| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
სტეფანე ზუბალაშვილი![]()
ბიოგრაფიასტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1860 წელს თბილისში. მამამისი, კონსტანტინე იაკობის ძე ზუბალაშვილი (1828-1901) სამხედრო ოფიცერი გახლდათ, მონაწილეობდა დაღესტნის ბრძოლებში. 1850 წელს მიიღო შტაბს- კაპიტნის ხარისხი, მაგრამ 1856 წელს ავადმყოფობის გამო თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ხელი მიჰყო კომერციას. მას ცოლად ჰყავდა, ქუთაისელი კათოლიკე თავადის მიხეილ თუმანიშვილის ასული - ელისაბედი (დაბ. 1834 წ.). წყვილს რვა შვილი შეეძინა - 5 ვაჟი და 3 გოგონა. მათგან პირველი, ანდრია, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა, სწორედ მას შემდეგ ეყოლათ ოთხი ვაჟიშვილი: ლევანი (1851-1914), სტეფანე, პეტრე (1862-?) და იაკობი (1876–1941), რომლებმაც საგვარეულო ტრადიცია არ დაარღვიეს და ცნობილი კომერსანტები და ქველმოქმედები გახდნენ. სტეფანემ 1880 წელს დაამთავრა თბილისის კლასიკური გიმნაზია. მან თავისი დროისთვის კარგი განათლება მიიღო, შეისწავლა უცხო ენები, რომელიც შემდგომ ძალიან გამოადგა კომერციულ საქმიანობაში. მშობლების მაგალითზე სტეფანემ და მისმა ძმებმა ბავშვობიდანვე შეითვისეს ადამიანთა სიყვარული, მაშვრალთა , უპოვართა თანადგომა-პატივისცემა, ისწავლეს შრომის ფასი და საქმის ერთგულება. მამამ სტეფანე გიმნაზიის დამთავრებისთანავე ჩართო ოჯახურ ბიზნესში და დააწყებინა მუშაობა ბაქოს ნავთობმომპოვებელ კომპანიაში. სტეფანე მალევე გახდა მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. თავისი საქმიანობით იგი ბუნებრივად იყო დაკავშირებული „როტშილდის“, „ნობელის“, „მაზუთის“ ფირმებთან და ყოველთვის გამოირჩეოდა კეთილსინდისიერი პარტნიორობით. სტეფანე ზუბალაშვილი ძირითადად ბაქოში ცხოვრობდა (ოჯახი კი - თბილისში), მაგრამ იგი ყოველთვის იყო დაკავშირებული ქართულ სინამდვილესთან, ახლოს იცნობდა ქართველ ინტელიგენციას და საზოგადო მოღვაწეებს. მისი ცხოვრებისა და საქმიანობის მთავარი მიზანი ერის კეთილდღეობაზე ზრუნვა იყო. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე სტეფანე ზუბალაშვილი მთელს საქართველოში ცნობილი და აღიარებული იყო თავისი მეცენატობითა და კაცთმოყვარეობით. იგი ერის ცხოვრებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა კულტურულ-საგანმანათლებლო კერების დაარსებას. სტეფანეს თაოსნობით, ძმები ზუბალაშვილების სახელთანაა დაკავშირებული თბილისში სათავადაზნაურო გიმნაზიის (უნივერსიტეტის I კორპუსი), თბილისის მუსიკალური სკოლის (დღევანდელი კონსერვატორიის შენობა) მშენებლობა, სახალხო სახლის (დღევანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) აგება-დაფუძნება. იგი ხშირად ეხმარებოდა ფინანსურად თბილისში, ქუთაისში, გორში, ახალციხეში, ხიზაბავრაში ეკლესიებთან არსებულ ქართულ სკოლებს. მას კარგად ესმოდა პრესის მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბებაში. სწორედ ეს ფაქტორი განსაზღვრავდა მის განსაკუთრებულ გულმოწყალებას ამ სფეროშიც. ფინანსურად ეხმარებოდა ჟურნალ-გაზეთების გამომცემლებს. სტეფანე ზუბალაშვილი გახლდათ თბილისში „უპოვართა სახლის“ დაფუძნების ძირითადი მოთავე. მისი დაარსებულია, ასევე, მისივე სახელობის ბავშვთა საავადმყოფო ავლაბარში, რომლის კურთხევა მოხდა 1913 წლის 16 ნოემბერს (სახალხო გაზეთი. 1913. ნოემბერი, N1045 და N1054). სტეფანე ზუბალაშვილის საქველმოქმედო საქმეთაგან გამორჩეულია ბათუმის კათოლიკური ტაძრის დიდებული ნაგებობა, რომლის აგება ძმები ზუბალაშვილების დედის - ელისაბედის ოცნება ყოფილა. 1906 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ იაკობ, ლევან, პეტრე და სტეფანე (გარდაცვალების შემდეგ) ზუბალაშვილები საზოგადოების საპატიო წევრებად აირჩია, ხოლო 1912 წელს ოთხივე ძმა გახდა ქალაქ თბილისის საპატიო მოქალაქე. ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაწესებული ჰქონდა ზუბალაშვილების სახელობის სტიპენდია, რომლის მფლობელები იყვნენ შემდგომში ცნობილი მეცნიერები, მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. სტეფანეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მან მთელი სიცოცხლე სამშობლოსა და ქართველი ხალხის კეთილდღეობას მიუძღვნა. 1904 წლის 15 მაისს სტეფანე ზუბალაშვილი საფრანგეთში სამკურნალოდ გაემგზავრა, მაგრამ, სამწუხაროდ, მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო და იგი 1904 წლის 14 სექტემბერს პარიზში გარდაიცვალა. მისი ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და დაკრძალეს სოლოლაკში, საგვარეულო სამარხში მშობლების გვერდით. წყარო: ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან: [მონოგრაფია] / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2011.-გვ.65-67 (dspace.nplg.gov.ge) ჭიჭინაძე, ზაქარია. სამაგალითო ადამიანი, სტეფანე კონსტანტინეს-ძე ზუბალაშვილი / აღწერილი და მეორედ დაბეჭდილი ზ. ჭიჭინაძის მიერ. - თბილისი, 1904 იმედაშვილი იოსებ. ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. II ე-ლ / იოსებ იმედაშვილი.-თბილისი, 2021.-გვ.228
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

