| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
გიორგი დემუროვი![]()
ბიოგრაფიაქვაზე ხატვისა და ბეჭდვის სპეციალისტი, პირველი ქართველი ლითოგრაფი გიორგი ივანეს ძე დემურიშვილი (დემუროვი) დაიბადა 1854 წელს, ქ. გორში. მამამისი სოვდაგარი იყო, დედას ნინო ერქვა. ოჯახში ექვსი და-ძმა იზრდებოდა, გიორგი უმცროსი გახლდათ. დემურიშვილებს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონდათ. ცხოვრობდნენ გორსა და კასპს შორის მდებარე სოფელში, სადაც რაღაც დაავადება გაჩნდა და იძულებული გახდნენ იქაურობას გამორიდებოდნენ. დასახლდნენ თბილისში. ივანემ რამდენიმე სახლი იყიდა. მათი ერთ-ერთი სახლის ახლოს ყოფილა ტომპსონის ლითოგრაფიის საწარმო, სადაც გიორგი ხშირად შედიოდა და მუშების საქმიანობას აკვირდებოდა. მისი ცნობისმოყვარეობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა და ბიჭუნა შეგირდად აიყვანეს, მალე კი პირველ ხელოსნად დანიშნეს. 16 წლის ასაკში გიორგი დემუროვმა ოცნება აიხდინა და ლითოგრაფიის საწარმო დააარსა. აბრაზე რუსულად ეწერა: Литография Георгия Демурова. აქ იბეჭდებოდა ღვინისა და სხვა სასმელების ეტიკეტები. ლითოგრაფიის საწარმო დემუროვს ხუთ ქვეყანაში ჰქონდა. პირველი საკუთარი კერძო ლითოგრაფია მან 1876 წელს გახსნა, თბილისში (ეს იყო ქართველის მიერ გახსნილი პირველი ლითოგრაფია). 1889 წელს - ბაქოში, 1899 წელს - სამარყანდში, ხოლო 1907 წელს - აშხაბადში, სადაც დასაქმებული ჰყავდა 150 თანამშრომელი. მეხუთე ქვეყანა ჯერჯერობით უცნობია. მანქანა-დანადგარები, ქაღალდი და საღებავები უცხოეთიდან ჩამოჰქონდა. ბიზნესის გამო გიორგი დემურიშვილი ხშირად სტუმრობდა შუა აზიის ქვეყნებს. აქ მას დიდ პატივს სცემდნენ. მან პირველმა ჩაიტანა აშხაბადში ელექტროსადგურის ასაშენებელი ელექტროდანადგარები. 1903-1904 წლებში სამარყანდში გამოსცემდა გაზეთს - "Самаркандец". დიდი კაპიტალის დაგროვების შემდეგ გიორგი დაოჯახდა. 32 წლის ასკში შექმნა ქართულ-ბერძნული ოჯახი. მისი მეუღლე ანასტასია (ტასო) პარადისოპულო (ბაღჩალოვა)18 წლის იყო. მისი წინაპარი (სხვა საუკეთესო სპეციალისტებთან ერთად) ალავერდის ახლოს მდებარე ოქროს, სპილენძისა და ალუმინის საბადოების შესასწავლად მოუწვევია ერეკლე მეორეს საბერძნეთიდან. მას ოჯახიც წამოუყვანია და აქ დამკვიდრებულა. გიორგის და ტასოს 10 შვილი შეეძინა. სამწუხაროდ, ტასო მეთერმეტე შვილის მშობიარობას გადაჰყვა. გიორგის მეორე ცოლი აღარ შეურთავს. შვილები მარტომ გაზარდა და ყველას კარგი განათლება მისცა. გიორგი დემურიშვილი გარდაიცვალა 1930 წელს. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე, პანტელეიმონის ეკლესიის სიახლოვეს. დღეს მისი საფლავი დაკარგულია. საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკის ფოტოკოლექციაში დაცულია გიორგი დემუროვის საოჯახო ალბომი, რომელიც ბიბლიოთეკას გადასცა მისმა შვილიშვილმა მანანა ქაჯაიამ (ალექსანდრას ქალიშვილი). წყარო: იმედაშვილი იოსებ. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ .-თბ.,2018.-გვ.858 https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/27469 ყაჯრიშვილი, თორნიკე. პირველი ქართველი ლითოგრაფის დღემდე უცნობი ფოტოები და ისტორია // სამეგრელო. - თბილისი, 2014. - 2 თებერვალი - 3 მარტი. - N2(27). - გვ.32-33; კვირის პალიტრა. - თბილისი, 2014. - 13 - 19 იანვარი. - N3 (1015).
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

