The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ანტონ ბაინდურაშვილი

ანტონ ბაინდურაშვილი
დაბადების თარიღი:26 იანვარი, 1906
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 1985  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ავსტრიის ორმოცდაათიანელთა ეკლესიის წევრი ანტონ ბაინდურაშვილი საზღვარგარეთ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დარჩა. იგი 1906 წლის 29 იანვარს დაიბადა საქართველოში. ორი წლის ასაკში დედა გარდაეცვალა. ჰყავდა უფროსი და, მარუსა. მამას ობლების გაზრდა გაუჭირდა  და ბავშვებს დედინაცვალი მოუყვანა. ცოლად შეირთო უკრაინელი ქალი, რომელიც უკრაინიდან შიმშილობას გამოექცა და თანამოძმეებთან ერთად საქართველოში დასახლდა.

ანტონის მამა, ნიკოლოზ ბაინდურაშვილი თავის ახალ მეუღლესთან და ბავშვებთან ერთად სოფელ განათლებაში (ლაგოდეხის რაიონი) გადავიდა. მის მიერ იქ აშენებული სახლი დღემდე ბაინდურაშვილების საკუთრებაა.

1914 წელს ნიკოლა ბაინდურაშვილი გაიწვიეს პირველ მსოფლიო ომში, საიდანაც ცოცხალი და ჯანმრთელი დაბრუნდა. მას გერმანული სცოდნია და შვილსაც თავად შეასწავლა ენის საწყისები, შემდეგ კი ანტონმა ენის ცოდნა თავად გააღრმავა თავისი ნიჭითა და უნარებით.

ნიკოლოზს კარგი ბიბლიოთეკა ჰქონია, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენდა იმ დროისთვის ძნელად ხელმისაწვდომი, მსოფლიო შედევრები. შვილმა ბიბლიოთეკა ახალი წიგნებით გაამდიდრა, აღწერა და საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა, წარწერით: „ანტონ ბაინდურაშვილის ბიბლიოთეკა“.

ანტონმა სწავლა სოფელ განათლების საშუალო სკოლაში დაიწყო. მასწავლებლები გაკვირვებულნი იყვნენ მისი ნიჭიერებით. სკოლის წარმატებით დამთავრების მიუხედავად, ცხოვრების პირობებიდან გამომდინარე, უმაღლესში ჩაბარება დიდხანს ვერ შეძლო. მან მისივე რაიონში მიიღო ტექნიკური განათლება და სოფლის კოლმეურნეობაში საბუღალტრო საქმეებს განაგებდა. როცა შესაძლებლობა მიეცა საბუთები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ფაკუტეტზე შეიტანა, მაგრამ, სამწუხაროდ, სწავლა არ დასცალდა, რამდენიმე დღეში მეორე მსოფლიო ომში გაიწვიეს. ეს იყო 1941 წლის 27 ივნისი.

ანტონ ბაინდურაშვილი ომში წასვლამდე დაოჯახდა. 1932 წელს მან ცოლად მოიყვანა 16 წლის თამარ გრიგალაშვილი, რომლის ოჯახი სოფელში ჩამოსახლებული იყო იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონიდან.  ომში წასვლის დროს ანტონმა შინ დატოვა 4 მცირეწლოვანი შვილი: ნიკოლოზი, მაყვალა, ჯულიეტა  და ჯუმბერი, ხოლო ყველაზე უმცროსი, ლუიზა, ანტონის ფრონტზე წასვლიდან 6 თვის შემდეგ დაიბადა.

ჯულიეტა მცირეწლოვანი გარდაიცვალა გართულებული წითელა-ბატონების გამო, დანარჩენი ოთხი შვილის გაზრდა და ფეხზე დაყენება თამარმა შეძლო, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა. ოჯახი ციმბირში გადასახლებას იმან გადაარჩინა, რომ სანამ ანტონის ტყვედ ყოფნას შეიტყობდნენ, მიღებული ჰქონდათ ცნობა მისი უგზოუკვლოდ დაკარგვის შესახებ.

ანტონ ბაინდურაშვილი 1942 წელს ქერჩში ტყვედ ჩავარდა და უკრაინის ქალაქ შეპეტოვკაში ტყვეთა ბანაკში მოხვდა.

ბანაკში ცხოვრება აუტანელი იყო - შიმშილი, სიცივე, წყურვილი და ავადმყოფობა. დღეში ასამდე კაცი კვდებოდა. ანტონს გაუმართლა და რადგან რუსულად წერა შეეძლო, რამდენიმე ქართველ ტყვესთან ერთად ბანაკიდან გაიყვანეს ტყვეთა სიების შესადგენად.

დროთა ვითარებაში ანტონი ქართულ ბატალიონში მოხვდა. იქიდან გადავიდა „დოლმეტჩერების“ კურსებზე, შემდეგ სხვა ქართველ ლეგიონერებთან ერთად სწავლობდა პოტსდამის საპროპაგანდო სკოლის კურსებზე, საიდანაც კვლავ თავის ნაწილში დაბრუნდა.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს, 1945 წელს, ანტონ ბაინდურაშვილი ზალცბურგში იმყოფებოდა, სადაც პრაღიდან ჩავიდა და ეძებდა უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრების გზებს. მას ეხერხებოდა ხელოსნობა, დურგალიც იყო და კირითხუროც. სამუშაოც ამ მიმართულებით იშოვა, ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში დადგა ხელოსნად.

ანტონი ეკლესიური არ იყო, თუმცა ღმერთის ბავშვობიდან სწამდა და უცხოეთში გადაწყვიტა თავი უფლისთვის მიეძღვნა. რელიგიაში რომ გარკვეულიყო თეოლოგიური სკოლა უნდა დაემთავრებინა, რომელიც ზალცბურგში არ არსებობდა, თან სწავლისთვის უკვე ასაკგადაცილებული გახლდათ.

გამოსავლის ძიებაში მთელ დროს ლოცვაში და ბიბლიის კითხვაში ატარებდა. იგი იესო ქრისტეს მხურვალე მიმდევარი გახდა.

1948 წლის სექტემბრის ერთ დღეს გაუმართლა და გაიცნო მქადაგებელი, რომელმაც მიიყვანა ზალცბურგში არსებულ თავისუფალი ქრისტიანული საზოგადოების სამმართველოში. ასე გაიცნო ანტონმა პროტესტანტული, კერძოდ, ორმოცდაათიანული მიმდინარეობის მორწმუნეები.

ეს საზოგადოება და მისი სალოცავი განსხვავდება თავისი წესწყობილებით მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებისგან. არ ჰყავთ მღვდელი ან სხვა სასულიერო პირი. არის მხოლოდ ერთი მქადაგებელი, ჩაცმული ჩვეულებრივ სამოქალაქო ტანსაცმელში. დიაკონი ლოცვას კითხულობს და მრევლი ხმამაღლა იმეორებს.

1949 წლის 30 ივლისს ანტონ ბაინდურაშვილმა ტბა ზალცაბზე მაშინდელი ავსტრიის ორმოცდაათიანული ეკლესიის ხუცესის, რაიდლისგან წყლით ნათლობა მიიღო და ამის შემდეგ, აქტიურად ჩაება საეკლესიო ცხოვრებაში.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, მისი ღირსებებიდან გამომდინარე ეკლესიმ ანტონი დიაკვნად აკურთხა. როგორც მისი ავსტრიელი თანამორწმუნეები იხსენებდნენ, ანტონი მთლიანად ღვთისადმი მიძღვნილი მსახური და კარგი მლოცველი გახლდათ. მრევლი მას „ბრუდერ ანტონს“ ეძახდა.

ეკლესიის რეკომენდაციით ანტონი დასაქმებული იყო სამშენებლო კომპანიაში და ვინაიდან ის კარგი ხურო და კალატოზი გახლდათ, მშენებლობაზე ერთ-ერთი ხელმძღვანელი ადგილი ეკავა.

გარდა სადიაკვნო სამსახურისა, ანტონი ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას. ის აგროვებდა ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, საველე საბნებს, ზეწრებს, მედიკამენტებს და ზურგზე ხურჯინმოკიდებულს დაჰქონდა ტვირთი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც უსასყიდლოდ ურიგებდა ღარიბ-ღატაკთ და ქვრივ-ობლებს.

ანტონ ბაინდურაშვილი სამუდამოდ დარჩა ზალცბურგში საცხოვრებლად ერთი უბრალო მიზეზის გამო, თურმე ამ ქალაქის მთები და ბუნება ძალიან აგონებდა სამშობლოს.

ანტონი ოცნებობდა საქართველოში  დაბრუნებაზე. უცხოელთათვის მისი გვარი ენის გასატეხი იყო, მაგრამ გვარის შეცვლაზე ერთხელაც არ უფიქრია. ოჯახისგან განშორებას მწვავედ განიცდიდა, მაგრამ ყოფილ სამხედრო ტყვეს და გერმანიაში ქართული ბატალიონის მებრძოლს კარგად ესმოდა, რომ მისთვის სამშობლოსკენ მიმავალი გზები დახშული იყო.

1950-იანების ბოლოს შესაძლებელი გახდა სამშობლოსთან დაკავშირება. პირველი წერილი რამდენიმე სურათთან ერთად ანტონმა საქართველოში 1959 წელს გამოაგზავნა. აქედან მოყოლებული ოჯახს ხშირად წერდა, ამანათებსაც აგზავნიდა. 1976 წელს შვილებს საშობაო მოწვევა გაუგზავნა და ჯუმბერი და ლუიზა მამას ერთი თვით ეწვივნენ ზალცბურგში. განშორება მძიმე იყო. ამის შემდეგ მხოლოდ წერილობითი კავშირი ჰქონდათ.

ანტონის ერთ-ერთი მთავარი მსახურება ხალხში ღმერთის სიტყვის გავრცელება იყო. იგი საეკლესიო საქმეებზე ხშირად მოგზაურობდა აშშ-ში და სკანდინავიის ქვეყნებში - მიჰქონდა წიგნები, იღებდა მათ ფოტოპირებს და ავრცელებდა მორწმუნებთა შორის.

ბიბლიის შესწავლა ანტონის სანუკვარ ოცნებას წარმოადგენდა, მაგრამ მისთვის მისაწვდომი მხოლოდ რუსულ ან გერმანულ ენაზე გამოცემული ბიბლია იყო. 1970 წელს გამოგზავნილ წერილში იგი ოჯახს ქართული სახარების გაგზავნას სთხოვს. ეს მას იმისთვის სჭირდებოდა, რომ აპირებდა ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულ ენაზე თარგმნას, რადგან მისი აზრით საეკლესიო ენა მკითხველისთვის ძნელად გასაგები იყო.  

1971-1973 წლებში ანტონმა ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა სტოკჰოლმში, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტის ერთ-ერთ თავკაცთან, პოლიგლოტ ბორის არაპოვიჩთან.  იგი დაინტერესებული იყო ბიბლიის თარგმნით მაშინდელი საბჭოთა კავშირის მცირე ენებზე. ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა 80-ზე მეტ ენაზე შეასრულა ბიბლიის თარგმანი, მათ შორის ქართულზეც.

ბორის არაპოვიჩი და ანტონ ბაინდურაშვილი იერუსალიმში ერთად შრომობდნენ ბიბლიის ქართულად გადმოთარგმნაზე. ანტონს პირადად ს არ უთარგმნია ქართული ბიბლია. სალიტერატურო ქართულის მისეული ცოდნა და განათლება საკმარისი არ იყო ამგვარი სამუშაოს შესასრულებლად. მან ეს იცოდა და არასოდეს მოუთხოვია მისთვის მიენდოთ თარგმნა. იგი ეხმარებოდა მთარგმნელებს შემოწმებაში და ისიც გარკვეულ დრომდე. უფლისადმი მლოცველი ანტონის იქ ყოფნა  წარმოადგენდა მამოძრავებელ ძალას სამუშაოს დასაჩქარებლად.

თარგმნის საქმის წინსვლისთვის ანტონმა ბინა იქირავა ნევე იააკოვში, იერუსალიმის გარეუბანში და იქ დასახლდა, რათა ყოფილიყო უშუალოდ თარგმანის შესრულების ადგილზე

ახალი აღთქმის თანამედროვე ქართულზე თარგმნა ითავა გერშონ წიწუაშვილმა, რომელიც არცთუ დიდი ხნის ემიგრირებული იყო საქართველოდან. ტექსტის შემოწმება-კორექტირებაში მონაწილეობდნენ სხვა ქართველი ებრაელებიც.

1979 წლის ნოემბერში ბოლო შესწორებული გვერდები აეწყო იერუსალიმში მდებარე საუნივერსიტეტო სტამბაში, რომლის ლინოტრონის ასოთამწყობ დაზგაში წარმატებით ჩაიტვირთა ქართული ალფაბეტი.

შემდგომში იერუსალიმში ითარგმნა ძველი აღთქმა და ფსალმუნებიც. ანტონი ამჯერად ხაიფას მახლობლად დასახლდა და ყოველდღიურად მუშაობდა ძველი აღთქმის წიგნების კორექტირებაზე. ბორის არაპოვიჩის თქმით, ანტონმა გაცილებით მეტი გააკეთა თავისი მხარდაჭერით, ლოცვებით, გამხნევებით, წაბიძგებით… ვიდრე ტექსტებზე მუშაობით.

ანტონ ბაინდურაშვილი გარდაიცვალა 1985 წლის თებერვალში, ზალცბურგში. იქვე დაკრძალეს.

1989-1990 წლებში ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტმა 200-იანი ტირაჟით გამოსცა

ისრაელში ნათარგმნი ბიბლია.

წყარო:

ხონელიძე ლელა. ანტონ ბაინდურაშვილი. - თბილისი, 2006

კუჭუხიძე ილია. ანტონ ბაინდურაშვილი // სამშობლო. თბილისი. 1993. 12 იანვარი N1. გვ.5


გააზიარე: