The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ელიზბარ ვაჩნაძე

ელიზბარ ვაჩნაძე
Date of birth:1895
Date of death:1958  (at 63 years)
Category:Military Person

Biography

სამხედრო ოფიცერი, პოლიტიკური ემიგრანტი ელიზბარ გრიგოლის (გიორგის) ძე ვაჩნაძე დაიბადა 1895 წელს.

1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ქვეით ჯარში (პორუჩიკი). საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ მონაწილეობდა ანტისაოკუპაციო მოძრაობაში, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის ახლო თანამებრძოლი, „შეფიცულთა რაზმის“ აქტიური წევრი.

ქაქუცას ერთ-ერთი მოადგილე ალექსანდრე სულხანიშვილი (1896-1990) თავის მოგონებებში მას ხშირად იხსენებს, როგორც საქართველოს გათავისუფლებისთვის მხნე მებრძოლს.

1924 წლის აგვისტოს აჯანყების დროს ელიზბარ ვაჩნაძე ჩოლოყაშვილის რაზმის შემადგენლობაში იბრძოდა, 29-30 აგვისტოს ღამით იგი უშუალოდ ხელმძღვანელობდა მანგლისის სამხედრო ყაზარმებზე თავდასხმას.

აჯანყების დამარცხების შემდეგ ელიზბარმაც დატოვა საქართველო შეფიცულთა რაზმის სხვა წევრებთან ერთად. გარკვეული პერიოდი თურქეთში გაჩერდნენ, შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდნენ.

შემორჩენილია ელიზბარ ვაჩნაძის ფრაგმენტული მოგონებები (ჩაიწერა მიხეილ ქავთარაძემ), რომელიც ეხება შეფიცულთა რაზმის საქართველოში მოღვაწეობის პერიოდს. დაიბეჭდა 1978 წელს ემიგრანტულ გამოცემა „ივერიაში“.

ვინაიდან შეფიცულებს არ სურდათ დაქსასვა, მათ პარიზის გარეუბანში, ვიროფლეში დაიქირავეს სახლი და ქაქუცას გარდაცვალებამდე ერთად ცხოვრობდნენ.

1926 წლის ზაფხულში, ქ. ჩოლოყაშვილის საიდუმლო დავალებით ელიზბარ ვაჩნაძე და სამსონ ყრუაშვილი საქართველოში ჩამოვიდნენ. მათ დაარწმუნეს საბჭოთა ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ შეძლებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში შემორჩენილი აჯანყებულების დანებებაზე დათანხმებას.

სინამდვილეში, მისიის მიზანი ინფორმაციის შეგროვება და ანტისაბჭოთა იატაკქვეშა ჯგუფებთან კავშირის გაბმა იყო. ს. ყრუაშვილი საფრანგეთში უვნებლად დაბრუნდა, თბილისში მძევლად დატოვებული ვაჩნაძე კი ОГПУ-ის ზედამხედველობას გაექცა და საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის გარდაცვალების შემდეგ, 1930-1939 წლებში ელიზბარ ვაჩნაძე სათავეში ედგა ემიგრაციაში მყოფ „საქართველოს შეფიცულთა“ კავშირს. 

მეორე მსოფლიო ომის (1939-1945) წლებში ქართველ ემიგრანტთა მემარჯვენე რადიკალური ფრთის წევრების ნაწილი გერმანელთა მხარეს იბრძოდა, რადგან იმედოვნებდნენ, რომ გამარჯვებული გერმანია ისევე დაეხმარებოდა მათ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში, როგორც ეს I მსოფლიო ომის დროს მოხდა.

ელიზბარ ვაჩნაძე თანამშრომლობდა გერმანიის დაზვერვასთან. ომში დამარცხების შემდეგ მან გერმანია დატოვა და ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად.

გარდაცვალებამდე ცხოვრობდა ბრიუსელში, სადაც 1951 წელს დააარსა „ქართველ მეომართა კავშირი“. მისი შემდგომი ბედი უცნობია.

ელიზბარ ვაჩნაძეს ცოლად ჰყავდა ელენე (ლოლა) დიასამიძე (1900-1968), ემიგრანტ გრ. დიასამიძის ასული. მათი ერთადერთი ქალიშვილია - ნინო ვაჩნაძე-კოვალსკი.

მწერალი და პოლიტიკოსი გრიგოლ დიასამიძე (1870-1960) 1952 წლის მარტში ქალიშვილთან ერთად საცხოვრებლად  გერმანიიდან ამერიკაში გადავიდა. დასახლდნენ ნიუ–იორკში. აქ გრიგოლმა განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. ამასთანავე, იგი იყო ნიუ–იორკის ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ გამგეობის წევრი.

გრ. დიასამიძე და ელენე დიასამიძე-ვაჩნაძისა ნიუ-იორკში გარდაიცვალნენ. განისვენებენ იქვე, ნოვო–დივეევოს მონასტერში (მართმადიდებლური ეკლესიის ეზოში).

ნინო ვაჩნაძე–კოვალსკი ცხოვრობს ნიუ–იორკში მეუღლესა და ორ ქალიშვილთან ერთად.

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ელიზბარ_ვაჩნაძე 

ვაჩნაძე ელიზბარ. ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის უცნობი მოგონებები / მოამზადა ია ღადუამ // ლიტერატურის მატიანე / ლიტერატურის მუზეუმი. თბილისი, 2015. N 13. გვ.5-53


Share: