| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სოფიო გურიელი![]()
ბიოგრაფიამამია V გურიელის მეუღლე, სოფიო გურიელი (წულუკიძე) გახლდათ გურიის სამთავროს მმართველი რეგენტი 1826–1828 წლებში. სოფიოს მამა, გიორგი წულუკიძე იყო რაჭველი წარჩინებული, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი. 1819-1820 წლების საეკლესიო აჯანყების დროს იგი შვილებთან ერთად მეთაურობდა აჯანყებას რაჭაში. გარდაიცვალა თბილისში, პატიმრობაში. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ რაჭაში მისი ციხე-სიმაგრეები დაანგრია და ქონება ხაზინას გადასცა. სოფიოს მამიდა ანა წულუკიძე იყო კაცია II დადიანის მეუღლე, ხოლო მამიდაშვილი მარიამი –იმერეთის დედოფალი, იმერეთის უკანასკნელი მეფის სოლომონ II-ის მეუღლე. სოფიო წულუკიძე მამია გურიელს ცოლად გაჰყოლია, სავარაუდოდ, 1814 წლამდე. ეყოლათ ხუთი შვილი, ერთი ვაჟი და ოთხი ქალიშვილი - დავითი, ეკატერინე, ტერეზია, კოჭიბროლა, სოფიო. ქმრის გარდაცვალების (1826) შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ 1827 წლის 3 იანვარს შექმნა გურიის სამთავროს სამმართველო საბჭო, ხოლო საბჭოს თავმჯდომარედ სოფიო დანიშნა. საბჭო ოფიციალურად გურიის სამთავროს მემკვიდრის, დავით გურიელის სრულწლოვანებმდე (ის მაშინ 8 წლის იყო) შეიქმნა. სოფიო უკმაყოფილო იყო საბჭოს შექმნით. მას სურდა, რომ თავად ყოფილიყო მთავარი და აღდგენილიყო მამია გურიელის დროინდელი ორგანოები და მართვის წესი. ამიტომ ის იბრძოდა ამ საბჭოს გაუქმებისა და დამოუკიდებელი ხელისუფლებისათვის. საბჭოში ორი პოლიტიკური დაჯგუფება იყო. პირველი, დედოფლისა და მაჭუტაძის მეთაურობით, მხარს უჭერდა მთავრის ხელისუფლების აღდგენას, მეორე, ნაკაშიძის მეთაურობით, რუსეთის მხარდამჭერი გახლდათ. სოფიოს არც მოსახლეობა უჭერდა მხარს, რადგან გურიაში დიდი იყო ანტიოსმალური განწყობა. დედოფალმა რამდენჯერნე სცადა საკუთარი სამთავროდან რუსების გაძევება, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს, რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წლების ომის დროს შეეცადა აღედგინა სამთავრო. მან ჯერ კიდევ 1827 წელს დაიწყო ურთიერთობის დამყარება ქვემო გურიისა და აჭარის ბეგებთან, ფოთის ფაშასთან, ივნისში ერთგულებაც კი შეჰფიცა ოსმალეთის სულთანს და მძევლად 10 წლის ქალიშვილი, კოჭიბროლა, გაუგზავნა. 1828 წლის 30 სექტემბერს ლიხაურის ბრძოლაში სოფიო დამარცხდა. რუსეთის ჯარმა გენერალ კ. ჰესსეს მეთაურობით გურია დაიკავა. დედოფალი ოსმალეთში გაიქცა და სარდალ ოსმან-ბეგთან მივიდა. მასთან ერთად წავიდნენ - დავით მაჭუტაძე, გიორგი თავდგირიძე, ლაზარე ნაკაშიძე, 8 აზნაური და 56 მსახური. სოფიომ ლიხაურში დატოვა ორი მცირეწლოვანი ქალიშვილი, შვიდი წლის სოფიო და ექვსი წლის ტერეზია (პასკევიჩმა ორივე სანქტ-პეტერბურგში გააგზავნა, სადაც მიაბარეს სმოლნის ინსტიტუტში), ხოლო დავითი და ეკატერინე თან წაიყვანა. ჰესსე დაედევნა გაქცეულებს და 15 ოქტომბერს შეკვეთილთან ბრძოლაში დაამარცხა ოსმალები, მაგრამ ჩოლოქის გადაკვეთა ვერ გაბედა. რუსეთის ხელისუფლებამ მოახდინა სოფიოს ქონების კონფისკაცია და გურიაში დააწესა დროებითი მმართველობა. 1829 წლის 9 აგვისტოს ჰესსემ დაიკავა კინტრიშის ხეობა. სოფიომ და მისმა ოჯახმა ძლივს გაასწრო გენერალს. რთული ცხოვრების გამო სოფიოს ჯანმრთელობა შეერყა, დასნეულდა და 1829 წლის 7 სექტემბერს გარდაიცვალა გონიოში. 1832 წლის 25 იანვარს ნიკოლოზ I-მა შეიწყალა ოსმალეთში გაქცეული გურული თავად- აზნაურები. გურიაში სხვებთან ერთად დაბრუნდნენ დავით და ეკატერინე ბატონიშვილები. გურიის სამთავროს უკანასკნელმა დედოფალმა სამუდამო განსასვენებელი ტრაპიზონის მახლობლად, ქ. აქჩააბადის (ძველად პლატანა) ბერძნულ ეკლესიაში ჰპოვა. ისტორიული წყაროების ცნობით, დედოფლის ცხედარი შვილებმა და მღვდელმა დავით მაჭუტაძემ ეკლესიის ეზოში, პატარა ბაღში დაკრძალეს. ეს ადგილი დღეს კერძო საკუთრებაა. ამჟამად სოფიოს საფლავი დაკარგულია. 2010 წელს აქჩააბადის მერიის ინიციატივით, ისტორიული ძეგლის ტერიტორია დაასუფთავეს, საფლავის ქვა ვერ იპოვეს, მაგრამ მიაკვლიეს გალავნის კედელში მოწყობილ სენაკს, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეებში ცხოვრობდა ქართველი დედოფალი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.9.-თბ.,1985.-გვ.478 https://ka.wikipedia.org/wiki/სოფიო კალანდია გორგი. სოფიო გურიელის დაკარგული საფლავი // კალანდია გიორგი. ქართველები მსოფლიო ისტორიაში. ტ. 3. - თბილისი, 2021. გვ. 114-115
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

