The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მარია მერიკო

მარია მერიკო
ოფიციალური სახელი:მარიამ ალიხანაშვილი
დაბადების თარიღი:24 მარტი, 1920
გარდაცვ. თარიღი:29 ივლისი, 1994  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

მარიამ (მერი) ალიხანაშვილი (მარია მერიკო) დაიბადა 1920 წლის 24 მარტს, ქ. ქუთაისში. მამა - სოციალ-დემოკრატი ვანო ალიხანაშვილი, დედა - ეკატერინე გელაშვილი (ბები კატი).

1921 წელს ერთი წლის მარიამი მშობლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. გარკვეული პერიოდი კონსტანტინოპოლში გაჩერდნენ, 1923 წელს კი პარიზში გადავიდნენ საცხოვრებლად.

1926 წელს ვანო ალიხანიშვილი სამშობლოში დაბრუნდა და 1937 წლამდე აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. ამავე დროს, წერდა ისტორიულ თხზულებას საქართველო–სპარსეთის ურთიერთობაზე.

ქალიშვილთან განშორებას ვანო ძალიან განიცდიდა და ყველანაირად ცდილობდა საქართველოში ჩამოეყვანა. მიზეზად ბავშვის სუსტ აგებულებას ასახელებდა და  

აღნიშნავდა, რომ მისი ჯანმრთელობისთვის ჰავის შეცვლა აუცილებელი იყო. მას  საბუთებიც შეუგროვებია გოგონას ჩამოსაყვანად, მაგრამ გამოსამგზავრებლად გამზადებული და უკვე მარსელში ჩასული მარიამი მამის დეპეშამ ისევ უკან, პარიზში გააბრუნა. სიფრთხილის მიზეზი მოხშირებული დაპატიმრებები გახდა, რამაც გოგონას ჩამოსვლა სახიფათო გახადა. მალე ვანოც დააპატიმრეს და 1937 წელს დახვრიტეს. 

მარიამმა საფრანგეთში განაგრძო  სწავლა და დაწყებითი განათლების მიღების შემდეგ შევიდა გომონ–პალასის კლასიკური ცეკვის სკოლაში, თუმცა სუსტი ჯანმრთელობის გამო იძულებული გახდა სასწავლებელი დაეტოვებინა. 

1941 წელს იგი ჩაირიცხა პარიზის ხელოვნების აკადემიაში, ქანდაკების განყოფილებაზე.  სწავლის დასრულება ვერც იქ შეძლო, რადგან ფიზიკურად სუსტი იყო, ქვასთან ჭიდილს კი ძალა სჭირდებოდა.

მარიამ ალიხანაშვილის პროფესიული გზისთვის გარდამტეხი 1943 წელს გამოდგა, როცა ის მეგობარს გაჰყვა ვაკერის სტუდიაში, სადაც დრამატული ხელოვნების კურსებს ატარებდა ცნობილი მსახიობი, პროფესორი ფერნანდ ბელანი. მოგვიანებით, მარიამი ფერნანდს ცოლად გაჰყვა და მასთან ორი შვილი შეეძინა.

მარიამ ალიხანაშვილის სამსახიობო მოღვაწეობა 1945 წელს დაიწყო. ის ძირითადად ძლიერი და ტრაგიკული ქალების როლებს ასრულებდა. თავად კომედიურ ჟანრს ანიჭებდა უპირატესობას, თუმცა ტელევიზიამ ტრაგიკულ-დრამატული კატეგორიის მსახიობის იმიჯი შეუქმნა.

1946 წელს პარიზულმა კრიტიკამ მარია მერიკოს პირველი დადებითი რეცენზიები უძღვნა. ასე დაიწყო პარიზისა და სხვა ქალაქების თეატრებსა და ფესტივალებზე მისი წარმატებული გამოსვლები კლასიკურ და თანამედროვე პიესათა დადგმებში: „ოიდიპოს მეფე“, „ბერნარდა ალბას სახლი“, „კორიოლანოს“ „ფედრა“ და სხვა.

მსახიობმა მალე მიიქცია კინემატოგრაფისტთა ყურადღებაც. 1957-1993 წლებში საყურადღებო როლები შეასრულა ცნობილი რეჟისორების ფილმებში, მათ შორის: ალბერტინა (საშა გიტრის "მკვლელები და ქურდები"), ქალბატონი ჟორჟი (ანდრე იუნებელის "პარიზის საიდუმლოებანი"), ქალბატონი ფლორინდი (ფილიპ დე ბროკას "გამოუსწორებელი"), ქალბატონი პაკო (ანატოლი ლიტვაკის "მანდილოსანი მანქანაზე სათვალითა და თოფით"), მადემუაზელ ვინევა (პატრის ამბარდის "მიჰყევით ამ თვითმფრინავს"), კატრინი (კრისტინა კომენჩინის "პირადი ცხოვრების გასართობებში") და მრავალი სხვა.

მარია მერიკომ განსაკუთრებით შთამბეჭდავი სახე შექმნა ალექსანდრე დიუმას რომანის მიხედვით 1971 წელს გადაღებულ ფილმში „გრაფინია დე მონსორო“, რომელშიც ეკატერინე მედიჩის როლს ასრულებდა.

1947 წლიდან მარიამ ალიხანაშვილი აქტიურად მონაწილეობდა რადიოგადაცემებში. საბავშვო გადაცემაში „ღამის კარიბჭესთან“ ფრანგ ბავშვებს პირდაპირ ეთერში უკითხავდა ზღაპრებს, ხოლო ემიგრანტული ჟურნალის, „კავკასიონის“ ცნობით, ის იყო პირველი სტერეოფონური გადაცემის, „სპარსელების“ წამყვანი.

ტელევიზიის ეკრანებზე მარია მერიკო 1960 წლიდან გამოჩნდა. მისი დებიუტი შედგა „მავრის საქმეში“, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. რასაც მოჰყვა ფილმები: „საქმე მოწამვლის თაობაზე“, „ტროელები“, „სელესტინა“, „ქალებმაც წააგეს ომი“ და ა.შ.

1993 წლამდე მარია მერიკომ მონაწილეობა მიიღო 14 სპექტაკლში, 16 ფილმში, 25 სატელევიზიო სერიალსა და გადაცემაში.

1994 წელს სატელევიზიო სერიალში „ნესტორ ბურმა“ შესრულებული როლი მისთვის უკანასკნელი აღმოჩნდა.

მარიამ ალიხანაშვილი 1994 წელს გარდაიცვალა სიმსივნით, პარიზის ვილფრაჟის ჰოსპიტალში.

წყარო:

დაუშვილი რუსუდან. მარიამ (მერი)ალიხანაშვილი-ბელანი (მარია-მერიკო) // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 22-29  .

ქუთათელაძე ზურაბ. მარია მერიკო (1920-1994) // ქართული გენი უცხოტომელთა სამსახურში : 100 რჩეული ბიოგრაფია : მონოგრაფია / ზურაბ ქუთათელაძე.-  თბილისი, 2011. - გვ.110. 

https://speech.ge/istoriuli-emigratsia/maria-meriko-msakhiobi-saphrangethi/

https://georoyal.ge/?MTID=104&TID=84&id=483

ბიბილაშვილი, მაკა. მარია მერიკო ალიხანაშვილი : პირველი ქართველი წამყვანი // ფოკუსი. - თბილისი, 2009. - იანვარი. - N30. - გვ.94-99

 


გააზიარე: