| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება
უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.
|
ოთარ იშხნელი![]()
ბიოგრაფიასაბჭოთა ჯარისკაცი, მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე, საფრანგეთის არმიის პოლკოვნიკი ოთარ სიმონის ძე იშხნელი დაიბადა 1921 წლის 20 აპრილს, სოფელ ჩხარში (ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი). მალე ოჯახი საცხოვრებლად ჭიათურაში გადავიდა. 1939 წელს ოთარი თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა, მაგრამ სწავლის დაწყებაც ვერ მოასწრო, რომ ჯარში გაიწვიეს და საოფიცრო სასწავლებელში გააგზავნეს. ლვოვის სამხედრო სამეთაურო კურსები ჯერ კიდევ არ ჰქონდა დამთავრებული, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ახალგაზრდა ოფიცერი ფრონტზე წავიდა. იბრძოდა უკრაინის ტერიტორიაზე - ბროდის, ლვოვის, ტერნოპოლის, ჟიტომირის, კრემენჩუგის, პოლტავის, ბოგოლიუბოვოს და ხარკოვის მიმართულებით. 1941 წლის 25 ოქტომბერს ნაწილი, რომელშიც ოთარ იშხნელი იბრძოდა, მტრის ალყაში მოექცა და იგი თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ ჩავარდა. 2 წელი იმყოფებოდა ხარკოვის, პოლტავის, კრემენჩუგის ტყვეთა ბანაკებში, მერე კი როცა ვერმახტის ჯარებმა უკან დაიხიეს, ტყვეებიც, უფასო მუშახელი, რუმინეთის გავლით გადარეკეს უნგრეთამდე. 1943 წლის დასაწყისში კი გაირკვა, რომ მათ საფრანგეთის ქ. კარმოში (სამხრეთ საფრანგეთი) ქვანახშირის მაღაროების გაფიცული მუშები უნდა შეეცვალათ. ტყვეებმა, რომელთა შორის ქართველები ჭარბობდნენ, მოილაპარაკეს, რომ საჭირო იყო შეერთებოდნენ ანტიფაშისტურ მოძრაობას. მათ შეძლეს გერმანელების ნდობის მოპოვება და ქალაქში თავისუფლად გასვლის შესაძლებლობას მიაღწიეს. იქ კი ფრანგებს დაუახლოვდნენ და მათი დახმარებით დაუკავშირდნენ პარტიზანებს. ოთარ იშხნელი გახდა ტყვეთა ბანაკების არალეგალური ანტიფაშისტური ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი სამხრეთ საფრანგეთის ტერიტორიაზე. ქართველ ტყვეებს პარტიზანებთან (მაკიზარებთან) რეკომენდაცია გაუწია ჟანეტ დე ტრენის ოჯახმა. ოთარს და ამ ახალდაზრდა გოგონას ერთნამეთი შეუყვარდათ და გარკვეული დროის შემდეგ დაქორწინდნენ. 1943 წლის 2 აგვისტოს 146 ყოფილი ტყვე შეუერთდა ჟუკოვილის ტყეში მყოფ 71 პარტიზანს. ტყეში ყოფნის მეხუთე დღეს გარმანიის დაზვერვამ აღმოაჩინა მეამბოხეები და სასტიკი ბრძოლა გაიმართა. ქართველების რაზმს ოთარ იშხნელი ხელმძღვანელობდა. მან თავდაცვა სწორად დაგეგმა და მიაღწია, რომ მის რაზმს მცირე დანაკარგი ჰქონდა, გერმანელებმა კი საგრძნობლად იზარალეს. წინააღმდეგობის შტაბის დავალებით ლეიტენანტმა იშხნელმა შექმნა რეგულარული სამხედრო ფორმირება. მან საბჭოთა (ქართველი, ყაზახი და სხვ.), ფრანგი, ესპანელი, პოლონელი და იუგოსლავი მებრძოლებისგან ჩამოაყალიბა რეგულარული პოლკი, რომელსაც თავადვე მეთაურობდა. ფრანგებმა მას პირველი საბჭოთა პოლკი უწოდეს. მასში 3 700 კაცი ირიცხებოდა. ოთარ იშხნელი ფრანგებისათვის ცნობილი იყო „მაკი ჟორჟიენის“ (ქართველი პარტიზანის) სახელით. 1944 წლის 2 ივნისს საფრანგეთის ეროვნული კომიტეტი, გენერალ შარლ დე გოლის ხელმძღვანელობით, საფრანგეთის რესპუბლიკის დროებით მთავრობად გარდაიქმნა და დაიწყო დაუნდობელი ბრძოლა გერმანელი დამპყრობლების წინააღმდეგ. 