The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანტონ ზუბალაშვილი

ანტონ ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1901
გარდაცვ. თარიღი:1944  (43 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პერლაშეზის სასაფლაო, პარიზი
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

ანტონ ზუბალაშვილი დაიბადა 1901 წელს, ქ. თბილისში. მამამისი, დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი (1873-1950) პროფესიით ფინანსისტი იყო. კომერციული საქმიანობა ადრეულ ასაკში დაიწყო. იგი უახლოესმა ნათესავმა სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილმა (1860-1904) მიიწვიასამუშაოდ ბაქოს ნავთობსარეწების კანტორაში და მას შემდეგ ძმები ზუბალაშვილების გვერდით უშუალოდ მონაწილეობდა ბაქოს ნავთობის ბიზნესში, ხელმძღვანელობდა ზუბალაშვილების ნავთობკომპანიის ქიმიურ ლაბორატორიას, ფაქტობრივად იყო ნავთობის საბადოების საქმეთა მმართველი, წარმატებული ადმინისტრატორი.

დავით ზუბალაშვილის მეუღლე იყო თავადის ასული ანა თუმანიშვილი, კათოლიკური აღმსარებლობის, პროფესიით ექიმი. ჰყავდათ ორი შვილი: ანტონი და ანასტასია (1915-2007). დავითი ძირითადად ბაქოში ცხოვრობდა, მისი ცოლ-შვილი კი  თბილისში.

ანტონ ზუბალაშვილმა ოჯახშივე მიიღო კარგი განათლება. ბავშვობაში შეისწავლა ევროპული ენები უცხოელი მასწავლებლების მეშვეობით. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა იუნკერთა სკოლაში, იყო გენერალ ილია ოდიშელიძის ადიუტანტი (ოდიშელიძეს სჭირდებოდა თურმე ევროპული ენების მცოდნე ადიუტანტი. იუნკერთა სასწავლებლის დირექტორის რეკომენდაციით, ასეთად შეირჩა ანტონ ზუბალაშვილი, რომელიც ზედმიწევნით კარგად ფლობდა რუსულ, გერმანულ, ინგლისურ და ფრანგულ ენებს).

1921 წელს ანტონი ემიგრაციაში გაჰყვა მენშევიკების მთავრობას. ისინი ჯერ სტამბულში შეჩერებულან და თავი შეუფარებიათ ქართველ კათოლიკეთა მონასტრისათვის (პეტრე ხარისჭირაშვილის მიერ დაარსებული „ქართველთა სავანე“ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან XX საუკუნის 20-30-იან წლებამდე იყო არა მარტო საზღვარგარეთ არსებული ქრისტიანული რელიგიის ცენტრი, არამედ ეროვნული სულიერი კულტურის უმნიშვნელოვანესი კერაც, მშობლიური ქვეყნის უანგარო მსახური და იმავდროულად თანამემამულეების კეთილი მასპინძელი).

ახლობელთა გადმოცემით ანტონი სტამბულში დარჩენილა რამდენიმე წელს და სწავლობდა კათოლიკეთა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში. 1928 წლიდან კი საცხოვრებლად დამკვიდრებულა საფრანგეთში (პარიზში).

1938 წლიდან ანტონ ზუბალაშვილი იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ ფრანგების მხარეზე და მალევე დაიღუპა (სხვა ცნობით, 1944 წელს). დაკრძალულია პარიზში პერლაშეზის სასაფლაოზე. მემკვიდრე არ დარჩენია. 

საფრანგეთის მთავრობამ ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილს გარდაცვალების შემდეგ მიაკუთვნა საპატიო ლეგიონერის ორდენი.

წყარო:

ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.-თბილისი, 2011.- გვ.183-184 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: