The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ზუბალაშვილი სტეფანე

დაბადების თარიღი:1785
გარდაცვ. თარიღი:1840  (55 წლის ასაკში)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი დაიბადა 1785 წელს ქ. გორში. ამ ქალაქიდან იყო მამამისიც, ივანე გიორგის ძე ზუბალაშვილი (1747-1817), რომელმაც ადრეულ ასაკში მოჰკიდა ხელი აღებ-მიცემობას და გამჭრიახი გონებისა და ნიჭის წყალობით კიდევ უფრო გააფართოვა ოჯახის სავაჭრო საქმიანობა. ივანეს ცოლად შეურთავს გორელი ქალი ანასტასია (კათოლიკეთა ოჯახის ასული). საეკლესიო ჩანაწერების მიხედვით, მათ ჰყოლიათ 10 შვილი (9 ვაჟი და ერთი ქალი). ამათგან რამდენიმე ადრეულ ასაკში გარდაცვლილა, ხოლო ანდრია, მიხეილი (მიქელი), გიორგი, სტეფანე, იაკობი და დავითი მეტ-ნაკლებად ცნობილი ყოფილან თავიანთი საქმიანობით, განათლებითა და ქველმოქმედებით.

სტეფანე ზუბალაშვილმა ქართული წერა-კითხვა ოჯახში შეისწავლა, შემდეგ მიაბარეს

გორის კათოლიკური ეკლესიის სკოლაში. აქ სხვა საგნებთან ერთად კათოლიკე პატრების მეშვეობით  ჩინებულად აითვისა ფრანგული ენა და ისეთი ზოგადი საკითხები, როგორიცაა ევროპისა და აზიის სახელმწიფოთა საზღვრები, გზები და ვაჭრობის თავისებურებანი.

თანამედროვეთა გადმოცემით, სტეფანე ყოფილა ძალიან ცოცხალი, სხარტი, გამჭრიახი გონების ბავშვი; უყვარდა წიგნების კითხვა, აინტერესებდა ისტორია, განსაკუთრებით იზიდავდა მოგზაურობა. პატარაობისას იგი ხშირად სტუმრობდა მამასთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხეს და ადრეულ ასაკშივე კარდად გაიცნო იმერეთი, სამეგრელო, გურია, ახალციხე, ბათუმი…

15 წლის სტეფანემ დამოუკიდებლად დაიწყო ვაჭრობა. ამ საქმეში მას ისეთი მოხერხება და უნარები აღმოაჩნდა, რომ უკვე ჭაბუკობისას სახელდებოდა ცნობილ ვაჭრად. მას თბილისში ჰქონია კარგი მაღაზიები, მაგრამ ახალბედა კომერსანტს უცხო ქვეყნების დაპყრობა სურდა. აღებ-მიცემობით მის დაინტერესებას ისიც აძლიერებდა, რომ XIX საუკუნის დასაწყისში თბილისში მრავლად ჩამოდიოდნენ უცხოელი ვაჭრები და მათ მიერ ჩამოტანილ საქონელს ყმაწვილი აღტაცებაში მოჰყავდა.

სტეფანე პირველად სავაჭროდ წასულა ამიერკავკასიასა და რუსეთში (1816 წლიდან დადიოდა მოსკოვშიც), შემდეგ სხვა ქართველ ვაჭრებთან ერთად - თურქეთში, სპარსეთში, 1819 წელს კი ინდოეთამდეც მიუღწევია.

ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით XVIII საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოდან ინდოეთში გადიოდა დიდძალი მატყლი. ნაწილი ინდოელ ვაჭრებს მიჰქონდათ, ნაწილი - ქართველებს. მათ შორის გამორჩეული ყოფილა ახალციხელი კათოლიკე ვაჭარი გრიგოლ ხურსიძე (ისარლიშვილი), რომელიც სხვა რამდენიმე თანამემამულესთან ერთად საბოლოოდ დამკვიდრებულა ინდოეთში. იგი ყოველთვის ეხმარებოდა ინდოეთში ჩასულ ქართველებს სავაჭრო საქმიანობაში.

სტეფანე ივანეს ძე ინდოეთში მალე დაუახლოვდა იქ მცხოვრებ ქართველ და სომეხ ვაჭრებს,  მათ შორის, უკვე ცნობილ დიდვაჭარს - გრიგოლ ხურსიძეს და მათი ხელშეწყობით თავადაც დაიწყო აღებ-მიცემობა მადრასსა და კალკუტაში. იგი ძალიან ენერგიული და საქმიანი კაცი ყოფილა, მაგრამ ვაჭრობაში კარგ მოგებას ყოველთვის ვერ ნახულობდა, რადგან ზოგჯერ უცხოეთიდან წამოღებული საქონელი ხანგრძლივი მგზავრობის შედეგად ფუჭდებოდა, ან კიდევ საქართველოში მისი სასაქონლო ფასი უკვე დაცემული ხვდებოდა. მიუხედავად ამისა, სტეფანე ყოველთვის იმედიანად აგრძელებდა საქმიანობას.

ინდოეთის შემდეგ სტეფანე ზუბალაშვილი ერთხანს სპარსეთშიც ცხოვრობდა, ვაჭრობით იქაც დიდი სარგებელი უნახავს, მაგრამ მაინც ინდოეთი იზიდავდა.

1822 წელს იგი კვლავ გაემგზავრა ინდოეთში. მას შემდეგ საქართველოში აღარ დაბრუნებულა. დასახლდა კალკუტაში და შეუდგა ფართო მასშტაბის სავაჭრო საქმიანობას. ცოლად შეურთავს იქაური ქალი. ერთი ვერსიით ქალ-ვაჟიც შესძენია.

პირველ ხანებში სტეფანე სავაჭრო საქონელს (შაქრის ლერწამს, სანელებლებს, ყავას, აბრეშუმის ნაწარმს) უგზავნიდა საქართველოში ძმებსა და ნათესავებს, რომლებმაც 1830-იანი წლების დასაწყისში, სტეფანეს წყალობით, მალე გაითქვეს სახელი. ისინი (დავითი, იაკობი, გიორგი, მიქელი) აწარმოებდნენ აღებ-მიცემობას რუსეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.

სტეფანე ზუბალაშვილს, რომელიც თავისი დროისათვის საკმაოდ განათლებული კაცი იყო, სავაჭრო საქმიანობაში ეხმარებოდა არა მხოლოდ უცხო ენების (ფრანგული, სპარსული, ოსმალური, სომხური, ინგლისური), არამედ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის კარგი ცოდნაც.

1830-იანი წლების შემდეგ სტეფანეს შესახებ საქართველოში არაფერია ცნობილი, უფრო გავრცელებული ცნობით, იგი გარდაცვლილი უნდა იყოს 1840 (სხვა ვარაუდებით 1845,1848, 1858) წელს. დაკრძალულია ინდოეთში.

საქართველოს ისტორიაში სტეფანე ივანეს ძე ზუბალაშვილი მოიხსენიება როგორც "აბრეშუმის გზის" ერთ-ერთი პირველი გამკვალავი. 

წყარო:

ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან: [მონოგრაფია] / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი. - თბილისი, 2011.-გვ.65-67 (dspace.nplg.gov.ge) 

ჭიჭინაძე, ზაქარია . საქართველოს ვაჭრობა და მრეწველობა ძველად და გრიგოლ ხურსიძე და სტეფანე ივანეს-ძე ზუბალაშვილი ინდოეთში / აღწერილი და დაბეჭდილი . ჭიჭინაძის მიერ. - თბილისი, 1905 


გააზიარე: