The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:11 ივნისი, 1913  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა ერაყში მცხოვრები ქართული წარმოშობის ოჯახიდან იყო. პაპამისი გადასახლდა ტფილისიდან ერაყში, სადაც რამოდენიმე თაობას ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები. 

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა დაიბადა 1856 წელს, ქ. ბაღდადში (ერაყი), ბასრის სანჯაყბეგის ქეთჰუდაზადე სულეიმან ბეის ოჯახში.

ბაღდადში მიღებული დაწყებითი განათლების შემდეგ, სტამბოლში გაემგზავრა და სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც 1882 წელს დაამთავრა შტაბსკაპიტნის წოდებით.

იმავე წელს გაემგზავრა კრეტაზე, სადაც მზადდებოდა დივიზია ეგვიპტეში გადასასროლად.

სტამბოლში დაბრუნებული ცოტა ხანს მუშაობდა გენერალურ შტაბში. 1883 წლიდან კი სამხედრო სასწავლებელში ასწავლიდა გენშტაბის მსმენელთა ჯგუფს ალგებრას, გეომეტრიას და საინჟინრო საქმეს.

დაახლოებით ერთი წელიწადი მსახურობდა გერმანელი მარშლის კომპოფნერის , შემდეგ კი ფონ დერ გოლცის თანაშემწედ. იყო მივლინებული გერმანიაში, ოსმალეთის მიერ შესყიდული მაუზერის ტიპის შაშხანების შემმოწმებელი კომისიის შემადგენლობაში. 

1884 წელს კოლაღას, 1886 წელს კი მაიორის წოდება მიანიჭეს.

1889 წელს დაინიშნა შაშხანების და ვაზნების შემმოწმებელი კომისიის უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით  დააწინაურეს ამავე კომისიის უფროსად.

1891 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება.

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშა დაახლოებით ათი წელი ცხოვრობდა გერმანიაში. მონაწილეობდა სხვადასხვა სამხედრო სწავლებებში, ახალი ზარბაზნების გამოცდებში.

1892 წელს მაგდენბურგში მონაწილეობა მიიღო არტილერიისა და ბლოკჰაუზების 12-დღიან წვრთნებში. ამ წვრთნებში ჩართული იყო სხვადასხვა ქვეყნის 250 ოფიცერი.

1894 წელს ოსმალეთის ოფიცრებისგან შემდგარი კომისიის ხელმძღვანელის სტატუსით გაიგზავნა საფრანგეთში, სადაც ახალშექმნილი ბლოკჰაუზების შემოწმებას დაესწრო. საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ ბრიგადის გენერლის წოდება მიანიჭეს.

1899 წელს არსენალის ხელმძღვანელობამ იარაღის გამოცდისა და კონტროლის განყოფილების უფროსად დანიშნა.

1901 წელს დივიზიის გენერლის წოდება მიიღო. იმავე წელს მექასა და მედინას შორის სატელეგრაფო კავშირის დასამყარებლად ჰიჯაზში გაგზავნეს ერთი წლით. სტამბოლში დაბრუნებულმა კვლავ არსენალში განაგრძო მოღვაწეობა.

1905 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება და მიიწვიეს საგამოცდო კომისიის თავმჯდომარედ სამხედრო აკადემიაში. 

იმავე წელს დაინიშნა კოსოვოს გუბერნატორად. 

1908 წელს, ახალგაზრდა თურქთა რევოლუციის შემდეგ, გახდა მე-3 არმიის სარდალი, რომელიც ბაზირებდა თესალონიკში. შეთავსებით რუმელიის ვილაიეთის მთავარი ინსპექტორის მოადგილედ დაინიშნა.

31 მარტის მოვლენების შემდეგ სათავეში ჩაუდგა "მოქმედების არმიას", რომელმაც აიღო სტამბოლი და ჩაახშო ბუნტი. ამის შემდეგ დანიშნეს I, II და III არმიების გენერალური ინსპექტორად. მას მოუწია ალბანეთსა და არაბეთში აჯანყებების ჩახშობა. 

1909-1912 წწ. მაჰმუდ შევქეთი იყო იბრაჰიმ ჰაკი ფაშას კაბინეტის სამხედრო მინისტრი. 1911 წელს შექმნა ოსმალეთის სამხედრო საჰაერო ძალები. 

ბალკანეთის პირველ ომში ქვეყნის მარცხის შემდეგ, ახალგაზრდა თურქებმა ისევ ჩაიგდეს ხელისუფლების სადავეები ხელში და 1913 წლის 23 იანვარს,მათი ზეწოლის შედეგად მთავრობა გადადგა.

მაჰმუდ შევქეთ ფაშა, უკვე მარშლის წოდებით, დაინიშნა დიდვეზირად. 24 იანვარს მან ახალი კაბინეტი ჩამოაყალიბა და საგარეო საქმეთა და სამხედრო მინისტრის პოსტებიც შეითავსა.

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშას ხუთთვიან დიდვეზირობას დაემთხვა ბალკანეთის მეორე ომში დამარცხება, ინგლისსა და ოსმალეთს შორის არსებული მოუგვარებელი პრობლემების გააქტიურება, ირანთან სასაზღვრო უთანხმოება, კანონი ვილაიეთის შესახებ და სხვა.

1913 წლის 11 ივნისს, სამხედრო სამინისტროდან დიდვეზირის კანცელარიისკენ ავტომობილით მიმავალ მაჰმუდ-შევქეთ-ფაშას თავს დაესხნენ. დაჭრილი ფაშა საავადმყოფოში მიიყვანეს, სადაც ნახევარ საათში გარდაიცვალა. სამგლოვიარო ლოცვა

შესრულდა 12 ივნისს აია-სოფიას ტაძარში, რის შემდეგაც მაჰმუდ შევქეთი ჰურიეთ ებედიეს გორაკზე დაკრძალეს..

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშას მინიჭებული ჰქონდა გენერალისიმუსის საპატიო წოდება. სხვადასხვა დროს დაჯილდოებული იყო შემდეგი ორდენებითა და მედლებით: პირველი ხარისხის ოსმანის, ძვირფასთვლიანი მეჯიდის, ოქროს და ვერცხლის პრივილეგიის მედლები, ღირსების ოქროს მედალი, ხელოვნების მედალი და საბერძნეთთან ომის სამახსოვრო მედალი, იტალიის გვირგვინის პირველი ხარისხის ორდენი, ავსტრიის რკინის გვირგვინის პირველი ხარისხის ორდენი, სერბეთის წმინდა საბას პირველი ხარისხის ორდენი.

სამხედრო სასწავლებელში მოღვაწეობისას მის მიერ დაწერილი წიგნების ერთი ნაწილი ამავე სასწავლებელში გამოიყენებოდა სახელმძღვანელოებად. სამხედრო თემაზე წერდა სტატიებსაც, რომლებიც იბეჭდებოდა იმ პერიოდის ჟურნალ-გაზეთებში.  

მაჰმუდ შევქეთის უმცროსი ძმა იყო არიფ ჰიქმეთ სულეიმანი (1889-1964), რომელიც ჯერ ოსმალეთში მსახურობდა, ხოლო შემდეგ ერაყის მოქალაქეობა მიიღო და ერაყის მთავარი ვეზირიც (პრემიერ-მინისტრი) კი გახდა.

მაჰმუდ-შევქეთ-ფაშამ მნიშვნელოვანი სამსახური გაუწია ოსმალეთის არმიას. აამაღლა მისი საბრძოლო დონე და ორგანიზებულობა. იგი სწრაფად აფასებდა საქმის ვითარებას. გადმოცემით, ის იყო მედიდური და ზედმეტად ფრთხილი პიროვნება. ზოგიერთ სახელმწიფო საიდუმლოებას სულთანსაც კი არ ანდობდა. მას ახასიათებენ, როგორც გულფიცხ და მკაცრ პოლიტიკოსს.

წყარო:

კალანდია გორგი. მაჰმუდ შევკატ ფაშა // კალანდია გიორგი. ქართველები მსოფლიო ისტორიაში. ტ. 3. – თბილისი, 2021.  გვ. 123-124

ქასაბი მურად.მაჰმუდ შევკატ ფაშა // მურად ქასაბი.ოსმალეთის ქართველები.- სტამბოლი, 2912. - გვ. 62-63 


გააზიარე: