 მურუსიძე, შორენა. "ქართველ მხედართა დარაზმულობის" ისტორიიდან : ქართული ემიგრაციის ისტორიიდან / შორენა მურუსიძე, ერეკლე შველიძე // ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები. - თბილისი, 2009. - N2(6). - გვ.161-170. ნოე ჟორდანიას გარდაცვალების წლისთავი მიუნხენში // მებრძოლი საქართველო. - პარიზი, 1954. - იანვარი-თებერვალი. - N18. - გვ.13
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |