The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


ეთერ ბოჭორიშვილი

ეთერ ბოჭორიშვილი
დაბადების თარიღი:1956  (70 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

ეთერ ბოჭორიშვილი თელავში დაიბადა და 13 წლამდე იქ ცხოვრობდა. ოჯახში მუსიკოსი არავინ ჰყავდა, მამა მძღოლი გახლდათ, დედა კი – მკერავი. თუმცა,  ოჯახის ყველა წევრი თუ ნათესავი, კარგად მღეროდა. მამას ძალიან უყვარდა ოპერა, ფირფიტები ჰქონდა და მთელი რეპერტუარი ზეპირად იცოდა.

მუსიკალური ნიჭი ეთერს  პირველად მამიდამ შეამჩნია და ამის შემდეგ სულ სიმღერებს ასმენინებდა. 2 წლის იყო, როცა საბავშვო სიმღერებს სათამაშო როიალზე აწყობდა, მაგრამ, როცა შავი კლავიში დასჭირდა და აკორდი ვერ აიღო, მამამ მეორე დღესვე უყიდა პიანინო.

თელავში დაამთავრა მუსიკალური სკოლა, შემდეგ კი ტექნიკური მუსიკალური ათწლედი და ჩააბარა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში – საფორტეპიანო ფაკულტეტზე.

კონსერვატორია 1980 წელს დაამთავრა. იმავე წელს დაოჯახდა და ორი შვილი შეეძინა.

მესამე ბავშვზე რთული მშობიარობა ჰქონდა, ბავშვი დაიღუპა, თვითონ კი ძლივს გადაარჩინეს. მშობიარობის დროს კლინიკური სიკვდილი განიცადა და სიტუაციიდან გამოსულმა აღმოაჩინა, რომ კომპოზიტორობის ნიჭი აქვს. მაშინ 33 წლის იყო. ამის შემდეგ დაიწყო სიმღერების წერა.

1990-იან წლებში სამოქალაქო ომის გამო, აბსოლუტურად ყველაფერი გაჩერებული იყო, თან გადატრიალება მოხდა და სიდუხჭირემ და გაჭირვებამ ოჯახი აიძულა ემიგრაციაში წასულიყო.

თავდაპირველად რუსეთში წავიდნენ. უცხო ქვეყანაში დამკვიდრება ძნელი აღმოჩნდა. მეუღლის ავადმყოფობის გამო ეთერი რამდენიმე ადგილას მუშაობდა - ასწავლიდა მუსიკალურ სკოლაში, კონცერტმეისტერიც იყო, ორკესტრთანაც უკრავდა, საესტრადო სასწავლებელში ვოკალისტებთან მუშაობდა, ქორეოგრაფიული სტუდიისთვის მუსიკას წერდა… თავს არ ზოგავდა , მაგრამ ანაზღაურება ძალიან დაბალი იყო.

2010 წელს, 54 წლის ასაკში, ეთერ ბოჭორიშვილი საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. მას მერე კორდობაში ცხოვრობს. თავიდან მოხუცებს უვლიდა და პარალელურად, ენას სწავლობდა. შემდეგ კურსელებმა საქართველოდან საბუთები გაუგზავნეს და

მადრიდმა მისი დიპლომი აღიარა.

დიპლომის აღიარების შემდეგ ეთერმა იყიდა ელექტროპიანინო და დაიწყო მუსიკის შექმნა, კორდობაში გამართა სოლო კონცერტი, დაუკრა ფესტივალზე, ჰქონდა კონცერტი ჯაზ კაფეში. ამას სხვა კონცერტებიც მოჰყვა. ძირითადად, ქართულ მუსიკას უკრავდა. თანდათან ესპანურიც ისწავლა და ესპანურ სიმღერების შესრულებაც დაიწყო.

დღეს წმიდა მარინას ეკლესიაში ორღანზე უკრავს და გუნდს ხელმძღვანელობს. ასევე, ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას და მოსწავლეებიც ჰყავს.

ეთერ ბოჭორიშვილი ქუჩაშიც უკრავს. ყოველწლიურად იხდის თანხას, გააქვს თავისი პატარა პიანინო და სიმღერებს ასრულებს. მას, როგორც მუსიკოსს, სჭირდება ხალხთან კონტაქტი ჰქონდეს და ეს ამისთვის ერთ-ერთი გზაა.

ერთ დღეს, როდესაც ქუჩაში უკრავდა, მასთან ორი მამაკაცი მივიდა. მათ უთხრეს, რომ  დიდი კონკურსი იმართებოდა და შესთავაზეს, მონაწილეობა მიეღო. ეთერმა თავიდან უარი უთხრა, ასაკოვანი ვარ და რა დროს ჩემი კონკურსიაო, მაგრამ, ტელეფონის ნომერი მაინც მისცა. ტელევიზიიდან იმ საღამოსვე დაურეკეს და აუწყეს, რომ ანდალუსიიდან კონკურსში მონაწილეობის მისაღებად პიანისტად ის აირჩიეს.

საერთაშორისო პიანისტთა კონკურსი *Fremantle* განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელი გამოდგა 68 წლის ქართველი ქალბატონის, ეთერი ბოჭორიშვილის, ემოციური მონაწილეობის გამო. მისი შესრულება ესპანურ პროგრამაში ,,El Piano”, უბრალო მუსიკალურ წარმოდგენაზე მეტი იყო, ეს იყო მისი სულის გამოხატულება და ღრმა კვალი დატოვა მაყურებელზე.

ეთერის მიერ ,,El Piano”-ზე შესრულებული საუნდტრეკი ქართული ფილმიდან "გარიგება", ღრმად შეეხო როგორც აუდიტორიას, ისე ჟიურის წევრებს. მისი პერფორმანსი სავსე იყო ვნებითა და ემოციებით. ესპანური არხის ,,La Sexta”-ს წამყვანი რუთ ლორენცო ცრემლებს ვერ მალავდა.

პროგრამისა და ესპანური არხის ,,La Sexta”-ს მხარდაჭერა გადამწყვეტი იყო არა მხოლოდ ეთერის ნიჭის წარმოსაჩენად, არამედ მისი გამძლეობისა და ბრძოლის უნარის, ტრაგედიებით სავსე ისტორიების გასაზიარებლად.

მუსიკოსის მონაწილეობამ ამ საერთაშორისო კონკურსში ხაზი გაუსვა ხელოვნების უნარს, იყოს საკურნებელი საშუალება და გადოს ხიდები სხვადასხვა კულტურებს შორის.

წყარო:

https://www.facebook.com/watch/?v=556822613884359


გააზიარე: