| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ვიაჩესლავ მიქელაძე![]()
Biographyსამხედრო მოღვაწე, თავადი ვიაჩესლავ არტემის ძე მიქელაძე დაიბადა 1875 წლის 8 მარტს ქ. თბილისში, დიდგვაროვან ოჯახში. განათლება მიიღო ტფილისის კადეტთა კორპუსში. 1892 წელს შევიდა სამხედრო სამსახურში; შემდეგ დაამთავრა მიხეილის საარტილერიო სკოლა, საიდანაც განაწილებით გაგზავნეს საველე ქვეით არტილერიაში, ლაიბ- გვარდიის მე-3 საარტილერიო ბრიგადაში; სამხედრო კარიერა: პოდპორუჩიკი (1895); პორუჩიკი (1899); შტაბს-კაპიტანი 1901 წლის 23 მაისიდან; 1901 წლის 22 სექტემბრიდან მსახურობდა მთავარ საარტილერიო სამმართველოში; 1902 წლის 7 ივლისს გადაიყვანეს პირველ საარტილერიო ბრიგადაში და დაინიშნა მიხეილის საარტილერიო სკოლის უმცროს ოფიცრად; 1905 წლის 23 მაისიდან გვარდიის კაპიტანი; 1908 წლის 1 სექტემბერს ვ. მიქელაძე გადაიყვანეს მასწავლებლად პაჟთა კორპუსში; 1909 წლის იანვრისთვის ჰქონდა პოდპოლკოვნიკის წოდება; 1909 წლის 9 სექტემბრიდან 1912 წლის 23 მაისამდე იყო მიხეილის საარტილერიო სკოლის პირველი ბატარეის მეთაური; 1910 წლის 6 დეკემბრიდან ატარებდა პოლკოვნიკის წოდებას; გარკვეული პერიოდის განმავლობაში გახლდათ „სამხედრო ენციკლოპედიის“ თანამშრომელი; ვიაჩესლავ მიქელაძემ უდიდესი წვლილი შეიტანა საბჭოთა არტილერიის განვითარებაში; გამორჩეული კვლევითი სამუშაოებისთვის საარტილერიო ცეცხლის გახსნაში 1908 წელს მიენიჭა მიხეილის საპატიო სამეცნიერო პრემია; 1912 წელს აირჩიეს არტილერიის მთავარი სამმართველოს საარტილერიო კომიტეტის წევრად; მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, ხელმძღვანელობდა მნიშვნელოვან საბრძოლო ოპერაციას ავსტრო-უნგრეთის ფრონტის ცნობილ ბრუსილოვის გარღვევაში; წარმატებული საბრძოლო მოქმედებებისთვის მიენიჭა რუსეთის საიმპერატორო არმიის გენერალ-მაიორის წოდება (1916 წლის ივლისიდან) და დაჯილდოვდა წმინდა გიორგის ოქროს იარაღით; იყო საარტილერიო დივიზიის მეთაური და მე-2 შაშხანიანი საარტილერიო ბრიგადის მეთაური (1916 წლის 8 თებერვლიდან); 1917 წლის 30 აპრილიდან ეკავა მე-40 არმიის კორპუსის არტილერიის ინსპექტორის თანამდებობა; ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, თავის დივიზიასთან ერთად გადავიდა საბჭოთა ხელისუფლების მხარეს; 1918 წლიდან იკავებდა საპასუხისმგებლო პოსტებს წითელ არმიაში: იანვრის თვიდან იყო წითელი არმიის უმაღლესი სარდლობის რიგებში; მუშაობდა საარტილერიო სამმართველოში, საარტილერიო კომიტეტში, ასწავლიდა არაერთ სამხედრო სასწავლებელში; 1921 წლიდან ვ. მიქელაძე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა წითელი არმიის საარტილერიო აკადემიაში; ამავდროულად, 1925 წლიდან, სამეცნიერო-კვლევით მუშაობას აწარმოებდა საგანგებო საარტილერიო ექსპერიმენტების კომისიაში; 1932 წელს, ამხანაგ სერგო ორჯონიკიძის თხოვნით, დაინიშნა ლენინგრადის სამხედრო მექანიკური ინსტიტუტის დირექტორის მოადგილედ და კათედრის უფროსად, სადაც მუშაობდა გარდაცვალებამდე, 1951 წლამდე; 1934 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი; დიდი სამამულო ომის დროს მუშაობდა ლენინგრადის სახალხო მილიციის არმიის შტაბ-ბინაში; ვიაჩესლავ მიქელაძე არის ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი სამხედრო საკითხებზე (სახელმძღვანელოები, სამეცნიერო კვლევები). მისი პირადი ფონდი ინახება არტილერიის, საინჟინრო და კავშირგაბმულობის ჯარების სამხედრო ისტორიის მუზეუმის არქივში; მრავალმხრივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, რომელმაც ხელი შეუწყო საბჭოთა არტილერიის წამყვანი კადრების, სამხედრო ლიდერებისა და გამოჩენილი მეცნიერების აღზრდა-განათლებას, ასევე, ბრძოლებში გამოჩენილი სიმამაცისთვის, ვ. ა. მიქელაძეს მიენიჭა სამთავრობო ორდენები: წმინდა სტანისლავის მე-2 ხარისხის (1908); წმინდა ანას მე-2 ხარისხის (1911); წმინდა ვლადიმირის მე-4 ხარისხის (1914); წმინდა ვლადიმირის მე-3 ხარისხის (1915); შრომის წითელი დროშის ორდენი (1945 წლის 12 ივლისი) და სხვა ჯილდოები; ფაქტობრივად, არტილერისტთა ყველა სამეთაურო კადრი, რომლებიც 1924-1932 წლებში სწავლობდა წითელი არმიის არტილერიის აკადემიაში, ასევე, არტილერიის მეთაურები, რომლებიც გაწვრთნილნი იყვნენ არტილერიის სამეთაურო შტაბის დახვეწის კურსებზე და სხვა სამხედრო სასწავლებლებში, გახლდნენ ვიაჩესლავ მიქელაძის სტუდენტები; 1940-1950 წლებში არტილერიის ინდუსტრიის ხელმძღვანელების უმეტესობაც მასთან ეუფლებოდა პროფესიას ლენინგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სპეციალური მრეწველობის ინსტიტუტში, ლენინგრადის სამხედრო მექანიკურ ინსტიტუტში, ტექნოლოგიურ ინსტიტუტში და ა.შ.; ვიაჩესლავ მიქელაძის ასზე მეტ სტუდენტს მიენიჭა ლენინისა და სსრკ სახელმწიფო პრემიები საპროექტო სამუშაოებისთვის, სამრეწველო საწარმოების მართვისა და სამეცნიერო ნაშრომებისთვის. 1951 წელს ღვაწლმოსილი გენერალი წარდგენილ იქნა რსფსრ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დამსახურებული მოღვაწის წოდებაზე. ვიაჩესლავ მიქელაძე დაქორწინებული იყო ნატალია პავლეს ასულ ალექსეევაზე (1880-1964), გენერალ პ. ა. ალექსეევის ქალიშვილზე. ჰყავდათ ორი ვაჟი - პავლე (1903 - 1963 წლის შემდეგ) და ვიაჩესლავი (1909-1980). ვიაჩესლავ არტემის ძე მიქელაძე გარდაიცვალა 1951 წლის 27 აგვისტოს, ლენინგრადში. დაკრძალულია პეტერბურგის სერაფიმოვის სასაფლაოზე. წყარო: https://ru.wikipedia.org/wiki/Микеладзе,_Вячеслав_Артемьевич
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

