The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ნინო მათიაშვილი

ნინო მათიაშვილი
დაბადების თარიღი:199?
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

ნინო მათიაშვილი ბავშვობიდან ცეკვავს. შეიძლება ითქვას, რომ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გაიზარდა. დედამისი, მაია ზურაშვილი, თეატრის წამყვანი ბალერინა იყო და შესაბამისად, ბალეტი მისი ქალიშვილის ცხოვრების ნაწილად იქცა.

ნინო 7 წლის ასაკიდან მონაწილეობდა იმ საოპერო და საბალეტო სპექტაკლებში, სადაც პატარა მოცეკვავე სჭირდებოდათ და ხელფასიც ერიცხებოდა.

ნინო მათიაშვილმა 10 წლის ასაკში ჩააბარა თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში და რვაწლიანი სწავლების შემდეგ ოპერისა და ბალეტის დასის წევრი გახდა. 5 წლის განმავლობაში ცეკვავდა საბალეტო სპექტაკლებში თბილისში და დიდი გამოცდილება დააგროვა, რისთვისაც ძალიან მადლიერია თავისი უშუალო  პედაგოგების – ირინე ჯანდიერისა და ანატოლი კუჩერუკის და დასის ხელმძღვანელის, ქალბატონი ნინო ანანიაშვილის.

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გატარებული 5 სეზონისა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გამართული გასტროლების შემდეგ, ნინო მათიაშვილმა გადაწყვიტა თავი უცხო თეატრში გამოეცადა, რადგან ახალი გამოწვევები და სიახლეები აინტერესებდა.

2014 წლის ივნისში კონტრაქტით ცეკვავდა ბუდაპეშტის საბალეტო დასში (Magyar Nemzeti Balett / Hungarian National Ballet); ამავე წლის 18 ივლისიდან - 2016 წლის 12 ივნისის ჩათვლით  „ჰონგ-კონგ ბალეტში“ (Hong Kong Ballet).

სხვადასხვა საბალეტო დასში ცეკვამ, განსხვავებულმა რეპერტუარმა და ახალმა ქორეოგრაფებმა ნინოს მეტი გამოცდილება შესძინა, რის მერეც გადაწყვიტა „ბოსტონ ბალეტში“ კასტინგზე გასვლა.

„ბოსტონ ბალეტი“ (Boston Ballet) მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საბალეტო დასია და ახალგაზრდა ბალერინა იქ მოხვედრაზე ოცნებობდა. 2016 წლის ივნისის თვეში „ჰონგ-კონგ ბალეტი ამერიკაში გასტროლებზე იმყოფებოდა. ნინომ მომენტით ისარგებლა და კასტინგზე გამოცხადდა, რომლის დასრულებისთანავე გახდა დასის წევრი.

ბოსტონში (მასაჩუსეტსის შტატი) საცხოვრებლად 2016 წლის 14 აგვისტოს გადავიდა. წარმატებული საბალეტო კარიერა აქვს. სეზონის განმავლობაში მსოფლიოში ცნობილ ქორეოგრაფებთან მუშაობს, მათთან ერთად ქმნის ახალ ბალეტებს, რაც ძალიან აბედნიერებს. სეზონზე თეატრში 100-ზე მეტი სპექტაკლი იდგმება და ყველა განსხვავებული სტილის. ნინო თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს.

ნინო მათიაშვილს ჰყავს მეუღლე, მამუკა კიკალიშვილი, რომელიც ასევე მოცეკვავეა. მათ ერთმანეთი თბილისის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში გაიცნეს და ერთად ცეკვავდნენ თბილისის საბალეტო დასში. საერთო პროფესიამ ქალ-ვაჟი დააახლოვა და  მათი  სიყვარულიც ასე დაიწყო. პირველი ერთობლივი სპექტაკლი იყო ბალეტი „მაკნატუნა“. შემდეგ ერთად მიიღეს კონტრაქტები ბუდაპეშტსა და ჰონკონგში. ამჟამად ორივე ბოსტონშია.

მამუკა კიკალიშვილი, პარალელურად, საბრძოლო ხელოვნებითაა დაკავებული (Martial Art) და ცეკვასაც აგრძელებს.

2023 წელს თბილისში ჩატარდა ბალეტის ფესტივალი, რომელიც გაიხსნა ალექსი მაჭავარიანის ბალეტით "ოტელო ". წამყვანი პარტიები ბალეტში პირველად იცეკვეს  "ბოსტონ ბალეტის" სოლისტებმა - ლაშა ხოზაშვილმა და ნინო მათიაშვილმა (28/06/2023).

წყარო:

მათიაშვილი ნინო. 7 წლის ასაკიდან ოპერის თეატრში ხელფასი მერიცხებოდა: ინტერვიუ / ესაუბრა ქეთი მოდებაძე // თბილისელები. თბილისი, 2021. 6-12 დეკემბერი. N49 (1093). გვ. 4  

   

https://tbiliselebi.ge/ka/news/society/nino-matiashvili-7-tslis-asakidan-operis-teatrshi-khelphasi-meritskheboda


გააზიარე: