The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ონისე გოგილაშვილი

დაბადების თარიღი:29 იანვარი, 1959  (67 წლის)
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

ონისე გოგილაშვილი დაიბადა 1959 წლის 29 იანვარს კახეთის სოფელ ზემო მაჩხაანში (ქიზიყი).

1981 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. იმავე წელს ჩააბარა პეტერბურგის საინჟინრო–სამშენებლო აკადემიის ასპირანტურაში (1981-1984).

არის მაღალი ძაბვის ანძების ახალი კონსტრუქციის შესახებ გამოგონებისა და სათანადო ახალი თეორიის ავტორი.

ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროს ონისე გოგილაშვილს გამგებლის თანამდებობა ეკავა. პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემდეგ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში და დაიწყო მუშაობა მის კუთვნილ მიწაზე.

1993 წლიდან აქტიურად დაეძებდა გზას, რათა რომელიმე ქვეყანას მისთვის პოლიტიკური თავშესაფარი აღმოეჩინა.

1997 წლის ბოლოს ოჯახთან ერთად წავიდა იძულებით ემიგრაციაში, საფრანგეთში.

2000 წელს ბრწყინვალედ დაასრულა ფრანგული ენის შემსწავლელი ექვსთვიანი კურსი და სამი დადებითი რეკომენდაცია მოიპოვა (პრეფექტურაში, არქივსა და გაზეთის რედაქციაში სამუშაოდ).

ეწევა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას: 2001 წლის მარტში იყო მუნიციპალური არჩევნების მეთვალყურე-ზედამხედველი ქ. მონტაუბანში; 2002 წელს, ჟენევაში, ესწრებოდა მსოფლიო გამოფენას - „EIBTM-2002”; ამავე წელს იყო ISHR-ის (ადამიანის უფლებების დამცავი საერთაშორისო სამსახური) სასწავლო დეპარტამენტში კონსულტაციების მსმენელი; იმყოფებოდა WIPO-ში (ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაცია) გამოგონების ლიცენზირებისთვის; ჰქონდა ვიზიტები ჟენევის პრეს-კლუბში, ფინეთის პარლამენტში, ჰელსინკის კულტურის ცენტრსა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგელობებში … ;

ციურიხის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ლინგვისტთა სემინარში მონაწილეობის დროს გაეცნო კიტა ჩხენკელის არქივსა და ბიბლიოთეკას;

უცხოეთში ონისე გოგილაშვილს მუდმივად აწუხებდა ნოსტალგიის გრძნობა, ენატრებოდა ყოველივე ქართული.  ალბათ ამიტომაც დაარქვა უმცროს გოგონას, რომელიც საფრანგეთში შეეძინა - ჯორჯიანა (ანუ საქართველო). მას სამი შვილი ჰყავს: ცოტნე, იზა და ჯორჯიანა (ქრისტინე).

როგორც კი შესაძლებელი გახდა საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, ჩამოვიდა და დაბა წნორის სიახლოვეს, ტიბაანის მიკროზონაში გააშენა რქაწითელის, საფერავისა და იტალიური ჯიშის ვაზი, რომელიც ყოველწლიურად დაახლოებით 3,5 ტ. მოსავალს იძლევა. ეწევა სამეწარმეო საქმიანობას. ღვინო იწურება საკუთარ მარანში და ინახება ქვევრებში; რეალიზაცია შეადგენს დაახლოებით 600–700 ლიტრს წელიწადში. იტალიური ტექნოლოგიით დამზადებული და ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო (ეტიკეტით „მოსაწვევი“) დიდ მოწონებას იმსახურებს.

ონისემ, ასევე, დააარსა მუდმივმოქმედი საგამოფენო დარბაზი Expo Nice, სადაც გამოფენილია საქართველოს ისტორიის, ეთნოგრაფიის, ემიგრაციისა და  ა.შ. ფოტო–ილუსტრაციები. 

წყარო:

https://ka.wikipedia.org/wiki/ონისე_გოგილაშვილი

გოგილაშვილი ონისე. გზა შინისაკენ ანუ ქართველი ჯოპრჯიანა საფრანგეთიდან: ინტერვიუ / ესაუბრა მაია რუხაძე // ახალი 7 დღე. თბილისი, 2003. 11-18 აპრილი.N14. გვ. 7, 15


გააზიარე: