The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


დავით ზუბალაშვილი

დავით ზუბალაშვილი
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1950  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ვაკის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მეწარმე

ბიოგრაფია

კომერსანტი დავით ზუბალაშვილი დაიბადა 1873 წელს, ქ. გორში,  ცნობილი მეურნისა და ვაჭრის ანტონ დავითის ძე ზუბალაშვილი ოჯახში.

ანტონ ზუბალაშვილი, ძირითადად, სოფლის მეურნეობის პროდუქტებით ეწეოდა ვაჭრობას. მან მალე მოიპოვა მთელ ქართლში გონიერი და გამჭრიახი მეურნის სახელი. ის იყო ერთ-ერთი პირველი საქართველოში, ვინც დაიწყო სოფლის მეურნეობის გადაყვანა კაპიტალისტურ რელსებზე.

ანტონმა ცოლად შეირთო საქართველოში კარგად ცნობილი თავადის ალექსანდრე ჩიქოვანის ასული ეკატერინე. მათ სამი ვაჟი ეყოლათ: ალექსანდრე, დავითი და პავლე.

მშობლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ შვილების აღზრდა-განათლებას.

დავით ზუბალაშვილმა დაამთავრა გორის სემინარია, შემდეგ  უმაღლესი კომერციული სასწავლებელი. განათლებული, ნიჭიერი ფინანსისტი მალე იქცა ალღოიან, გონიერ კომერსანტად, ცნობილ პიროვნებად სამრეწველო კომპანიებში. გარდა ამისა, იგი გამოირჩეოდა კეთილშობილებითა და ქველმოქმედებით, საქვეყნო ინტერესებზე ზრუნვითა და თანადგომით.

დავითმა ადრეულ ასაკში დაიწყო კომერციული საქმიანობა. მან სტეფანე კონსტანტინეს ძე ზუბალაშვილის მიწვევით დაიწყო მუშაობა ბაქოს ნავთობსარეწების კანტორაში და მას შემდეგ   მონაწილეობდა ბაქოს ნავთობის ბიზნესში, ხელმძღვანელობდა ზუბალაშვილების ნავთობკომპანიის ქიმიურ ლაბორატორიას, ფაქტობრივად იყო ნავთობის საბადოების საქმეთა მმართველი, წარმატებული ადმინისტრატორი.

მართალია, დავით ზუბალაშვილი ძირითადად ბაქოში ცხოვრობდა (ოჯახი კი  თბილისში), მაგრამ ის ყოველთვის იყო დაკავშირებული ქართულ სინამდვილესთან, ახლოს იცნობდა ქართველ ინტელიგენციას, საზოგადო მოღვაწეებს, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებს. იგი იყო ილია ჭავჭავაძის ერთგული მეგობარი და თანამოაზრე, ილიას მიერ დაარსებული სათავადაზნაურო ბანკის გამგეობის წევრი.

1903 წელს დავითმა ბაქოს ნავთობსარეწების დასათვალიერებლად მიიწვია ილია ზურაბიშვილი. სტუმარი ყურადღებით გაეცნო ზუბალაშვილთა კომპანიის საქმიანობას და თავისი დიდი კმაყოფილება, საოცარი შთაბეჭდილება ქართველობასაც გაუზიარა "ივერიის" რამდენიმე ნომერში დაბეჭდილი სტატიებით.

დავით ანტონის ძე ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ გაწეულ საქველმოქმედო ღონისძიებებში ყოველთვის იდგა ძმები ზუბალაშვილების გვერდით. თითქმის არ ყოფილა ფართო მასშტაბისა თუ კერძო ხასიათის რაიმე წამოწყება, რომ მას ფინანსურად არ მიეღოს მონაწილეობა (თბილისის საადგილმამულო ბანკის, უპოვართა სახლის, სასადილო "სამადლოს" დაარსება და შემდგომ მათზე მუდმივი შემწეობა-დახმარება, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებასა და ჟურნალ-გაზეთების რედაქციებზე მზრუნველობა და ა. შ.).

დავით ზუბალაშვილი სახელოვნად აგრძელებდა მამა-პაპათა საქმიანობას ეკლესიების მზრუნველობის ასპექტითაც. ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ სოლოლაკის კათოლიკეთა სასაფლაოზე მდგარი ჯვართამაღლების პატარა ეკლესიის ფაქტობრივი პატრონი და მფარველი 1900-იანი წლებიდან მის დახურვამდე დავით ანტონის ძე ყოფილა. გარდა ამისა, იგი ითვლებოდა მიძინების ტაძრის სინოდის წევრად და აქტიურად მონაწილეობდა მის მუშაობაში.

დავითის მეუღლე იყო ანა თუმანიშვილი, პროფესიით ექიმი, ცნობილი ქართველი კათოლიკე თავადის შთამომავალი. ჰყავდათ ორი შვილი: ანტონი და ანასტასია.

ბაქოში ზუბალაშვილებმა მხოლოდ ერთი შენობა ააგეს ნიკოლაევსკის (ახლანდელი ალიევის) ქუჩაზე. პირველ სართულზე განთავსებული იყო კომპანიის კანტორა (ბუღალტერია, კანცელარია), ქიმიური ლაბორატორია (სადაც მუშაობდნენ გეოლოგები და ქიმიკოსები), სამედიცინო კაბინეტი და მუშათა სოციალური მომსახურების განყოფილება. მეორე სართულზე თვითონ ზუბალაშვილები ცხოვრობდნენ. ზუბალაშვილების ქონებიდან ბაქოში აშენებული სახლი ერთადერთია, რომელიც მათ საქართველოსათვის არ აუშენებიათ. ნავთობის საბადოებიდან შემოსული თანხებითაც ისინი საქართველოს ეხმარებოდნენ. უცნაურია, მაგრამ ისტორიის კანონზომიერებით, ეს შენობაც საქართველოს საკუთრებად იქცა. როცა ბაქოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა, ზუბალაშვილებს, როგორც "ხალხის მტრებს", ყვლაფერი ჩამოართვეს, მათ შორის, კომპანიის შენობაც, რომელიც მოგვიანებით ჰეიდარ ალიევმა დაუბრუნა ქართველ ხალხს საჩუქრის სახით. დღეს ამ შენობაში საქართველოს საელჩოა (გაზ. "ახალი თაობა", 2004, 20 დეკ.),

დავით ზუბალაშვილი ბაქოში მუშაობდა 1920 წლამდე (საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე). შემდეგ თბილისში დაბრუნდა, მაგრამ მალე, 1921 წლის 25 თებერვალს, ბოლშევიკებმა თბილისიც დაიკავეს და დაიწყეს მდიდრების (ვაჭარ-მრეწველების, კომერსანტების) მთლიანი ქონების "ნაციონალიზაცია", მათ რიცხვში მოხვდა დავითის ოჯახიც: ყოფილ მილიონერს ჩამოართვეს მთელი ქონება და მთავრობისათვის საშიშ პიროვნებადაც ჩათვალეს.

დავით ანტონის ძე საბჭოთა ხელისუფლებამ დაინდო და იგი დაპატიმრებას გადაურჩა, აღნიშნულ ფაქტს ანასტასია ზუბალაშვილი (1915-2007) იმით ხსნიდა, რომ  ჯერ ერთი, დავითი მთელს თბილისში აღიარებული იყო, როგორც საუკეთესო ფინანსისტი, თავისი საქმის ჩინებული მცოდნე, რომელიც ახალ ხელისუფლებასაც უთუოდ დასჭირდებოდა და, მეორეც, შესაძლებელია,  ამ ამბავში სტალინის ხელიც ერია. გორში ისინი მეზობლები იყვნენ და ერთად იზრდებოდნენ. ანტონის სახლი, მშვენიერი ორსართულიანი შენობა, მდებარეობდა სემინარიის (დღევანდელი სტალინის) ქუჩაზე, ჯუღაშვილების სახლის პირდაპირ (დღეს ამ ადგილზე განთავსებულია კინოთეატრის შენობა და სკვერი).

დავით ზუბალაშვილს ქალაქის ხელმძღვანელობამ მალე შესთავაზა სამსახური, მას  ჩააბარეს თბილისის კომუნალური ბანკის განყოფილება (იპოთეკურ ქონებას განაგებდა). ამ თანამდებობაზე იგი მუშაობდა წლების მანძილზე, პენსიაზე გასვლამდე.

დავით ანტონის ძე ზუბალაშვილი გარდაიცვალა 1950 წელს. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე.

წყარო:

ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან.- თბილისი, 2011.- გვ.177-180 (dspace.nplg.gov.ge)


გააზიარე: