The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ალექსანდრე ჭეიშვილი

ალექსანდრე ჭეიშვილი
სხვა სახელი:საშა  (შემოკლებული ფორმა)
დაბადების თარიღი:27 მაისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:29 მაისი, 1991  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ინჟინერი

ბიოგრაფია

ალექსანდრე (საშა) ჭეიშვილი წარმოშობით იყო ოზურგეთის მაზრის სოფელ ასკანიდან. დაიბადა 1905 წლის 27 მაისს, მეღვინისა და მეცენატის სოლომონ ჭეიშვილის (1851-1925) შეძლებულ ოჯახში. დედა - ნანა შევარდნაძე.

საშა ჭეიშვილმა სკოლა თბილისში დაამთავრა და ინდუსტრიულ ინსტიტუტში სწავლობდა საინჟინრო განხრით. 1926 წელს საფრანგეთში გაემგზავრა და სწავლა გრენობლის უნივერსიტეტში განაგრძო. მისი საზღვარგარეთ წასვლა 1924 წლის აჯანყებას უკავშირდება. საშა აჯანყებულებს თანაუგრძნობდა და  როცა დამარცხდნენ არეულ ქვეყანაში ცხოვრებას დროებით გაცლა ამჯობინა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, სამუდამოდ.

გრენობლის შემდეგ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში ცხოვრობდა და მუშაობდა. მერე პარიზში გადავიდა და ქართველთა მიერ დაარსებულ რძისა და მაწვნის ქარხანაში მოეწყო სამუშაოდ.

1930-იან წლებში ნიცაში გაიცნო სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სიტყვიერების ფაკულტეტის კურსდამთავრებული მზია პაპავა, ემიგრანტი მწერლების, თამარ და აკაკი პაპავების უმცროსი ქალიშვილი. ერთმანეთს მალე დაუახლოვდნენ და დაქორწინდნენ.

ჯვარი ავსტრიაში, სოფელ ფელდენის ეკლესიაში. დაიწერეს 1941 წელს. გვარად ჭეიშვილი იყო პაპავების უფროსი ქალიშვილის, ტურფას მეუღლეც, ოღონდ ლეო ჭეიშვილი იმერელი გახლდათ, სოფელ კულაშიდან.

მეორე მსოფლიო ომის წლები პაპავა-ჭეიშვილების ოჯახმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში გაატარა: ტიურინგია, ბავარია, ავსტრია. ომით დანგრეულ ევროპაში ჭირდა ცხოვრება. მძიმე ეკონომიკური და დაძაბული  პოლიტიკური ვითარების გამო 1948 წლიდან ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიაწყდა ამერიკას. პაპავა–ჭეიშვილების დიდმა ოჯახმაც იქითკენ აიღო გეზი. 1949 წელს ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში, კერძოდ, არგენტინაში გადავიდნენ და ბუენოს-აირესთან მდებარე პატარა ქალაქ ლომას-დე-სამორაში დასახლდნენ. 
არგენტინაში ორთავე ჭეიშვილმა სამსახური ადვილად იშოვა. იმ პერიოდში ამ ქვეყანაში ორი თუ სამი ქართველი ცხოვრობდა. 50-იანი წლების შუა ხანებში არგენტინის ქართველთა კოლონია უკვე 40-მდე ოჯახს ითვლიდა და, ტრადიციულად მთელი ქართული პოლიტიკური ემიგრაცია, კვლავ პაპავა-ჭეიშვილებთან იყრიდა თავს. იმ პერიოდში სამხრეთ ამერიკის თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობდნენ ევროპიდან წამოსული ქართველი ემიგრანტები, მაგრამ ლიტერატურულ–კულტურული საქმიანობა მხოლოდ არგენტინასა და ჩილეში მიმდინარეობდა, რაც თამარ და აკაკი პაპავების, ვიქტორ ნოზაძისა და ავთანდილ მერაბაშვილის დამსახურება იყო.

პაპავა-ჭეიშვილების სახლში მუდამ ქართული სული ტრიალებდა. მშობლებმა იზრუნეს, რომ შვილებს დედაენა სცოდნოდათ, მათ კი, თავის მხრივ, შემდეგ თაობას ჩაუნერგეს ქართული ენის სიყვარული და პატივისცემა. მათ ოჯახში იყრიდა თავს იქაური ქართველობაც და საქართველოდან ჩასული სტუმრებიც.

მზია პაპავამ და საშა ჭეიშვილმა ცხოვრების უმეტესი წლები უცხოეთში გაატარეს, მაგრამ ერთი წუთითაც არ დავიწყნიათ, რომ საქართველოდან იყვნენ და ქალიშვილებიც ნამდვილ ქართველებად აღზარდეს. გულნარა ჭეიშვილი ექიმია, სალომე ჭეიშვილი – არქიტექტორი.

საშა ჭეიშვილი ათწლეულების განმავლობაში ავიაკომპანია “ლუფტჰანზას” გადაზიდვების დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა ბუენოს-აირესში. თამარ და აკაკი პაპავების ფერფლი სწორედ მან გადაასვენა ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. მანვე გადაასვენა ლევილში ტურფა პაპავასა და ლეო ჭეიშვილის 25 წლის ქალიშვილის, მაყვალას ფერფლი.

თავად საშა ჭეიშვილი 1991 წლის 29 მაისს გარდაიცვალა. დღეს მისი ფერფლიც

ლევილში განისვენებს პაპავა-ჭეიშვილების უფროსი თაობის ყველა წევრთან ერთად:

აკაკი პაპავა (1890-1964), თამარ პაპავა (1886-1976), მაყვალა ჭეიშვილი (1950-1975), ლეონიდე (ლეო) ჭეიშვილი (1905-1990), ალექსანდრე (საშა) ჭეიშვილი (1905-1991), მზია პაპავა-ჭეიშვილისა (1917-2007) და ტურფა პაპავა-ჭეიშვილისა (1914-2010).

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/სოლომონ_ჭეიშვილი  

ნაცვლიშვილი, პაატა. "იმის ღირსი ვიყავით, ქართველები რომ ვართ" / პაატა ნაცვლიშვილი // თანამემამულე : უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ცენტრალური პერიოდული გამოცემა. - ლონდონი, 2007/2008. - დეკემბერი-იანვარი. - N1(27). - გვ.15-16


გააზიარე: