The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველები უცხოეთში
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

უცხოეთში მოღვაწე ქართველების (მეფეები, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები, მწერლები, ხელოვნების მუშაკები, მეცნიერები, სასულიერო პირები, სამეფო და თავადაზნაურთა ოჯახების წარმომადგენლები, ქველმოქმედები) მოღვაწეობა და ბიოგრაფიები.


იოსებ ზუბალაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:18??
კატეგორია:პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

საზოგადო მოღვაწის, პედაგოგის იოსებ გიორგის ძე ზუბალაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ მწირი ცნობებია შემონახული. ეს ალბათ იმის გამო მოხდა, რომ იგი ახალგაზრდობაშივე წასულა ევროპაში, იქვე დაოჯახებულა და სამუდამო საცხოვრებლადაც უცხოეთი აურჩევია.

იოსების მამა გახლდათ გიორგი ივანეს ძე ზუბალაშვილი (1783-1864), დედა - ანნა ნიკოლოზის ასული ჩოლოყაშვილი. მას 4 ძმა ჰყავდა: სიმონი (1805-1870), ალექსანდრე, ნიკოლოზი (1820-1898) და ივანე.  

იოსებ ზუბალაშვილი პერიოდულად ჩამოდიოდა სამშობლოში ნათესავების მოსანახულებლად. საქართველოში ყოფნისას იგი პედაგოგად მუშაობდა აბოვიანის პანსიონში. დედაქალაქის საზოგადოება ჯეროვნად აფასებდა მის საქმიანობას, ღრმადგანათლებულობასა და ევროპული ენების ცოდნას. ზაქარია ჭიჭინაძის ცნობით, თანამედროვენი იოსებს ახასიათებდნენ, როგორც უაღრესად განათლებულ, კეთილშობილ და პატიოსნებით აღსავსე ქართველს. 

იოსებ ზუბალაშვილმა, "ცისკრის" რედაქტორის, ივანე კერესელიძის თხოვნით, 1859 წელს დიმიტრი ყიფიანის მიერ ფრანგულიდან პროზაულად ნათარგმნი შექსპირის "რომეო და ჯულიეტას" შესახებ ვრცელი კომენტარი გააკეთა.

მაშინ ქართველი მკითხველი ნაკლებად იყო ინფორმირებული ამ ტრაგედიაში მოთხრობილი ამბის შესახებ, იოსებ ზუბალაშვილს კი შესწავლილი ჰქონდა რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის ისტორია და ქ. ვერონაშიც ნამყოფი იყო. თავის კომენტარში მან აღწერა ვერონის მდრბარება, ბუნებრივი პირობები, საინტერესოდ მოგვითხრო რომეოსა და ჯულიეტას ოჯახების დაპირისპირებისა და ბოლოს, შეყვარებულთა სიკვდილის შესახებ. ეს ყველაფერი ვერონაში გუშინდელივით ახსოვს ხალხსო, - ნათქვამია კომენტარის დასასრულს. 

მკვლევართა აზრით, ზუბალაშვილისეულ ამ მიმოხილვას, რომელიც ჟურნალ "ცისკრის" იმავე წლის №6 ნომერში დაიბეჭდა, გარკვეული მნიშვნელობა აქვს ქართული შექსპიროლოგიისათვის, კონკრეტულად კი იოსებ ზუბალაშვილი შეიძლება ჩაითვალოს შექსპირის პირველ ქართველ კომენტატორად (ვ. სიდამონიძე). 

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრთა საქვითარო წიგნაკში (1885-1887) აღნიშნულია, რომ იოსებ ზუბალაშვილი 1879 წლიდან იყო ქშწკგ საზოგადოების ნამდვილი წევრი და  საზოგადოებაში შესვლისას ერთიანად გადაიხადა საწევრო ფული 100 მანეთი, 1987 წლის ანგარიში მიხედვით კი ერთბაშად ჰქონდა გადახდილი 300 მანეთი..
იოსებ ზუბალაშვილი გარდაიცვალა ვენაში.

წყარო:

ფეიქრიშვილი ჟუჟუნა. ზუბალაშვილები ეროვნული მრეწველობისა და მეცენატობის სათავეებთან / ჟუჟუნა ფეიქრიშვილი.- თბილისი, 2011.- გვ.63-64 (dspace.nplg.gov.ge)

https://prosopography.iliauni.edu.ge/persons/6743-ioseb-giorgis-dze-zubalashvili


გააზიარე: