The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


მაკრინე ჩხენკელი

მაკრინე ჩხენკელი
ოფიციალური სახელი:მაკრინე თურქია
დაბადების თარიღი:1881
გარდაცვ. თარიღი:1967  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ლევილი, საფრანგეთი
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

პოლიტიკოსის, სოციალ-დემოკრატ აკაკი ჩხენკელის (1874-1959) მეუღლე მაკრინე (მაშო) თურქია დაიბადა 1881 წელს, სოხუმში, სიმონ თურქიას კულტურულ და შეძლებულ ოჯახში.

ახალგაზრდობაში მაკრინე სოხუმის სცენისმოყვარეთა დასში მსახიობობდა. მისი სახელი ხშირად გვხვდება 1890-იანი წლების ქართულ პრესაში სცენისმოყვარეთა დადგმების შესახებ გამოქვეყნებულ წერილებში.

1900 წელს მაკრინე სწავლის გასაგრძელებლად პეტერბურგში გაემგზავრა. აქ ის დაუახლოვდა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი ახალგაზრდების ჯგუფს და აქტიურად მონაწილეობდა მათ ყოველგვარ წამოწყებაში. აქვე, 1904 წელს, გაიცნო მომავალი მეუღლე, იურისტი აკაკი ჩხენკელი.

აკაკი და მაკრინე მალე დაქორწინდნენ და 1905 წელს შვილიც შეეძინათ, რომელსაც ალექსი დაარქვეს.

მაკრინე თურქიამ მთელი ცხოვრება ოჯახს მიუძღვნა. იგი მუდმივად მხარში ედგა მეუღლეს და თავისი მზუნველობით უადვილებდა მას მძიმე ეროვნულ და პოლიტიკურ საქმიანობას.

პეტერბურგში აკაკის დეპუტატობის დროს (1912-1914) მათ ბინაში ხშირად იმართებოდა სახელმწიფო დუმის სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის კრებები და ნაცნობ-მეგობრები მოხიბლულები იყვნენ დიასახლისის სტუმართმოყვარეობით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში აკაკი ჩხენკელი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა,

პრესის მასალებმა შემოგვინახეს ცნობები იმის სესახებ, რომ მაკრინე ხშირად მართავდა საქველმოქმედო საღამოებს, შემოსული თანხით კი ბავშვებსა და ქვრივ-ობლებს ეხმარებოდა.

1921 წლის იანვარში აკაკი დანიშნეს ელჩის თანამდებობაზე საფრანგეთსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.

საფრანგეთში მასთან ერთად მაკრინე და ალექსიც გაემგზავრნენ, როგორც აღმოჩნდა სამუდამოდ.

 საელჩოს უმთავრესი დანიშნულება იყო ლტოლვილების დაცვა, რასაც პირნათლად ასრულებდა. მაკრინეს აკაკის მდივნის მოვალეობა ჰქონდა შეთავსებული და მაქსიმალურად ხელს უწყობდა მეუღლეს საქმიანობაში.

საფრანგეთში მაკრინე თურქიას, როგორც ელჩის მეუღლეს პარასკევობით დაწესებული ჰქონდა მიღების დღე, რომელსაც სიამოვნებით ესწრებოდა, როგორც ქართველი ისე უცხოელი საზოგადოება. მისი ბინა ყოველთვის მზად იყო სტუმრად მისული ქართველი ემიგრანტების მისაღებად. ყველას მიიღებდა, მოეფერებოდა, ანუგეშებდა, მორალურად გაამხნევებდა და შესაძლებლობის მიხედვით შეეცდებოდა უმუშევრების ადგილზე მოწყობას.

აკაკი ჩხენკელის დიპლომატიური მოღვაწეობა გაგრძელდა 13 წლის განმავლობაში, 1934 წლამდე, საფრანგეთის მიერ საბჭოთა კავშირის აღიარებამდე.

აკაკი 1959 წელს გარდაიცვალა, მაკრინე 1967 წელს. ცხოვრობდნენ ლევილის შატოში სხვა ქართველ ემიგრანტებთან ერთად. მათი ერთადერთი ვაჟი, ალექსი, სამხედრო იყო.

მეორე მსოფლიო ომის დროს იბრძოდა საფრანგეთის უცხოურ ლეგიონში. პენსიაზე გასვლის შემდეგ ამერიკაში გადასახლდა. 1952-1955 წლებში იყო ნიუ–იორკში შექმნილი „ქართველთა დემოკრატიული კავშირისა“ და „ქართველთა ეროვნული ერთობის“ წევრი. 1953 წლიდან - რადიო „თავისუფლების“ ქართული რედაქციის ნიუ-იორკელი კორესპონდენტი. 1959 წელს დააარსა „ანტიკომუნისტური ინტერნაციონალი“. გარდაიცვალა 1985 წელს. მისი ფერფლიც ლევილშია დაკრძალული მეუღლის, ქეთევან ვაჩნაძის (1905-1973) გვერდით.

მაკრინე თურქიამ, ქართველოლოგ ლეა ფლურის (კიტა ჩხენკელის მოწაფე) მეშვეობით სამშობლოში დააბრუნა მათ ოჯახში დაცული არქივი და რელიქვიები, მათ შორის: დამოუკიდებლობის აქტი (ორიგინალი), კონსტიტუცია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო შტანდარტი.

წყარო:

დაუშვილი რუსუდან. მაკრინე (მაშო) თურქია-ჩხენკელი // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 86-89.

ქ. სოხუმი : ქართულ-რუსული წარმოდგენა // ცნობის ფურცელი : ყოველდღიური გაზეთი. - თბილისი, 1898. - 31 მარტი. - N496. - გვ.3-4

ჩუბინიძე ვალიკო. ქ-ნ მაკრინე ჩხენკელის ხსოვნას: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩის აკაკი ჩხენკელის გარდაცვალების გამო // ჩვენი დროშა = NOTRE DRAPEAU : ორგანო საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარ-გარეთელ ბიუროსი. პარიზი, 1967. მაისი. N 46. გვ. 9-10.


გააზიარე: