The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნინო გვაზავა

ნინო გვაზავა
Legal name:ნინო ჩერქეზიშვილი
Date of birth:1889
Date of death:1979  (at 90 years)
Category:Humanitarian

Biography

ნინო (ნინა) ჩერქეზიშვილი 1889 წელს თბილისში დაიბადა. მამამისი, ლევან (ჩერქეზო) ლევანის ძე ჩერქეზიშვილი (1851-1930) თელავის მაზრის სოფელ იყალთოდან იყო. ის სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლობდა, საიდანაც სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობისთვის გარიცხეს და ციმბირში გადაასახლეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მუშაობდა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკში, მონაწილეობდა საგარეჯოს თეატრის დაარსებაში (1875 წ.), სადაც რეჟისორიც იყო და მსახიობიც. მისი მეუღლე გახლდათ დარია ვახვახიშვილი. მათ ცხრა შვილი ეყოლათ.

ლევან ჩერქეზიშვილი მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესა და ივანე მაჩაბელთან. მისი ვაჟი, ივანე, ილიას ნათლული იყო.

1912 წელს ნინო ჩერქეზიშვილი ცოლად გაჰყვა ეროვნულ-დემოკრატ გიორგი გვაზავას (1869-1941). შეეძინათ ქალ–ვაჟი – მზია (1914-2000)  და ჯამლეთი (1916 -2004). საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, 1921 წელს, გიორგი გვაზავა ემიგრაციაში წავიდა. მისი ოჯახი მას მოგვიანებით, 1925 წელს შეუერთდა. ცხოვრობდნენ საფრანგეთში, ძირითადად, ლევილის შატოში.

გიორგი გვაზავა აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ ცხოვრებაში; იყო ინტერპარტიული ცენტრის ე. წ. „საერთო ფრონტის“ შემადგენლობაში, თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან, აგრძელებდა ლიტერატურულ და მთარგმნელობით მოღვაწეობას; იყო ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარე.

ნინო გვაზავა მეუღლეს მხარში ედგა, ცდილობდა მისთვის აერიდებინა საყოფაცხოვრებო წვრილმანები და მაქსიმალურად დახმარებოდა ლიტერატურულ და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

1940 წელს, მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, კურსანტი ჯამლეთ გვაზავა გაიწვიეს სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი უმცროსი ლეიტენანტის ჩინით იბრძოდა ჟან-როჟე კაუფმანის ასეულში. ომის შემდეგ სამოქალაქო ცხოვრებას დაუბრუნდა. დაინტერესდა ხელოვნებით, შეისწავლა ფერწერა, ქმნიდა მცირე ქანდაკებებს.

მზია (თამარ) გვაზავა ცოლად გაჰყვა თეიმურაზ ილიას ძე თაქთაქიშვილს (1911–1992) , ასევე ემიგრანტს. შეეძინათ ქალიშვილი – მანანა თაქთაქიშვილი.

ჯამლეთი და მზია თბილისში დაიბადნენ, მაგრამ ემიგრაციაში გაიზარდნენ და  საფრანგეთი იქცა მათ მეორე სამშობლოდ. მიუხედავად ამისა, საქართველოსთან სულიერი კავშირი არასოდეს გაუწყვეტიათ, კარგად მეტყველებდნენ ქართულად, იცნობდნენ საქართველოს კულტურულ ცხოვრებას და როგორც კი შესაძლებელი გახდა რამდენჯერმე ესტუმრნენ სამშობლოს, მოინახულეს ნათესავები და მშობლიური ადგილები

ნინო ჩერქეზიშვილის შვილიშვილმა, მანანა თაქთაქიშვილმა, 2023 წელს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გადასცა ოჯახის პირადი არქივი და ფოტოები, საიდანაც ნათლად ჩანს, რომ ემიგრაციაში მყოფი გვაზავების ოჯახი ქართველთა თავშეყრის საყვარელი ადგილი იყო.

წყარო:

დაუშვილი რუსუდან. ნინო (ნინა) ჩერქეზიშვილი-გვაზავა // დაუშვილი რუსუდან. ქართველი ქალები ემიგრაციაში. - თბილისი, 2024. - გვ. 186-193    


Share: