| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი ბოლქვაძე![]()
ბიოგრაფიასაქართველოში სპირტისა და არყის წარმოების ფუძემდებლად დამსახურებულად ითვლება დავით სარაჯიშვილი, მაგრამ მაგარი სასმელების მწარმოებლები ჩვენს ქვეყანაში ადრეც იყვნენ. ერთ-ერთი მათგანია გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც სარაჯიშვილზე 23 წლით ადრე, 1865 წელს დაიწყო კონიაკის წარმოება, მანამდე კი მან 1860 წელს, ქუთაისში გახსნა ლიქიორისა და არაყის ქარხანა, სადაც იმ დროისათვის უახლესი ტექნოლოგიით ამზადებდნენ სხვადასხვა სახის სასმელებს. მეცნიერი და ანტრეპრენერი გიორგი ბოლქვაძე დაიბადა 1835 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ბახვში, შეძლებული აზნაურის ქაიხოსრო ბოლქვაძის ოჯახში. მისი წინაპრები სასულიერო პირები იყვნენ. ქაიხოსრო საეკლესიო ვაჭრობას ეწეოდა, ამიტომ ხშირად მოგზაურობდა უცხო მხარეებში, ეკლესია-მონასტრებში, სადაც მას წიგნებსა და საეკლესო ინვენტართან ერთად გაჰქონდა არომატული და სამკურნალო მცენარეები, სხვადასხვაგვარი სასმელები. ის კარგად ერკვეოდა ნაყენების დამზადების ტექნოლოგიაში, ფლობდა რამდენიმე უცხო ენას. გიორგის დედა - ანიდა, წარმოშობით ათენელი ბერძენი, შეძლებული ვაჭრის შვილი, განათლებული ქალი გახლდათ. მან გიორგის ჯერ კიდევ ბავშვობაში შეასწავლა ბერძნული და ფრანგული ენები. გიორგი ბოლქვაძემ საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო. გიმნაზიის დასრულების შემდეგ, 1853 წელს გაემგზავრა ათენში, სადაც სწავლა გააგრძელა სამიწათმოქმედო აკადემიაში. აქ მან წარმატებით შეისწავლა მევენახეობა და მიწათმოქმედება. ღვინის წარმოებასა და არყის ხდის, წმენდის, გასუფთავებისა და შეზავების ტექნოლოგიას კი კონსტანტინოპოლში დაეუფლა. შემდეგ სწავლა საფრანგეთსა და გერმანიაში განაგრძო. იგი 6 უცხო ენას ფლობდა. ქუთაისის ლიქიორისა და არყის ქარხანა „ამიერ-იმიერ კავკასიაში ერთადერთ მაღალ აღჭურვილ სამრეწველო ქარხნად“ მიიჩნეოდა. აქ აბორიგენული მცენარეებისა და ღვინის მასალისგან, ბოლქვაძის მიერ შემუშავებული რეცეპტებით, მზადდებოდა მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი ქართული კონიაკის, რთული ლიქიორის, რომის, სამკურნალო და მწარე არყის მრავალი სახეობა. პროდუქციის სარეალიზაციოდ, ქარხნის საწყობში, მას საბითუმო ვაჭრობის წერტიც ჰქონდა გახსნილი. ქარხნის მიერ წარმოებული სხვადასხვა ტიპის "მაგარი სასმელის" ხარისხზე მეტყველებს 1870 წლით დათარიღებული, ფრანგულ ენაზე დაბეჭდილი საექსპორტო-სარეკლამო ფურცელი: "ბოლქვაძისა და მისი კომპანიის ქარხანა". სავაჭრო ნიშანი – არწივი - ფირმას "ბოლქვაძე და Ko" გააჩნდა 1873 წლიდან, ხოლო ბოლქვაძის გვარისა და სახელის რუსულენოვანი მონოგრამა "ГБК" – 1865 წლიდან. საფირმო და სავაჭრო ნიშნების გარდა, გიორგი ბოლქვაძეს რუსულ და ფრანგულ ენებზე დარეგისტრირებული ჰქონდა საექსპორტო ეტიკეტები, სარეკლამო ფირნიშები, სავიზიტო და სატიტულო ფურცლები, რომლებზეც გამოსახული იყო ლომისა და ცხენის ფიგურები და რუსეთის იმპერიის გვირგვინები. აღსანიშნავია, რომ გიორგი ბოლქვაძეს საცხოვრებელ სახლთან მიმდებარედ ჰქონდა დიდი ბაღი, სადაც გაშენებული იყო სხვადასხვა სახეობის ყვავილი, ხეხილი და ვაზი. აქ წარმოებდა სელექციური მუშაობა. ხოლო, სახლში მოწყობილი ჰქონდა კვლევითი ლაბორატორია, სადაც პირადად ამზადებდა ესენციებს, და ადგენდა რეცეპტებს სასმელებისთვის. ძირითადი ნედლეული, რისგანაც მაგარი სასმელები მზადდებოდა, ქართული იყო. ხალხში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა ბოლქვაძის მიერ გამოშვებული არაყი "ქინაქინა", რომლის ეტიკეტს მედლების მთელი კომპლექტი ამშვენებდა. გიორგი ბოლქვაძეს დიდი დამსახურება მიუძღვის საქართველოს სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანაში. მისი ქარხნის პროდუქციამ 1865-1900 წლებში 100-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა, აქედან 76 მედალია, მათ შორის 49 ოქროს და ვერცხლის. იგი მონაწილეობდა სამეცნიერო კონგრესისა და "საერთაშორისო ევროპულ სამეცნიერო საზოგადოებათა" ამპელოგრაფიისა და მეღვინეობის კონკურსებში. ასევე, იყო მუდმივი მსოფლიო გამოფენის (ბრიუსელი) და 50-მდე საერთაშორისო და სპეციალიზებულ სამრეწველო გამოფენის მონაწილე: საფრანგეთი, ინგლისი, გერმანია, ბელგია, იტალია, აშშ, რუსეთი და სხვა. ბოლქვაძის კონიაკებიდან გამორჩეულია: ნატურალური კავკასიური კონიაკი (Натуральный кавказский коньяк), რომელმაც 1878 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენაზე დაიმსახურა უმაღლესი ჯილდო (სულ კონიაკმა მიიღო 23 მედალი აქედან 5 უმაღლესი დონის; „ხელოვნური კონიაკი N3“ (Искусственный коньяк № 3) - 1889 წელს პარიზში მსოფლიო გამოფენაზე მიენიჭა უმაღესი ჯილდო (აგრეთვე 8 მედალი სხვადასხვა გამოფენაზე სულ კონიაკმა დაიმსახურა სხვადასხვა ქვეყნის 11 ჯილდო, მათ შორის- 2 საფრანგეთის; “ძველისძველი კონიაკი” (Очень Старый (ОС) - უმაღლესი ჯილდო 1876 წელს ფილადელფიაში I მსოფლიო გამოფენაზე; მისმა პროდუქციამ ვერცხლის მედალი მიიღო საფრანგეთში, პარიზის სასმელების გამოფენაზე, მეორე დიდი ვერცხლის მედალი მიღებული აქვს რუსეთში ყაზანის სამრეწველო გამოფენაზე (1895); 1893 წელს მონაწილეობა მიიღო ქ. ჩიკაგოში მოწყობილ გამოფენაში. პირადად გიორგი ბოლქვაძეს მიღებული აქვს 17 სხვადასხვა ქვეყნის ჯილდო, მათ შორის, პარიზისა და ბრიუსელის აკადემიების საპატიო ორდენები; ორი ფრანგული ორდენი "Merite agricole" ვაზის რესტავრაციისათვის; ორდენი-ნიშნები პარიზის ნაციონალური აკადემიისაგან, ბრიუსელის მსოფლიო მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნების აკადემიისაგან; მეწარმის მიერ უხვად მოპოვებული უმაღლესი ხარისხის ბრილიანტის ქვებითა და ოქროთი შემკული ორდენები და მედლები გამოფენილი იყო მისსავე საფირმო მაღაზიაში. იგი გახლდათ ბრიუსელის მეცნიერებისა და ინდუსტრიული ხელოვნებების მსოფლიო აკადემიის წევრი, პარიზის ეროვნული აკადემიისა (1876) და პარიზის სამიწათმოქმედო აკადემიის (1889) ნამდვილი წევრი; 1894-1896 წლებში იყო ქუთაისის საქალაქო დუმის ხმოსანი; გიორგი ბოლქვაძე 1870 წელს დაქორწინდა აკვირინე გიორგაძეზე. მათ სამი შვილი შეეძინათ - ქალიშვილი ნადეჟდა და ორი ვაჟი - მალაქია და მინა. მალაქია განათლებით იურისტი იყო. ეწეოდა ლიტერატურულ მოღვაწეობას, ჯერ თბილისში, შემდეგ სანკტ-პეტერბურგში. მისი და-ძმაც აქტიური საზოგადოებრივი საქმიანობით გამოირჩეოდა: მინას სოფელ ბახვში ჰქონდა გახსნილი აფთიაქი, ნადეჟდამ ქალთა სასწავლებელი დააფუძნა ოზურგეთში, აგრეთვე, ქალთა გიმნაზიები ერევანსა და თბილისში. მისი ქალიშვილი ტატიანა შჩერბინინა იყო თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირექტორი. გიორგი ბოლქვაძე გარდაიცვალა ქუთაისში 1921 წელს. დაკრძალეს ე.წ. საფიჩხიას სასაფლაოზე. დღეს საფლავი დაკარგულია. წყარო: ღლონტი თეიმურაზ. კავკასიაში მაგარი სასმელების სამრეწველო წარმოების ფუძემდებელი. - თბილისი, 2022 კალანდაძე, ბონდო. რუსეთის იმპერიაში პირველი კონიაკის წარმოება გიორგი ბოლქვაძემ ქუთაისიდან დაიწყო // ღვინო / საქართველოს სომელიეთა ასოციაცია. - თბილისი, 2014. - ივნისი. - N1. - გვ.89-91 საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.461 http://www.nplg.gov.ge/winemakers/ka/00001541/ https://ka.wikipedia.org/wiki//გიორგი_ბოლქვაძე
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