1944 წლის აგვისტოდან პოლკი პარტიზანულ ბრძოლებთან ერთად ტაქტიკურ საბრძოლო ოპერაციებსაც ატარებდა. მებრძოლებმა ერთმანეთის მიყოლებით გაათავისუფლეს საფრანგეთის ქალაქები, ხელში ჩაიგდეს გერმანელების შეიარაღების დიდი არსენალი და ტყვედ აიყვანეს ათასობით გერმანელი ჯარისკაცი. საფრანგეთი სახალხო აჯანყებამ მოიცვა და სექტემბრის დასაწყისში სამხრეთ საფრანგეთი დამპყრობელთაგან გაიწმინდა. ქ. ტულუზის განთავისუფლებისადმი მიძღვნილ დიდ აღლუმზე, ტრიბუნაზე მარშალ დე გოლთან და პოლკოვნიკ კენინგთან ერთად, 24 წლის ოთარ იშხნელიც იდგა. მის მკერდს ორდენები და მედლები ამშვენებდა, მხრებზე კი პოლკოვნიკის სამხრეები უბრწყინავდა. იგი დაჯილდოებული იყო საფრანგეთის რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო ჯილდოებით – ორდენით "სამხედრო ჯვარი ხმლითა და ვერცხლის ვარსკვლავით", ორდენით „მამაცობისთვის“, მედლით „წინააღმდეგობისათვის“ და სხვ. ნორმანდიაში მოკავშირეების გადმოსხმის შემდეგ საბჭოთა სარდლობამ პოლკის დაშლის გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა ფრანგები ვერ შეელივნენ ოთარს და იგი სამხრეთ საფრანგეთის სამხედრო ოლქის უფროსად დანიშნეს. ამ დღიდან შედარებით მშვიდი ცხოვრება დაიწყო. სიყვარულისთვისაც მოიცალა და ჟანეტთან იქორწინა. მერე იყო პარიზი, შეხვედრები, რომელზეც არწმუნებდნენ, რომ მისთვის სამშობლოში დაბრუნება უსაფრთხო იყო. ბოლოს გადაწყვიტა დროებით მარტო წასულიყო და თუ ყველაფერი კარგად იქნებოდა შემდეგ წაეყვანა ფეხმძიმე ცოლი. სამშობლოში 1945 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. აქ მისი დამსახურება არ გაითვალისწინეს და ტყვედ ყოფნის გამო მიესაჯა 20 წლით პატიმრობა ციმბირში გადასახლებით. სტალინის გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს და 1955 წელს საქართველოში დაბრუნდა. მუშაობდა საჩხერის ღვინის კომბინატის მთავარ მექანიკოსად. 1978 წელს ჭიათურის ეთერზეთების ქარხანაში გადავიდა და შეიძლება ითქვას, რომ დიდი წვლილი მიუძღვის ეთერზეთების ქარხნის შექმნაში. მისი წარსულის შესახებ არ ლაპარაკობდა, ჟანეტსაც აღარ დაკავშირებია იმის შიშით, რომ მისთვისაც არ ევნო. მხოლოდ ის იცოდა, რომ ქალიშვილი შეეძინა. მოგვიანებით ქართველ ქალზე იქორწინა და შესანიშნავი ქალ-ვაჟიც გაზარდა. გარდაიცვალა 1992 წელს. ოთარ იშხნელი უკვე ცოცხალი აღარ იყო, როცა მისმა მემკვიდრეებმა რუსეთის ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე ნახეს გადაცემა საფრანგეთის წინააღმდეგობის მოძრაობისა და პირველი საბჭოთა პარტიზანული შენაერთის შესახებ. დოკუმენტურ კინოკადრებში იხილეს ოთარ იშხნელის ბიუსტი და ქართველ პარტიზანთა გმირობის ამბებიც გაიგეს. ყოველ წელს ბრძოლების ადგილზე, მათი ხსოვნის პატივსაცემად, პარტიზანების მეგობრები და პოლკოვნიკ იშხნელის მეუღლე და ქალიშვილი იკრიბებიანო, ამცნობდა წამყვანი მაყურებელს. ახლობლების მცდელობის მიუხედავად, ფრანგ ნათესავებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018. -გვ.404 https://ka.wikipedia.org/wiki/ოთარ_იშხნელი ნიკოლაძე, ფრანსუაზ. წითელარმიელი ქართველები ფრანგული "წინააღმდეგობის" მოძრაობაში // ქართველები საფრანგეთისთვის ბრძოლებში : 1939-1945 წლები / ფ. ნიკოლაძე; რ. ნიკოლაძე. - თბ., 2009. - გვ.127-141 გავაშელი ვაჟა. საზეიმო აღლუმი დე გოლთან ერთად ქართველმა მიიღო // კვირის პალიტრა. – 2004. 15-21 მარტი, N11 (472). გვ. 10
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

