| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გივი ღამბაშიძე![]()
ბიოგრაფიაგივი ღამბაშიძე ექიმის, ბავშვთა სანატორიუმ „პატარა ცემის" დამაარსებლის, ვახტანგ ღამბაშიძის (1872-1951) ვაჟია. ვახტანგმა 1896 წელს დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი და შემდგომი დახელოვნებისთვის ორი წლის განმავლობაში სწავლობდა პარიზში. 1897 წლის 23 ოქტომბერს, აქვე, დაქორწინდა წარმოშობით ამერიკელ ვანდა ჰოპპეზე (1876-1945), რომელიც 19 წლის ასაკში ჩავიდა საფრანგეთში და ფრანგული ენის პროფესორი გახდა. 1898 წელს ახალშეუღლებულები ზესტაფონში ჩავიდნენ. შეეძინათ ოთხი შვილი: მედია (1899-1975), სუნანა (1901-1996), გივი და ჟორჟეტა (1903-1981). 1918 წლიდან, ივანე ჯავახიშვილის მიწვევით, ორივე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის უნივერსიტეტში. გივი ღამბაშიძე 1902 წელს დაიბადა. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში. ის და მისი კლასელები დიდი ენთუზიაზმით გამოეხმაურნენ ნოე ჟორდანიას 1921 წლის 16 თებერვლის ცნობილ მოწოდებას: „შეაჩერეთ ჩვეულებრივი და საზოგადოებრივი მუშაობა და მოჰკიდეთ ხელი მარტოდ მარტო თავის დაცვას. მეტი მეომარი, მეტი იარაღი, მეტი სურსათი, აი რას ითხოვს თქვენგან სამშობლო… საქართველო მოკვდება, მაგრამ მტერს არ დანებდება!“. 17 თებერვალს გიმნაზიის უფროსკლასელები და მასწავლებლები შეიკრიბნენ ჯარში ჩასაწერად, ჯერ სკოლაში, ხოლო შემდეგ - მთავრობის სასახლესთან, სადაც ისინი სხვადასხვა ათასეულში გადაანაწილეს. გივი თბილისში მდგარ მეშვიდე ათასეულში მოხვდა და 1921 წლის 19 თებერვლის დილიდან ჩაება ბრძოლაში. თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად ქართული ჯარი დამარცხდა. გივი ღამბაშიძემ დაპყრობილ საქართველოში ყოფნა არ ისურვა და ოჯახთან ერთად ბათუმიდან კონსტანტინეპოლში გაემგზავრა. მოგვიანებით საფრანგეთში გადავიდნენ საცხოვრებლად, მაგრამ გივიმ უცხოეთში ვერ გაძლო და 1922 წელს სამშობლოში დაბრუნდა. საქართველოში გივი ღამბაშიძე დააპატიმრეს და ექვსი თვით ციხეში ჩასვეს. 1925 წელს, მეგობართან, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრ გიორგი (გოგი) ჭაჭიაშვილთან ერთად კვლავ გაიქცა ევროპაში. პარიზში საკუთარ ოჯახში ჩასვლის შემდეგ გივი გრენობლში წავიდა მექანიკოსის კურსებზე სასწავლებლად. იგი იმდენად დაეთრგუნა საბჭოთა რეჟიმს, რომ ახლობლები ვეღარ ცნობდნენ. მისი მძიმე სულიერი მდგომარეობა დაპყრობილ საქართველოში გატარებული ურთულესი დღეების შემდეგ კარგად ჩანს მის მიერ დაწერილ მემუარებში "ომის დღეები" (მოგონებები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ). გივი ღამბაშიძემ მოგონებების წერა 1921 წელს ივნისში კონსტანტინეპოლში ყოფნისას დაიწყო. დაწერილია დღიურის სტილში. მოიცავს პერიოდს 1921 წლის 17 თებერვლიდან 7 მარტამდე. მასში ჩართულია ომის პერიოდში - 24 თებერვალს - სანგარში გაკეთებული ჩანაწერი. ბოლოში კი დამატებული აქვს მცირე მოგონება მისი 1925 წელს საქართველოდან გაქცევის შესახებ. 18 წლის მოხალისე ჯარისკაცის მოგონებები ქართველ საზოგადოებას მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის ომის მიმდინარეობისა და არმიაში თუ მოსახლეობაში არსებული განწყობის შესახებ. გივი ღამბაშიძემ დიდხანს ვერ გაუძლო ომში დამარცხებისა და ემიგრაციაში ცხოვრების გაუსაძლის ტკივილს, სამშობლოს მონატრებას. ამას თან დაერთო მისი ცალმხრივი სიყვარულის სევდაც და 1930 წლის 13 მაისს მან პარიზში, ქუჩაში, რევოლვერით მოიკლა თავი. პანაშვიდი პარიზში, ბიზეს ქუჩაზე მდებარე ბერძნულ ეკლესიაში გადაუხადეს და 16 მაისს ბატინიოლის სასაფლაოზე დაკრძალეს. მის დასაფლავებას თითქმის მთელი ქართული კოლონია დაესწრო. 1963 წელს გივი ღამბაშიძის ნეშთი ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. წყარო: ღამბაშიძე გივი. ომის დღეები: გივი ღამბაშიძის მოგონებები რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის შესახებ. -თბილისი, 2017 გივი ღამბაშიძე: ინფორმაცია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრის გივი ღამბაშიძის ტრაგიკული სიკვდილის შესახებ // სამშობლო = LA PATRIE / საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პერიოდული ორგანო. პარიზი, 1930. მაისი, N 7. გვ. 48. ღამბაშიძე ვახტანგ. ჩემი თავგადასავალი. - თბილისი, 2018. გვ.29
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

