The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ფიქრიე ხიმშიაშვილი

Date of birth:1899  (127 years)
Date of death:199?
Category:Humanitarian

Biography

ფიქრიე ხიმშიაშვილი დაიბადა 1899 წელს, დუდი ხანუმ ბეჟანიძის შვილიშვილის, ჯემალ შერიფის ძე ხიმშიაშვილის ოჯახში.

დუდი ხანუმ ბეჟანიძე ადრე დაქვრივდა. მისი მეუღლე - ეზრუმის სერასკირი ახმედ ხიმშიაშვილი 1836 წელს ტრაგიკულად დაიღუპა. მას ოთხი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. მათგან უფროსი, შერიფი, მხოლოდ 7 წლის იყო. მის დავაჟკაცებამდე, სულთნის ბრძანებით, აჭარის გამგებლობა დუდი ხანიმს დაევალა.

შერიფი დედამ ოსმალეთის სულთნის კარზე წაიყვანა, რათა შვილის განათლებასა და მისთვის ბეგობის წოდების მოპოვებაზე ეზრუნა. უამისოდ იგი ვერ დაიკავებდა მამის თანამდებობას, ვერ გახდებოდა აჭარის მმართველი.

შერიფი მიაბარეს უფლისწულებისთვის განკუთვნილ სკოლაში, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. ქართულად წერა–კითხვა და ქართული ლიტერატურა კი დედის დახმარებით ოჯახში შეისწავლა. 15 წლის შერიფი ხულოს საგვარეულო სასახლეში ბეგის ტიტულით დაბრუნდა.

ფიქრიეს დედა – საადეთ ბეჟანიძე თავის გვარში გამორჩეული ქალი გახლდათ, კდემამოსილი, ქართული ლიტერატურის მცოდნე, განათლებული. მან შეასწავლა თავის შვილებს ქართული წერა–კითხვა, ჩაუნერგა სამშობლოს სიყვარული.

ფიქრიე ხიმშიაშვილი, დედისა და დიდედის მსგავსად, სილამაზით ქებული, შესანიშნავი მექართულე, განათლებული ქალბატონი იყო. ექვს ენას ფლობდა - ქართულ, თურქულ, აზერბაიჯანულ, ფრანგულ, არაბულ, რუსულ ენებზე თავისუფლად შეეძლო საუბარი. კარგად იცნობდა ამ ენებზე შექმნილ მხატვრულ ლიტერატურას. იყო დაგვირისტებული, ოქრომკედით მქარგავი, მქსოველ–დეკორატორი, მუსიკისა და მხატვრობის მოტრფიალე და მცოდნე.

ფიქრიეს პირველი ქორწინება ხანმოკლე და უბედური გამოდგა. მისი მეუღლე– თახსიმ ხიმშიაშვილი ბოლშევიკური რეპრესიების მსხვერპლი შეიქნა. გაზეთ „სამუსლიმანო საქართველოს“ ერთ–ერთი რედაქტორი აკაკი შანიძემ მიიწვია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული ენის მასწავლებლად. სამწუხაროდ, უგანათლებულესი პიროვნება, ხუთი ენის საუკეთესო სპეციალისტი (ქართული, არაბული, ოსმალური, ფრანგული, რუსული) ბოლშევიკურმა რეჟიმმა სასიკვდილოდ გაიმეტა. გადმოცემის თანახმად, იგი ჯერ სამსახურიდან დაითხოვეს, შემდეგ კი მოწამლეს, რადგან საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვას ვერ ეგუებოდა და ბოლშევიკური ხელისუფლების იდეოლოგია არ მოსწონდა.

ფიქრიე აჭარიდან განდევნეს და თბილისში გაასახლეს. მას სასტიკად ეკრძალებოდა აჭარაში ჩასვლა, მამა–პაპისეულ სახლში ცხოვრება. ერთხანს ულუკმაპუროდ დარჩენილი ხელსაქმით ირჩენდა თავს: ნაქარგებს, ნაქსოვებს, სათამაშო თოჯინებს ამზადებდა გასაყიდად; თავის ნახელავს ყიდდა და ისე შოულობდა სარჩოს. ღვთის წყალობით, ღამის გასათევი ჰქონდა - ნათესავმა – ნარგიზ ბეჟანიძემ შეიფარა.

საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალი ბედმა არ გასწირა. თბილისის უნივერსიტეტში 1924-1928 წლებში სწავლობდა აზერბაიჯანელი თავადიშვილი, ყარაბაღელი ბეგის შვილი ილიუშა ახუნდოვი. მას შეუყვარდა ულამაზესი ფიქრიე და ცოლად შეირთო. ისინი ბაქოში დასახლდნენ და შესანიშნავი ოჯახი შექმნეს. შვილებიც შეეძინათ.

ფიქრიე ხიმშიაშვილს გული მაინც აჭარისკენ, ხულოსკენ მოუწევდა. დარდობდა აჭარაში ჩასვლა რომ ეკრძალებოდა, დედის–საადეთ ბეჟანიძის საფლავი დიდხანს ესიზმრებოდა, მამისეული სახლი ენატრებოდა.

მეცნიერი შუშანა ფუტკარაძე, სტამბოლელი ხიმშიაშვილების თხოვნით, 1998 წლის აპრილში ბაქოში ჩავიდა ფიქრიე ხიმშიაშვილის სანახავად. ას წელს მიღწეულმა ქალბატონმა მას გადასცა წინაპართა ფოტოსურათებისა და სამუზეუმო ექსპონატების ორიგინალები, რომელთა ასლები დღეს ამშვენებს აჭარაში არსებულ ხიმშიაშვილთა მუზეუმებს (ორიგინალები დაცულია შ. ფუტკარაძის პირად არქივში).

ფიქრიე ხიმშიაშვილის ოცნება იყო ხულოში, მამა–პაპისეულ ისტორიულ, 180 წლის სახლში სელიმ ხიმშიაშვილის (შერიფის ბაბუა) სახელობის სახლ–მუზეუმის გახსნა. მას სურდა თავის ოჯახში შემონახული ისტორიული წყაროები (მზითვის წიგნი, წერილები, საქმიანი ქაღალდები) ამ მუზეუმისთვის გადაეცა. სამწუხაროდ ეს ვერ მოხერხდა და დღეს ეს საუნჯე ბაქოში, ორჰან და საადეთ ახუნდოვების ოჯახებშია დაცული. აქვეა ძვირფას ჩარჩოებში ჩასმული ოქრომკედით შესრულებული, დაგვირისტებული ნაქარგობის ნიმუშები.

დღეს, სოფელ სხალთაში (ხულოს მუნიციპალიტეტი), სახლში, რომელშიც XIX საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა შერიფ ხიმშიაშვილი, გახსნილია მისი სახელობის მუზეუმი.

წყარო:

ფუკტარაძე შუშანა. სახელოვანი ქართველი ქალები ხიმშიაშვილთა ოჯახებიდან // საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აჭარის ვტონომიური ესპუბლიკის რეგიონული სამეცნიერო ცენტრისშრომები. VIII, 2022. - გვ 145-159; ქართული დიპლომატია: წელიწდეული. თბილისი. 2015. N17. - გვ. 123-145;


Share: