The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ჟორჟეტა ღამბაშიძე

ჟორჟეტა ღამბაშიძე
Date of birth:1903
Date of death:1981  (at 78 years)
Category:Humanitarian

Biography

ცნობილი მკურნალისა და ქველმოქმედის ვახტანგ ღამბაშიძის უმცროსი ასული ჟორჟეტა ღამბაშიძე 1903 წელს საქართველოში დაიბადა. დედა - ვანდა ჰოპპე. ჰყავდა ძმა - გივი და ორი უფროსი და - მედეა და სუნანა.

1921 წლის საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ღამბაშიძეების ოჯახი ემიგრაციაში წავიდა, ჯერ კონსტანტინეპოლში გაჩერდნენ, მოგვიანებით კი საფრანგეთში დაფუძნდნენ

თურქეთში ცხოვრების პერიოდში ჟორჟეტა სწავლობდა  სტამბოლის მახლობლად ქალთა ამერიკულ კოლეჯში, რომლის დასრულებისთანავე შეუერთდა საფრანგეთში ემიგრირებულ ოჯახს.

1926 წელს პარიზში მათ ოჯახს  სტუმრად ეწვია გიორგი ნიკოლაძე (1888-1931), რომელთანაც მეგობრობა აკავშირებდათ ჯერ კიდევ საქართველოში ყოფნის პერიოდიდან.

ამ ფაქტს ჟორჟეტა ღამბაშიძე ასე აგვიწერს: „1926 წლის ერთ დღეს ჩვენი ოჯახის მეგობარი, ბატონი გიორგი ნიკოლაძე, საქართველოდან პარიზში ჩამოვიდა. სორბონაში, უმაღლეს მათემატიკაში ხარისხის დასაცავად. იგი  სანქტ-პეტერბურგის კურსდამთავრებული, თბილისში ცნობილი მათემატიკოსი და მეტალურგიც გახლდათ… არ ვიცოდი გაბედავდა თუ არა ჩვენს მონახულებას, ის ხომ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიამ გამოგზავნა, როგორც საბჭოთა წყობის ხელქვეითი“ – ეს ხაზგასმითაა ნათქვამი, რადგან საბჭოთა მოქალაქეებს  ემიგრანტთა მონახულება ეკრძალებოდათ. „მით უმეტეს, – განაგრძობს მოგონების ავტორი, – იმ დროისათვის მამა ქართველთა კოლონიის პრეზიდენტი გახლდათ. ჩვენდა გასაკვირად, მოვიდა, გვინახულა“.

გიორგი ნიკოლაძეს ჟორჟეტა 5 წლის ასაკიდან იცნობდა და ბავშვურად ეტრფოდა კიდეც. სტუდენტობის პერიოდში გიორგი ხშირად ჩადიოდა ბატონ ვახტანგთან კურორტ ცემში, სადაც გოგონა და მისი მეგობრები მას გვერდიდან არ სცილდებოდნენ.

ჟორჟეტას სამუდამოდ დაამახსოვრდა მამის მიერ წარმოთქმული სიტყვები, როცა მან  ჟურნალ “მეცნიერება და ტექნიკის” ერთ-ერთი ნომრის ყდაზე გიორგი ნიკოლაძის სურათი დაინახა. „სათუთად აიღო ჟურნალი და ჩაილაპარაკა: – “აი კაცი, აი კაცი”, - იხსენებს ჟორჟეტა ღამბაშიძე.

14 წლის ასაკში, ჟორჟეტა თბილისის ფიზკულტურული საზოგადოების წევრი გახდა, სადაც გიორგი ინსტრუქტორად მუშაობდა, მოგვიანებით კი მეგობრებთან ერთად ეხმარებოდა მას ტექნიკური და სპორტული ტერმინოლოგიის ქართული ლექსიკონის შედგენაში: „საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო, თუმცა სიამოვნებით ვასრულებდით, რადგან ყველას ძალიან გვიყვარდა“, - ვკითხულობთ ჟორჟეტა ღამბაშიძის მოგონებაში.

პარიზში მივლინებით ყოფნის დროს (1926-1928) გიორგი ნიკოლაძემ სულ სხვა თვალით შეხედა ჟორჟეტას, რომელიც უკვე ზრდასრული ქალი იყო. ამ ამბავს ჟორჟეტა ასე აგვიწერს, - „ პარიზში გიორგი ნიკოლაძის სტუმრობით ყველა აღტაცებულნი დავრჩით. მე და ის ბევრს ვსაუბრობდით. მერე ლონდონში წავიდა მამის სანახავად (ნიკო ნიკოლაძე იმ ხანად ლონდონში მუშაობდა). იქიდან ყოველდღე წერილებს მიგზავნიდა და მალე აშკარა გახდა, რომ ჩვენს შორის მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. მალე ცოლად გაყოლა მთხოვა, თუმცა გადაულახავი დაბრკოლებანი გვეღობებოდა”.

ახალგაზრდებმა ყველა ბიუროკრატიული დაბრკოლება დაძლიეს, 1927 წელს პარიზში იქორწინეს,  საქართველოში დაბრუნდნენ და 1928-1931 წლებში აქ ცხოვრობდნენ. ბედნიერება დიდხანს არ დასცალდათ. 1931 წელს გიორგი ნიკოლაძე ფილტვების ანთებით გარდაიცვალა. საბჭოთა რეჟიმმა ჟორჟეტა სახლში გამოკეტა. არ უნდოდათ, რომ ის საფრანგეთში დაბრულებულიყო, მაგრამ მან მოახერხა მოსკოვში გაპარვა და აბელ ენუქიძის დახმარებით პოლონეთში გადავიდა.

ჟორჟეტა ღამბაშიძე 1931 წელს ჩავიდა პარიზში, მშობლებთან. 1937 წელს იგი გათხოვდა პოლკოვნიკ რობერტ ნილ სტიუარტზე და კინლოხმოიდარტში (შოტლანდია), სტიუარტების საგვარეულო მამულში, გადავიდა საცხოვრებლად. სწორედ მათი სახლის ეზოშია დასაფლავებული ვახტანგ ღამბაშიძე, რომელიც მათთან სტუმრად ყოფნის დროს გარდაიცვალა (1951 წლის 10 აგვისტო).

ჟორჟეტა, ისევე როგორც მამამისი, გატაცებული იყო ფოტოგრაფიით. მისი საბჭოთა საქართველოში ცხოვრების პერიოდშიუცხოეთში მცხოვრებ ნათესავებთან  მიმოწერა ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო და ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ხშირად აგზავნიდა წერილებსა და საქართველოში გადაღებულ ფოტოებს საფრანგეთში.

ნიკოლაძე-ღამბაშიძეების მდიდარი ფოტოკოლექცია დღეს საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

წყარო:

ღამბაშიძე, ჟორჟეტა. მცირე მონათხრობი ჩემს ცხოვრებაზე : 1921 წლიდან 1937 წლამდე / ჟორჟეტა ღამბაშიძე ; ინგლ. თარგმ. ნანა ღამბაშიძემ // ჩვენი მწერლობა. - თბილისი, 2009. - 6 თებერვალი. - N3 (81). - გვ.30-43

ვახტანგ. ჩემი თავგადასავალი. - თბილისი, 2018. გვ.29


Share: